ნატალია ჯვარიძე
07.02.2026

აშშ-ის ჰელსინკის კომისია 11 თებერვალს ბრიფინგს გამართავს, თემაზე - „ქართული ოცნების" მიერ განსხვავებული აზრის მზარდი ჩახშობა". ამის შესახებ ინფორმაციას თავად ჰელსინკის კომისია ავრცელებს. ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ „ქართულ ოცნებას" მკაცრად გააკრიტიკებენ.

„2024 წლის ოქტომბრიდან „ქართულმა ოცნებამ", საქართველოს მმართველმა პარტიამ, ქვეყანა დამოუკიდებლობის შემდეგ ადამიანი უფლებების ყველაზე მძიმე კრიზისში გადაუშვა. მათ 20-ზე მეტი ახალი კანონი მიიღეს, რომლებიც სახელმწიფოს ძალაუფლებას აფართოებენ განსხვავებული აზრის ჩასახშობად და სასამართლოსთვის დამოუკიდებლობის წასართმევად.

რეპრესიებმა თანაბრად მოიცვა სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპოზიცია. ხელისუფლებამ ორგანიზაციების საბანკო ანგარიშები გაყინა, რომლებიც იურიდიულ დახმარებას უწევენ დემონსტრანტებს, დაპატიმრებულ ჟურნალისტებს, და ოპოზიციური ფიგურები დაიბარა ყალბ სასამართლო პროცესებზე და პატიმრობა მიუსაჯა მათი ძალაუფლების არაღიარებისთვის. მშვიდობიან პროტესტს ახლა შედეგად მოჰყვება დიდი ჯარიმები და ხანგრძლივი პატიმრობები.

ბრიფინგი შეისწავლის ადამიანის უფლებების მხრივ ვითარების გაუარესებას, „ქართული ოცნების" განსხვავებული აზრის დასასჯელად და დემორალიზებისთვის ტაქტიკებს, და წინ მიმავალ გზას საქართველოსთვის", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჰელსინკის კომისიაში საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ბრიფინგი 28 იანვარს იყო დაგეგმილი, თუმცა ამინდის პირობების გამო გადაიდო.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ვარაუდობს, რომ ბრიფინგზე „ქართულ ოცნებას" მკაცრად გააკრიტიკებენ.

„მოლოდინი მაქვს, რომ მკაცრი განხილვა იქნება და „ქართული ოცნება" გამართლებული არაფერში იქნება. სავარაუდოდ, ძალიან მკაცრ ანგარიშს მიიღებებ. ეს იქნება კიდევ ერთხელ იმის მტკიცება, რომ ამერიკა არ აპირებს თვალი დახუჭოს „ოცნების" მიერ განხორციელებულ ანტიდემოკრატიულ რეფორმებზე.

თუ ხელისუფლება არ შეიცვალა, ან ამას ყურადღებას არ მიაქცევს და დასავლური ინსტიტუტების კრიტიკას განაგრძობს, ის სიტუაცია იქნება, რაც დღესაა. შესაძლოა შედეგი იყოს ინვენსტიციების შემცირება, საქართველოს მიმართ ნაკლები ყურადღება და ა.შ",- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე კი ამბობს:

„გამჟავნდა, რომ ჰელსიკნის კომისია კი არ არის, არამედ „დიფ სთეითის" და რასაც უბრძანებენ, იმას აკეთებს. პირდაპირ დაადანაშაულეს, რომ ვიღაცების რუპორები არიან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს არის ქარიშხალი ჭიქაში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×