
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას მხარი დაუჭირეს. ასეთი პასტორტების მფლობელებს მარტიდან უკვე ვიზების აღება მოუწევთ. მმართველი პარტიისთვის ეს გასაკვირი არ ყოფილა და აცხადებენ, რომ ბრიუსელში „სკანდალი არ გამოუვიდათ".
მიღებული გადაწყვეტილების შესახებ პირველი ინფორმაცია „რადიო თავისუფლების" ევროპის ოფისის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, ამის წინააღმდეგი გაერთიანების 27 წევრიდან მხოლოდ 2 იყო - უნგრეთი და სლოვაკეთი. თუმცა, ამ გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ კვალიფიციური უმრავლესობა იყო საჭირო.
„გადაწყვეტილება ძალაში შედის მარტის დასაწყისში", - წერს რიკარდ იოზვიაკი.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ იყო დაანონსებული და ამოქმედებულიც კი.
- „პარლამენტის თავმჯდომარეც და ნებისმიერი ჩვენგანიც, როცა ოფიციალური ვიზიტით მივდიოდით ევროკავშირის ქვეყნებში, ვიზებს ვიღებდით.
„ვერანაირი სკანდალი ვერ გამოგივიდათ - ეს ფაქტია. ასევე, ვერანაირი ვიზებით ჩვენი დაშანტაჟება ვერ მოხდება", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ანალიტიკოსის პეტრე მამრაძის შეფასებით, ეს დიპლომატიური პასპორტის მქონე პირებისთვიდ დიდს არაფერს ნიშნავს. მისივე აზრით, აქ ჩანს ევროკავშირის ბიუროკრატიის დამოკიდებულება საქართველოს ხელისუფლების მიმართ.
- „მეც მქონია დიპლომატიური პასპორტი და სხვათაშორის, ზოგჯერ მავიწყდებოდა და ჩვეულებრივით გავდიოდი...
„თუმცა, ეს ასახავს ევროკავშირის ბიუროკრატიის ელიტის დამოკიდებულებას. სხვანაირად წარმოუდგენელია. ჩვენ გვახსოვს, როცა პრემიერმა შარშანწინ გააკეთა საჯარო განცხადება და პირდაპირ ამხილა ევროკავშირის ბიუროკრატია. კერძოდ, მან თქვა, რომ საქართველო არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანების ინიციატორი და მეორე - არ მიიღებს სამთავრობო გრანტებს ევროკავშირისგან. ამის მიზეზიც დაასახელა და თქვა, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიას აღარ უნდა ჰქონდეს საქართველოს დაშანტაჟების ბერკეტები. ამჟამინდელი ევროკავშირის შემადგენლობა ამ ყველაფერს საქართველოს მთავრობას არავითარ შემთხვევაში არ აპატიებს. არც სხვა საკითხებს აპატიებენ, მაგალითად, ლგბტ კანონის არმიღებას და ა.შ.
„ეს იმას ნიშნავს, რომ სხვას რომ ვერაფერს გახდნენ, შემოიფარგლნენ დიპლომატიური პასპორტებით, რომელიც სულ რამდრნიმე ასეულ კაცს აქვს. მათ გულში წყენა აქვთ, რადგან ქვეყანას უყურებდნენ როგორც მორჩილ სახელმწიფოს და გეგმები ჩაუვარდათ. ეს არის სილის გაწნის ტოლფასი. მათთვის ასეთივე სილის გაწნა იყო, როცა ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, ახლა კი ეს", - განაცხადა პეტრე მამრაძემ „რეზონანსთან".