
"ქართული ოცნება" უკვე მუშაობს მისი დეპუტატების ინიციატივაზე, რომ სანქციები, მათ შორის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროთ იმ პირებს და ჯგუფებს, რომლებიც კონსტიტუციური ორგანიების ლეგიტიმაციას საჯაროდ არ აღიარებენ. პრემიერი ირაკლი კობახიძის სურვილია, რომ პარლამენტმა "რაც შეიძლება მალე მიიღოს შესაბამისი კანონი".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ მოსალოდნელი ცვლილებები პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მატად, საზოგადოების დაშინებას ისახავს მიზნად.
- "პირველი მოსმენით ეს დებულება უკვე მიღებულია, რაც შეეხება კონსტიტუციური წესრიგის, ორგანოების არაღიარებას, მეორე მოსმენისთვის კონკრეტული ფორმულირება იქნება, თუ რა კონკრეტული ქმედება არის დასჯადი და რა სანქციები იქნება - სისხლისსამართლებრივია.
ეს პირველი მოსმენით სისხლის სამართლის კოდექსშია. აქ საუბარი არ არის მიხეილ ყაველაშვილზე ან კონკრეტულ ადამიანზე, აქ საუბარია საქართველოზე, როგორც სახელმწიფოზე, მის აღიარებასა და მისი კონსტიტუციური ორგანოების აღიარებაზე. ჩვენი ქვეყნის აღიარება ზოგიერთ უცხოელს ხაჭაპურის აღიარება ჰგონია",- ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
კანონის პრაქტიკაში განხორციელება
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ "ოცნება" კანონს ადვილად მიიღებს, თუმცა პრაქტიკაში განხორციელება გაუჭირდება.
"ქართულ ოცნებას" იმის პრობლემა ნამდვილად არ აქვს, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს და დააკანონოს - მას მორჩილი უმრავლესობა ჰყავს, რომელიც ყველაფერზე თანახმაა და ყველაფერს გააკეთებს, რასაც "ოცნება" და კობახიძე უბრძანებს. პრობლემაა სხვა მხრივ - სხვა კანონების მსგავსად, ამ კანონის მიღების შემდეგაც მისი იმპლემენტაცია უნდა დაიწყოს, ანუ ამის რეალურ ცხოვრებაში გატარება - შეძლებს კი "ოცნება" მიღების შემდეგ კანონი აამოქმედოს?
"დღეს ვინც ამბობს, რომ არალეგიტიმურია ხელისუფლება, ის არალეგიტიმურს აღარ ახსენებს და იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა, რის შედეგადაც მივიღეთ ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს უფლება ქვეყნის სათავეში იყოს. აქ ხომ სიტყვების თამაშზეა ლაპარაკი - ეს ერთი და მეორეც, დავუშვათ არავინ ლეგიტიმაციას არ ახსენებს, ეს ხომ არ ნიშნავს, რომ საზოგადოებაში განწყობა შეიცვლება? ამ მხრივ აბსოლუტურად არაფერი შეიცვლება არც ქვეყნის შიგნით, არც გარეთ.
- "ჯერ სანახავია, როგორი იქნება ინიციატივის ფორმულირება, თუმცა, დავუშვათ ისევ არალეგიტიმურობაზე გაგრძელდა ლაპარაკი, შეძლებს კი "ქართული ოცნება" რომ ყველა დააპატიმროს, ვინც არალეგიტიმაციას დაასახელებს? მისი ცხოვრებაში გატარებაა პრობლემა და აქ მემგონი პრობლემები შეექმნება.
"ქართული ოცნება" ძალიან ჩქარობს და სწრაფად უნდა რაღაც თემები გადაწყვიტოს და მოაგვაროს, მაგრამ ამის შესაფერისი გარემო ჯერჯერობით ქვეყანაში არაა, რომ მან ასეთი მეთოდებით რაიმეს რეალურად შეცვლა შეძლოს",- განაცხადა ძაბირაძემ.
ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ მხოლოდ იმ განცხადებისთვის, რომ ადამიანს სხვა შეხედულება აქვს, ეს არ უნდა ისჯებოდეს. მისი თქმით, უნდა ისჯებოდეს მოწოდება.
"როდესაც არის მოწოდება შემდეგი შინაარსისა და ადამიანი ამბობს, რომ მე მთავრობის კანონიერებას და კონსტიტუციას არ ვცნობ და ყველას მოვუწოდებ, რომ დავამხოთ, ეს ისჯება, მაგრამ, როცა ცალკეული ადამიანი ამბობს, რომ მე არ ვიზიარებ ამ პრინციპებს და სულაც კონსტიტუციური მონარქიის მომხრე ვარ, ამასთან შეუძლია პროტესტის ნიშნად მოქალაქეობაც კი დატოვოს, ეს არ ისჯება.
"მხოლოდ იმ განცხადებისთვის, რომ მე სხვა შეხედულება მაქვს, ეს არ უნდა ისჯებოდეს, ეს მიღებული არაა, ყველას აქვს უფლება, რომ რაღაცას სცნობდეს და რაღაცას არა, მაგრამ კონკრეტული მოქმედება და სხვისთვისაც მოწოდება, რომ შევცვალოთ და დავამხოთ, ეს კი. ეს განისაზღვრება სწორედ განცხადებებით, როცა აშკარაა, რომ მე ამას ვიზამ, მოუწოდებ, რომ აბა ახლა ყველანი მივდივართ პრეზიდენტის რეზიდენციისკენ!
"მაგალითად, გერმანიაში ღრმად დაბერებული ადამიანები, საიდანაც ერთერთმა გამაცხადა, რომ მონარქის შთამომავალია შექმნეს ეს წრე და დამხობისკენ ემზადებოდნენ, იქ ჩხრეკა იყო, ვოღაცას იარაღიც აღმოუჩინეს დააპატიმრეს 80 ადამიანზე მეტი და ეს გასაგებია, რადგან სახელმწიფო ყოველთვის კანონებს კონსტიტუციას იცავს.
- "ვფიქრობ გამოხატვის თავისუფლება დაცული უნდა იყოს, თუმცა მე ინიციატივა არ მინახავს. ყოველ შემთხვევაში, შეცდომა და არასწორი იქნება, იმის გამო დაეკისროს სანქცია, რომ ადამიანმა თქვას, რომ თუნდაც მონარქიის მომხრეა. მაგრამ თუ იტყვის, რომ მე ახლა ნებისმიერი გზით, თუ საჭიროა შეიარაღებული, ამბოხით მოგიწოდებთ ყველას, ეს უკვე არის მოწოდება ძალადობისკენ".
აქვე აღსანიშნავია, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე სხვადასხვა დროს ბრალდება წაუყენეს 60-ზე მეტ პირს, მათ პროკურატურა ძირითადად განსაკუთრებული მნიშვნელობის ორგანოს ხელში ჩაგდების მცდელობას, სტრატეგიული ობიექტის ძალადობით დაკავებას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება. კითხვაზე, მსგავსი ქმედება თუ ისედაც დასჯადია, მაშინ რა მიზანი აქვს ინიციატივას, მამრაძემ გვითხრა:
"მეც მაგას ვამბობს, რომ ძალადობისკენ მოწოდება ისედაც დასჯადია, ისმის კითხვა - ახლა რაღა უნდათ? მე ეს არ ვიცი",- განაცხადა მამრაძემ.
ოპოზიცია-ხელისუფლების პოზიცია
"გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ქართული პოლიტიკური სპექტრის დაშინებაზე მეტად, ეს უფრო საზოგადოების დაშენებას ისახავს მიზნად, ისევე როგორც სხვა ცვლილებები, რომლებიც ამ პაკეტში შედის, მათ შორის, საერთაშორისო დაფინანსების მიღების აკრძალვა.
- „გამომდინარე იქიდან, რომ არსებული კანონმდებლობითაც ხელისუფლებას ყველაფრის უფლება აქვს, მოგეხსენებათ, როცა სასამართლო ჯიბეში გიზის, რასაც გინდა, იმას გააკეთებ, მაგრამ ასეთი ტიპის ცვლილებები და ამასთან გამოწვეული ხმაური უკავშირდება იმას, რომ საზოგადოებამ გაიგოს, ჩვენი მკაცრი მთავრობა არ ხუმრობს და ყველას დასჯას აპირებს.
"მგონია, ეს არის მესიჯი, თორემ ბოლო წლების განმავლობაში რისი უფლება არ ჰქონიათ და არ მიუცია სასამართლოს მათთვის?" - განაცხადა ხვიჩიამ.
პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ცვლილება მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა.
"რაც შეეხება არაღიარების თემას, ჩვენ გვაქვს ჩვენი კონსტიტუციური ინტერესი, რომ დაცული იყოს კონსტიტუციური სისტემა. თუ ამ კუთხით არის გამოწვევები, ბუნებრივია, კანონმდებლობამ უნდა იზრუნოს შესაბამისი პრობლემების მოგვარებაზე და, ამ კუთხით, მე მოვუწოდებდი საქართველოს პარლამენტს, რომ მიიღოს შესაბამისი კანონი, რომელიც ამ პრობლემას დაუპირისპირდება. ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საქართველოში სათანადოდ ფუნქციონირებდეს კონსტიტუციური სისტემა.
- "ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა რაც შეიძლება მალე მიიღოს ეს კანონი, დანარჩენი არის პარლამენტის გადასაწყვეტი".
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, კანონით განისაზღვროს და სს პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც საჯარო მოწოდებას გააკეთებს კონსტიტუციური ორგანოების არცნობის შესახებ.
გორდულაძემ ამ განცხადებით, პარლამენტის 3 თებერვლის სხდომაზე სხდომაზე დეპუტატ ლევან მაჭავარიანს უპასუხა, რომელმაც სესიაზე დასვა კითხვა, ხომ არ უნდა იფიქროს პარლამენტმა რაიმე ტიპის სანქციებზე იმ პოლიტიკური ჯგუფების თუ აქტივისტების მიმართ, რომლებიც არ აღიარებენ არჩეული ხელისუფლების ლეგიტიმურობას, ქმნიან პარალელურ სახელისუფლებო სტრუქტურებს, ბოიკოტს უცხადებენ ხელისუფლების გადაწყვეტილებებს, ხელს უშლიან პოლიციას მუშაობაში, ამტკიცებენ, რომ ქვეყანა ოკუპანტი ძალის მიერ იმართება და სხვებსაც მოუწოდებენ ასეთი ქმედებებისკენ.