
ოპოზიციის ერთობის დოკუმენტი უკვე მზადაა, თუმცა ზოგიერთი პარტია მასზე ხელის მოწერისგან თავს იკავებს. ამის მიუხედავად, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, ეს შეთანხმება გასაჯაროვდეს. ამაზე „ახლები" საუბრობენ და აცხადებენ, ამით საზოგადოებას შეექმნება წარმოდგენა, თუ რის ხელმოწერაზე ამბობს უარს ოპოზიციის ნაწილი. ანალიტიკოსები კი „რეზონანსთან" ამ უარის სავარაუდო მიზეზებსა და კონკრეტული პარტიების განსხვავებულ მოსაზრებებზე საუბრობენ.
ახალ ერთობასთან დაკავშირებით საუბარია სულ ათ ოპოზიციურ პარტიაზე. არაოფიციალური ინფორმაციით, 8 მათგანმა უკვე მოაწერა ხელი თანხმობის დოკუმენტს. ესენია: „ახალი", „დროა", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო", „ფედერალისტები", „თავისუფლების მოედანი", „ეროვნულ დემოკრატიული პარტია" კიდევ ორი ოპოზიციური პარტია - „ნაცოძრაობა" და „ლელო" კი ამ დრომდე თავს იკავებს.
დოკუმენტის შინაარსი უცნობია, თუმცა, ცალკეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებიდან უკვე გამოიკვეთა მისი მთავარი პუნქტები: ურთიერთთავდაუსხმელობა, ხმების ერთ ყულაბაში მოგროვება, თანასწორობა, პრინციპულობა, ხელისუფლებისთვის ლეგიტიმაციის არმიცემა, პარტიულ სუვერენიტეტში არჩარევა.
ანალიტიკოსთა შეფასებით, დიდი ალბათობით ენმ-დან ხელმოწერაზე ყოყმანის მთავარი მიზეზი ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხია, „ლელოს" მხრიდან - კი პარტიული დამოუკიდებლობის შენარჩუნების სურვილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ამ პროცესს ემთხვევა „ახალის" ლიდერის ნიკა გვარამიას ციხიდან გამოსვლა, ის რუსთავის საპატიმროს 12 თებერვალს დატოვებს და, სავარაუდოდ, პროცესი ალბათ უფრო გააქტიურდება.
რას ამბობენ ოპოზიციაში
„ახალის" წარმომადგენელი თენგო თევზაძე ამბობს, რომ ერთობის დოკუმენტი 2-3 დღეში გასაჯაროვდება.
„13 წელია ერთი და იგივე ხალხი ამბობს, რომ ერთობა მნიშვნელოვანია და ჩვენ ვეუბნებით, რომ აგერ არის დოკუმენტი, რომელიც გასაჯაროვდება.
„პარტია „ახალი" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს დოკუმენტი 2-3 დღეში აუცილებლად გასაჯაროვდება.
„რა არის იქ ცუდი, რა არის კარგი, რაზე ვერ გადავაბიჯეთ რომ ამ დოკუმენტზე ხელი მოგვეწერა - ამაზე ფართო მსჯელობა იქნება", - განაცხადა თევზაძემ „ფორმულას" ეთერში.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ ერთიანობა არ გამოდის და ყველა პარტია დოკუმენტს ხელს არ აწერს რაღაც კონკრეტული მიზეზების გამო, მაშინ როგორ გრძელდება პოლიტიკური სპექტრის ერთობა, თევზაძემ უთხრა:
„დარწმუნებული ვარ, რომ პარტიების უმრავლესობა დოკუმენტს ხელს მოაწერს. ეს ჯანსაღი, დემოკრატიული დოკუმენტია. აქ არავის აკრძალვა და პარტიულ სუვერენიტეტში ჩარევა არაა, აქ არის თანასწორობაზე, პრინციპულობაზე, ხელისუფლების ლეგიტიმაციის არმიცემაზე და ბრძოლის მშვიდობიან სტრატეგიაზე საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომელშიც ოპოზიცია ერთიანად უნდა გამოიყურებოდეს და არა დაქსაქსულად. ყველა ისეთი საკითხი წერია, როცა გადაწყვეტილებები კონსენსუსის გზით მიიღება", - განაცხადა თევზაძემ.
- თენგო თევზაძე: „პარტია „ახალი" და „კოალიცია ცვლილებებისთვის" იღებს პასუხისმგებლობას, რომ ეს დოკუმენტი 2-3 დღეში აუცილებლად გასაჯაროვდება.
ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი ლევან სანიკიძე კი ამბობს, რომ მთავარი პრობლემა მიცემული სიტყვის დარღვევაა.
„დოკუმენტს და ურთიერთთავდაუსხმელობას რომ თავი დავანებოთ, სიტყვას რომ იტყვი, უნდა დაიცვა.
„რომ იტყვი - „ამას არ დავესხმები", არ უნდა დაესხა; რომ იტყვი - „მე დავივიწყე", მერე არ უნდა წამოაძახო. რომ იტყვი - „ჩვენ ერთ ყულაბაში ვაგროვებთ ხმებს", შენი თამაში არ უნდა დაიწყო.
„მე სიტყვის არგატეხვის პრობლემას უფრო ვხედავ, ვიდრე ხელმოწერის. სხვებთან შედარებით, შეიძლება უფრო მოკლე პოლიტიკური ბიოგრაფია მაქვს, მაგრამ ამ პერიოდში რაც შეთანხებები და სიტყვის გატეხვები ვნახე... ერთ რამეში ვარ დარწმუნებული, რომ რაღაც ტიპის ოპოზიციური ერთობა თუ არ შედგა, დროს ვკარგავთ", - განაცხადა სანიკიძემ.
- ლევან სანიკიძე: „რომ იტყვი - „ამას არ დავესხმები", არ უნდა დაესხა; რომ იტყვი - „მე დავივიწყე", მერე არ უნდა წამოაძახო. რომ იტყვი - „ჩვენ ერთ ყულაბაში ვაგროვებთ ხმებს", შენი თამაში არ უნდა დაიწყო."
„ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი კი ამბობს, რომ რვა პარტია - „ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „ფედერალისტები", „თავისუფლების მოედანი", „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია", „ევროპული საქართველო" და „სტრატეგია აღმაშენებელი" უკვე შეთანხმდა გამარჯვების სტრატეგიაზე და ამ სტრატეგიის შესრულებისას თანამშრომლობის დემოკრატიულ წესებზე.
- ჩერგოლეიშვილი: „მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს. ბოკუჩავა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობია შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე იტყვიან".
„ეს არ არის დახურული დოკუმენტი, ეს არ არის დროში შემოსაზღვრული დოკუმენტი, უბრალოდ, ჩვენ გვეჩქარება, პროცესი უნდა დავძრათ. „ნაციონალურ მოძრაობასთან" მიდის მოლაპარაკებები.
„მოლაპარაკებებში მონაწილეობს და თავის ვარიანტებს გვთავაზობს სააკაშვილის სახელით ბარამიძე და უნდა ხელმოწერა, ყოველ შემთხვევაში ამას ამბობს. ბოკუჩავა სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და ჯობია შიგნით ჩამოყალიბდნენ და როცა ჩამოყალიბდებიან, მერე იტყვიან", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსთან".
იგი იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეთანხმების დოკუმენტს „ნაციონალური მოძრაობა" და „ლელოც" შეუერთდება.
რატომ იკავებს თავს ენმ და „ლელო"
შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყოყმანის მიზეზი შესაძლოა ენმ-ს მხრიდან სააკაშვილი იყოს, „ლელოს" კი უფრო პარტიული დამოუკიდებლობა სურდეს.
„როგორც ვიცი, ამ ეტაპზე „ნაციონალური მოძრაობა" და „ლელო" იკავებენ თავს, თუმცა, ყოველ შემთხვევაში, შეთანხმება მაინც შედგება. შეიძლება ენმ-ს შემთხვევაში იგივე მიხეილ სააკაშვილის საკითხი იყოს - რომ, როდესაც პოლიტპატიმრებს ახსენებენ, მიხეილ სააკაშვილი აუცილებლად იყოს მოხსენიებული. შესაძლოა გარკვეული კამათი „ოცნებასთან" ტელედებატების საკითხზეც არის, მაგრამ, საერთო ჯამში, მათ საერთო ღირებულებები აკავშირებთ.
„ლელოსთვის" რა იყო თავის შეკავების მიზეზი, ამის თქმა ძნელია. შესაძლოა მას უფრო დამოუკიდებლობა სურს", - განაცხადა ჩიტაძემ.
კითხვაზე, რას შეცვლის გვარამიას გამოსვლა ციხიდან, ჩიტაძემ გვითხრა:
„გვარამიას გამოსვლა პროცესს გააძლიერებს, ოღონდ ამომრჩეველს სწორი მესიჯი უნდა გაეგზავნოს. არ გამოვრიცხავ მან ციხიდან გამოსვლის შემდეგ განცხადებაც გააკეთოს, რომ ბრძოლას აახლებს; თუმცა, იმასაც არ გამოვრიცხავ, რომ მასზე კიდევ რაღაცა ზეწოლა წამოვიდეს ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ჩიტაძემ.