
„ლელო-ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბოტაჟის საქმეზე ბრალდებულმა ბადრი ჯაფარიძემ 10 თებერვლის სასამართლო პროცესზე მოულოდნელი განცხადება გააკეთა: „გვჭირდება, მოვძებნოთ ძალა, ვიფიქროთ ქვეყანაზე, მივუტევოთ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და საზოგადოება გავამთლიანოთ". ნიშნავს თუ არა ეს „ოცნების" ხელისუფლებასთან დიალოგის დაწყებაზე მინიშნებას და როგორ მიიღებს ამას დანარჩენი ოპოზიცია?
ჯაფარიძემ ეს განცხადება სასამართლოზე რვა ოპოზიციონერისთვის წაყენებული ბრალდების შინაარსზე საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ამ ბრალდებების დაბალი სტანდარტის მტკიცებულებებიც კი არ არსებობს და ეს ყველაფერი „წარმოუდგენელი ფაბრიკაციაა". ჯაფარიძის თქმით, ასეთი პრაქტიკა წარსულში უნდა დარჩეს და საზოგადოებამ უნდა მოძებნოს ძალა, რომ მძიმე ვითარებიდან გამოსასვლელად კონსოლიდაციისკენ წავიდეს.
„ეს აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, სახელმწიფოს. ასეთი პროცესები წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ გვჭირდება, რომ საკუთარ თავებში მოვძებნოთ ძალა, იმისათვის, რომ ვიფიქროთ ჩვენს ქვეყანაზე, გამოვიდეს მძიმე მდგომარეობიდან, მივუტევოთ იმ ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ გვექცევიან და შევეცადოთ საზოგადოება გავამთლიანოთ", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
მან ააღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება სამწუხაროა და არსებული დაპირისპირება, ზიზღის გაღვივება და მსგავსი ტიპის სამართლებრივი პროცესები სახელმწიფოსთვის საზიანოა. ჯაფარიძის განცხადებით, საქართველოს არ აქვს საკმარისი რესურსი მსგავსი დაპირისპირების გასაგრძელებლად და დაუშვებელია სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნებით გამოყენება.
„ვნახეთ ის, რომ არის წმინდა წყლის ფორმალობა - გვისმენენ, მაგრამ ახმოვანებენ გადაწყვეტილებას, რომელიც მათ უთხრეს. სამწუხაროა ის რეალობა, რომელშიც ყველანი ვიმყოფებით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი დაპირისპირება, ასეთი ზიზღის დანერგვა, ასეთი ტიპის პროცესები ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. საქართველოს არ აქვს ამ დაპირისპირების გაძლების დიდი რესურსი. არ შეიძლება სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ასე გამოყენება. კანონის უზენაესობის ფეხქვეშ გათელვა. უნდა შევწყვიტოთ დაპირისპირება ჩვენს ქვეყანაში, ასეთი პროცესები მხოლოდ საზოგადოების გახლეჩას უწყობს ხელს. ჩვენ უნდა გავამთლიანოთ ჩვენი საზოგადოება. უნდა გადავლახოთ ერთმანეთის აზრის ასეთი შეუწყნარებლობა, რადგან იმ პროცესს, რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის პროცესი განსხვავებული აზრის წინააღმდეგ", - აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკა ჩიტაძის აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია ბადრი ჯაფარიძეს ხელისუფლებასთან შერიგების სურვილი ჰქონდეს.
„ჩემი აზრით, აქ დიალოგზე საუბარი არ არის. სავარაუდოდ, ის მიანიშნებს, რომ ხელისუფლების ცვლილების შემთხვევში რაღაც შერიგებას უნდა ჰქონდეს ადგილი.
- „ოღონდ აქ საუბარი „ქართული ოცნების" პოლიტიკურ ელიტაზე კი არ არის ლაპარაკი, არამედ ხელისუფლების მომხრეებზე, რომ ერი შეერიგდეს. მე ასე გავიგე ეს განცხადება.
„თუ ხელისუფლებასთან შერიგება იგულისხმა, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილიდან ალბათ, აზრთა სხვადასხვაობა იქნება - ზოგი ფიქრობს, რომ ეს საჭიროა, სხვები კი პირიქით. თუმცა, საბოლოო ჯამში, თუ გაერთიანების სურვილი არსებობს, ოპოზიცია ამას ხელს არ შეუშლის", - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძის შეფასებით კი, ოპოზიციას სულ რომ ასე უნდოდეს, მთავარია ხელისუფლებას რა სურს, რადგან პროცესებს ის წარმართავს.
„საკმაოდ უცნაური და მოულოდნელი განცხადებაა, რადგან აქ ლაპარაკი მხოლოდ ოპოზიციაზე და შეცდომებზე არ არის. საკითხავია, რამდენად უნდა ხელისუფლებას, რომ დიალოგი გაიმართოს? ან ეს ხისტი დაპირისპირება უფრო რბილ ფორმებში გადავიდეს? შეიძლება ოპოზიციას და თუნდაც ჯაფარიძეს უნდოდეს, რომ ეს მოხდეს, მაგრამ „ქართულ ოცნებას" უნდა ამ ნაბიჯის გადადგმა? თუ ხელისუფლება ამას იზამს, ეს ნიშნავს იმას, რომ უარს იტყვის რეპრესიებზე?
„ამიტომ, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში რაღაც სიტუაციის გამოსწორება ოპოზიციაზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ოპოზიციას შეიძლება ბევრი რამე უნდოდეს, მაგრამ პროცესს ყოველთვის ხელისუფლება წარმართავს. არ მგონია დღეს მთავრობა მზად იყოს, ოპოზიციასთან ყოველგვარი წინაპირობების გარეშე რაიმე დათმობებზე წავიდეს.
- „თუ ოპოზიცია იტყვის, რომ მთავრობა მართალი იყო, არჩევნები სამართლიანად ჩატარდა და ა.შ., მაშინ ეს დათმობას კი არა, კაპიტულაციას ნიშნავს. ამიტომ როცა ასეთი განცხადებები კეთდება, სწორი იქნება, თუ დაზუსტდება რას გულისხმობს მიტევებაში.
„ხელისუფლება პირიქით იძახის - მიტევება მათ კი არა, ოპოზიციას სჭირდებაო. აქედან გამომდინარე, ოპოზიციის სურვილს არავითარი მნიშვნელობა აქვს.
„თუ ჯაფარიძე ხელისუფლებისთვის მიტევებას გულისხმობს, მგონია, რომ დანარჩენი ოპოზიციის მხრიდან, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის", ნეგატიური დამოკიდებულება იქნება. თუნდაც იმის გამო, რაც მე ვთქვი. არ მესმის რა უნდა გააკეთოს ოპოზიციამ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მაშინ ჯაფარიძემ უნდა განმარტოს, რას გულისხმობს მიტევებაში. გასაგებია ის, თუ რა მოთხოვნები იქნება ხელისუფლებისგან, მაგრამ მზად არის ოპოზიცია ასეთ კომპრომისებზე წავიდეს? ეს არის მნიშვნელოვანი.
„როცა ეს იქნება ცხადი, მერე შეიძლება ამ საკითხზე საუბარი - რა არის ამისთვის საჭირო, რა შედეგი ექნება და ა.შ. მანამდე ასეთი გაურკვეველი განცხადებების შეფასებას აზრი არ აქვს", - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ „რეზონანსთან".