
ქვეყანაში კვლავ პროტესტია, ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მარშიც შედგა, თუმცა, ოპოზიციონერი ლიდერები კვლავ თავს იკავებენ და არ აქტიურობენ ისე, როგორც ადრე. ანალიტიკოსთა ნაწილი არ გამორიცხავს, დადგეს დრო და წინა პლანზე პოლიტიკოსები ვიხილოთ, ნაწილს კი მიაჩნია, რომ უკვე ოპოზიციური პარტიების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და პროტესტანტები მათ ლიდერებს ასპარეზს არ დაუთმობენ.
8 თებერვალს მონუმენტთან ,,საქართველოს მატიანე" აქციაზე დაკავებულების მხარდასაჭერად აქცია-პერფორმანსი გაიმართა. აქციაში მონაწილეობდნენ დაკავებულების ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებსაც თან ჰქონდათ ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.
წინა დღით, 7 თებერვალს, ფილარმონიიდან პარლამენტისკენ საპროტესტო მარში გაიმართა, ლოზუნგით "დაიცავი განათლება". მარშის მონაწილეები მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსთან უწყვეტი პროტესტის მონაწილეებს შეუერთდნენ.
რატომ არ აქტიურობენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები
როგორც შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, ჩანს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააქტიურებას აპირებენ.
"ჩანს, რომ პოლიტიკოსების ნაწილი პროტესტში ერთვება, გუშინ მარშზე რამდენიმე პოლიტიკოსი იყო. ამასთან, ჩანს, რომ უფრო აქტიურად ჩართვას აპირებენ",- განაცხადა მან.
კითხვაზე, რატომ ერიდებოდა ოპოზიცია პროტესტის სადავეების ხელში აღებას, ჩიტაძემ გვითხრა:
- "თითქოს უფრო სამოქალაქო სექტორს მიანდეს და ახლაც ასეა. ოპოზიციონერები აქციებში მონაწილეობენ, ოღონდ ძირითადად სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები გამოდიან. ერთი პერიოდი, ხალხმრავალი გამოსვლებისას ინტერესთა კონფლიქტი იყო, რომ პოლიტიკოსების გამოსვლები არ გვინდაო. მოსახლეობის ნაწილი ერთ პოლიტიკურ პარტიას უჭერს მხარს, ნაწილი მეორეს და სამოქალაქო სექტორზე ეს პრობლემა არაა.
"არ გამოვრიცხავ დადგეს დრო, რომ პოლიტიკოსები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ, ვიცი, რომ მოლაპარაკებები მიდის ერთიანი ფრონტით ბრძოლის თაობაზე",- განაცხადა ჩიტაძემ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები ჯერჯერობით თავს იკავებენ.
"მემგონი ჯერჯერობით თავს იკავებენ, როგორც ოპოზიციონერები, ისე პროტესტიდან აღმოცენებული ლიდერები. აქციები თბილისში უკვე ტრადიციად იქცა და მის დასაწყისში მგონი ოპოზიციონერებს აგდებდნენ კიდეც - ვაშაძე გააგდეს. აქციის მონაწილეების მხრიდან ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიუღებლობა არის და არ გამოვრიცხავ, რომ არც ამ პოლიტიკოსებს ჰქონდეთ დიდი სიმპატია აქციებისადმი.
"მიუღებლობის მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს, ყველა ქვეყანაში და ყველა დროს პატივმოყვარე ადამიანია და როცა აქცია ისე მიდის, რომ პოლიტიკოსებს გარიყავს, ეს ნიშნავს, რომ მათი სახელისთვისაც და სახრავისთვისაც მათ მიმართ პატივისცემა ამ აქციებს არ აქვთ და მათთვის ეს პროტესტი არ გამოდგება, ანუ შიდა კონკურენცია იქმნება პოლიტიკოსებსა და აქციებს შორის.
"პერსპექტივას ვერ ვხედავ, რომ აქციების მართვის სადავეები პოლიტიკოსებმა აიღონ. აქციებს თუ საიმისოდ გაუჭირდება, რომ პოლიტიკოსები მოიმხრონ, მაშინ შეიძლება ეს მოხდეს, მაგრამ თუ აქციები აგრძელებენ ისე ყოფნას, როგორც არიან, მაშინ პოლიტიკოსები მათ არ სჭირდებათ.
- "ახლა პროტესტის მომატებაც და დაკლებაც პოლიტიკოსებთან არაა დაკავშირებული, ან თარიღია, ან ამინდია, ან ვიღაც ჩამოვიდა. უკვე პოლიტიკოსების საქმიანობა აქციების ბედ-იღბალზე თითქმის გავლენას არ ახდენს და რატომ უნდა დაუთმოს აქციებმა პოლიტიკოსებს ასპარეზი?".
პროტესტი გაზაფხულზე
ნიკა ჩიტაძე გვეუბნება, რომ გაზაფხულზე პროტესტი გაატქიურდება, თან თუ ამას გარე და შიდა ფაქტორებიც დაემატა.
"ვფიქრობ,რომ გაზაფხულზე პროტესტი უფრო გააქტიურდება, ეს დამოკიდებულია ასევე საგარეო ფაქტორებზე, ირანის და რუსეთის პოზიციების დასუსტების ფონზე. ქვეყნის შიგნითაც საჭიროა ახალ ლოზუნგებზე მუშაობა, მოსახლეობასთან შეხვედრა და ძირითადად სიციალურ-ეკონომიკურ პრობლემებზე ყურადღების გამახვილება.
"სწორი სტრატეგია-ტაქტიკის ქონისა და კარგი ლოზუნგების შემთხვევაში, შიდა ტალღა მოიმატებს. მარტო ძირს ოლიგარქია და ივანიშვილის რეჟიმი საკმარისი არაა. ბევრს ივანიშვილის რეჟიმი არ მოსწონს,რაც მუნიციპალური არჩევნების დროს გამოჩნდა, მაგრამ ხალხი აგიტაციის ქვეშაა. კითხვები აქვს - ოპოზიცია რომ მოვიდეს, უკეთესობისკენ რა შეიცვლება. საჭიროა ძლიერი ალტერნატივა და სწორი სტრატეგია-ტაქტიკა",- განაცხადა ჩიტაძემ.
რამაზ საყვარელიძე კი აცხადებს, რომ ალბათ აქციებიც აყვავდება გაზაფხულზე.
"მოგეხსენებათ, გაზაფხულზე ყველაფერი ყვავდება და ალბათ აქციებიც აყვავდება. ყველა ქვეყანაში აქციების რესურსი უამრავია. ქვეყნებში, სადაც ხელისუფლება არჩევნებით მოდის, იქაც არის მეორე ნაწილი, რომელიც შედეგებმა გაანაწყენა - აშშ-ში რესპუბლიკელების მოსვლამ დემოკრატები გაანაწყენა.
"ქვეყანაში აქციების მომწყობთა რესურსი ყოველთვისაა, გააჩნია განწყობილებას, ტალღას, მთლიანი საზოგადოების ტენდენციას",- განაცხადა საყვარელიძემ.