
ბათუმში, ბონის დასახლებაში არსებულ ბაზართან 16 წლის ბიჭი ალექსანდრე მამალაძე დაიღუპა. ტრაგედია 6 თებერვალს, საღამოს საათებში მეგობრების თვალწინ დატრიალდა. არსებული ინფორმაციით, ბიჭი ხიდზე თანატოლებთან ერთად იმყოფებოდა და ფოტოებს იღებდა, როდესაც ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა და სავარაუდოდ, მაღალი ძაბვის შედეგად დაიღუპა. პირველადი ინფორმაციით, მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მაღალი ძაბვის დენთან შეხებაა.
გარდაცვლილი ალექსანდრე მამალაძე ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო. გლოვობენ ახალგაზრდას სკოლაში, სამეზობლოში და ყველა განიცდის მომხდარს.
“ეს მძიმე ამბავი ჩვენთვის გუშინ საღამოს გახდა ცნობილი. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, მაგრამ რაც ვიცით, ის არის, რომ ალექსანდრე მამალაძე გუშინ საღამოს მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა რკინიგზის ტერიტორიაზე, გადასასვლელი სადაც არის, იმ ტერიტორიაზე და ბავშვები ფოტოებს იღებდნენ. ამ უბედური შემთხვევის მიზეზი, როგორც ამბობენ, მაღალი ძაბვის ელექტროენერგიასთან კონტაქტია, რასაც მოყვა ფატალური შედეგი. ამ წუთას მიმდინარეობს შესაბამისი უწყებების მიერ შემთხვევის ადგილის ოფიციალური შესწავლა, ამიტომ ზუსტ დეტალებს ალბათ უწყება გაავრცელებს. ასეთი მძიმე ტრაგედია მოხდა და ვფიქრობ, ჯობია, შეფასებების გაკეთებისას სიფრთხილე გამოვიჩინოთ, დაველოდოთ გამოძიებას და სამძიმარი ვუთხრათ ბავშვის ოჯახს. არ მინდა გავრცელდეს რაღაც დაუზუსტებელი ინფორმაცია.
მეგობრები ერთად იყვნენ ასული იქ, იმასაც ვერ ამბობენ თვითმხილველი ბავშვები, ბავშვი გადახტა თვითონ ვაგონებზე, თუ გადავარდა, რადგან ცოტა სიბნელე იყო და თვითონაც ფოტოებს იღებდნენ. ეს ვარაუდებია, მე არ მაქვს კომპეტენცია რომ დაზუსტებით მოგაწოდოთ ინფორმაცია. ხიდის ქვეშ სატვირთო მატარებლის ვაგონზე დაეცა, იქ იყო მაღალი ძაბვა სავარაუდოდ და დასრულდა ამ უმძიმესი ტრაგედიით.
ამის შემხედვარე ბავშვები შველას აპირებდნენ თურმე და თვითონაც აპირებდნენ გადახტომას როგორც გავიგეთ, მაგრამ იქ აღმოჩნდა თვითონ რკინიგზის თანამშრომელი და მან იყვირა და ბავშვებს მოუწოდა, რომ არ გადამხდარიყვნენ. თორემ ალბათ რა ვიცი რა მოხდებოდა.
ძალიან კარგ ოჯახში გაზრდილი ბავშვია, არაჩვეულებრივი მშობლები ჰყავს და ძალიან მძიმეა ამ ამბავთან შეგუება”, - განუცხადა "კვირის პალიტრას" სკოლის დირექტორმა ცირა ქობულაძემ.
"ღმერთოო რატომ, სიკვდილს გამოგლეჯილი მეორედ რატომ სიკვდილო, რა გინდოდა, რატომ გაამწარე მისი მშობლები. მარინა, მურმანი არ ვიცი რითი განუგეშოთ, წარმოდგენაც არ მინდა, რა გითხრათ”- დაწერა სოციალურ ქსელში შორენა ჩქოფოიამ.
ჩვენ მას დავუკავშირდით, იმის გასარკვევად თუ რა პრობლემები ჰქონდა წარსულში პატარა ალექსანდრე მამალაძეს. როგორც შევიტყვეთ, ალექსანდრე მამალაძემ წლების წინ ლეიკემია დაამარცხა.
“ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს. ჩვენმა შვილებმა ლეიკემია ერთად გადაიტანეს. ჩვენ ვერ დავამარცხეთ და ჩემი ანგელოზი გამიფრინდა, ალექსანდრემ ისე კარგად გადაიტანა, სრულად გამოჯანმრთელდა და დაამარცხა ლეიკემია. რასაც ჰქვია სიკვდილს გამოგლიჯეს ხელიდან. მაშინ ჩემი შვილი 11 წლის იყო, ალექსანდრე - 3 წლის. ჩვენ რაც გამოვიარეთ, ამის სიტყვებით გადმოცემა არ შემიძლია. მას მერე ახლო ურთიერთობა გვაქვს ალექსანდრეს ოჯახთან. მათ სახლშიც ვართ ნამყოფი და ვმეგობრობდით კიდეც. მიხაროდა ასე კარგად რომ ვხედავდი ალექსანდრეს.
დღეს ეს მძიმე, თავზარდამცემი ამბავი გავიგე. ძალიან ძნელია ასეთ დროს რაიმე სანუგეშო უთხრა მის საოცრად კარგ მშობლებს, მარინას და მურმანს, რომლებსაც ყოველთვის ყველას ტკივილი გულთან მიჰქონდათ და საოცრად გვერდში დგომა იციან. დღემდე ვერ გამოვდივარ მდგომარეობიდან მე და ამ ტკივილისთვის ვერ ვიმეტებ ალექსანდრეს მშობლებს. ძალიან ძნელია გაძლება. არ ვიცი რა უნდა ვთქვა, განმიახლდა ყველაფერი, უმძიმესი ტრაგედიაა”, - თქვა შორენა ჩქოფოიამ.
წყარო: "კვირის პალიტრა"
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე