მარიამ ვეკუა
11.02.2026

დასავლური მედიის ცნობით, გაზაფხულზე უკრაინაში შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნები და ასევე რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე რეფერენდუმი ჩატარდეს. კიევში ამ ცნობას ჯერჯერობით არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საკითხებზე. გარდა ამისა, უკრაინული კანონმდებლობა ომის პირობებში არჩევნებს კრძალავს, თუმცა, არსებული ინფორმაციით, უკრაინის რადა უკვე მუშაობს შესაბამის ცვლილებაზე, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს არჩევნებს შესაძლებელს გახდის.

უკრაინის ომთან დაკავშირებით ამჟამად სამმხრივი სამშვიდობო მოლაპარაკება მიმდინარეობს უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ყველაზე რთული საკითხი ტეროტორიებს ეხება და უკრაინის მხარეს არაერთხელ უთქვამს, რომ შესაძლო ტერიტორიული დათმობა მხოლოდ რეფერენდუმით უნდა გადაწყდეს. როგორც ჩანს, ამ პოზიციას რუსული და ამერიკული მხარეები არ ეწინააღმდეგებიან.

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ან აპრილში უნდა ჩატარებულიყო და ზელენსკის მთავარ კონკურენტად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი განიხილებოდა.

 

  • უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის მარტში ან აპრილში უნდა ჩატარებულიყო და ზელენსკის მთავარ კონკურენტად უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი განიხილებოდა.

ზალუჟნი 2024 წლის თებერვალში გადადგა ამ თანამდებობიდან, თუმცა არჩევნები არ ჩატარდა სწორედ უკრაინული კანონდებლობის გამო, რომელიც საომარი მდგომარეობის დროს ამას კრძალავს.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ოთხშაბათს უარყო „ფაინენშალ თაიმსის" ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 24 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნებისა და რეფერენდუმის გეგმების გამოცხადებას აპირებს და განაცხადა, რომ უსაფრთხოების პირობები გადამწყვეტ ფაქტორად რჩება.

 

 

  • „სანამ უსაფრთხოება არ იქნება, განცხადებები არ გაკეთდება".

„სანამ უსაფრთხოება არ იქნება, განცხადებები არ გაკეთდება", - განუცხადა გამოცემა „ერ-ბე-კა უკრაინას" წყარომ პრეზიდენტის გარემოცვიდან.

11 თებერვალს „ფაინენშალ თაიმსმა" გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უკრაინაში 15 მაისამდე ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და ამის პარალელურად რეფერენდუმი რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმების საკითხზე, რასაც პრეზიდენტი ზელენსკი ომის დაწყების მე-4 წლისთავზე, 24 თებერვალს გამოაცხადებს.

გასულ კვირას კი „როიტერმა" გაავრცელა ინფორმაცია,რომ აშშ-სა და უკრაინის მომლაპარაკებლების მიერ განხილული ჩარჩოს თანახმად, ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უკრაინელ ამომრჩეველს რეფერენდუმზე წარედგინება და ხმის მიცემა ეროვნული არჩევნების პარალელურად მოხდება.

საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა რეფერენდუმის ეროვნულ არჩევნებთან ჩატარების შესაძლებლობაც განიხილეს.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის ხელისუფლება პოტენციური არჩევნებისთვის, სპეციალურ ან ომისშემდგომ პერიოდში, ტექნიკურ მზადებას განაგრძობს. პარტიათაშორისი ჯგუფი ერთჯერად კანონზე მუშაობს, რომელიც საარჩევნო პროცესს საომარი მდგომარეობის დროს ან მისი გაუქმებისთანავე დაარეგულირებს, ვკითხულობთ კიევ პოსტის სტატიაში.

სამუშაო ჯგუფში, რომელსაც პირველი ვიცე-სპიკერი ოლექსანდრ კორნიენკო ხელმძღვანელობს, საპარლამენტო ფრაქციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წარმომადგენლები შედიან.

ცესკომ ასევე დაამტკიცა წინადადებები, რომელიც ასახავს, თუ როგორ შეიძლება საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ ქვეყნის მასშტაბით არჩევნების ორგანიზება.

კომისიის თქმით, მისი რეკომენდაციები მიზნად საარჩევნო უფლებების დაცვისა და ომისშემდგომი არჩევნების პოტენციური ჩარევისგან დაცვის შესახებ უფრო ფართო დისკუსიის დაწყებას ისახავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×