
ოპოზიციისა და ანალიტიკოსთა ნაწილის მწვავე შეფასებების ფონზე, საქართველოს პარლამენტი ახალი სისხლის სამართლებრივი ნორმის - „კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ ექსტრემიზმის" - შემოღებას განიხილავს. ამას ოპოზიცია ავტოკრატიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად აღიქვამს, ხოლო მმართველი გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას უკავშირებს.
სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება, სახელწოდებით „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ". პარლამენტი ამ კანონპროექტს მიმდინარე კვირაში განიხილავს.
აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას შემდეგ შემთხვევაში გაითვალისწინებს:
- საქართველოს მოქალაქის ან საქართველოს მოქალაქის სტატუსის არმქონე პირის მიერ კანონმდებლობის მასობრივად დარღვევისკენ, საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ ან ალტერნატიული ორგანოების შექმნისკენ სისტემატურად, საჯაროდ მოწოდება;
- ასევე ამავე პირის მიერ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლად სხვისი ან საკუთარი თავის თვითნებურად ან საჯაროდ სისტემატურად წარმოჩენა ან ამ პირის მიერ სხვა სახის სისტემატური მოქმედება, რაც მიმართულია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არალეგიტიმურობის შესახებ აღქმის დამკვიდრებისკენ და აზიანებს საქართველოს ინტერესებს ან ქმნის საქართველოს ინტერესების დაზიანების რეალურ საფრთხეს.
ასეთი ქმედება გამოიწვევს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას 400-დან 600 საათამდე ან თავისუფლების აღკვეთას 3-წლამდე ვადით. იურიდიული პირის შემთხვევაში, იურიდიული პირი დაისჯება ჯარიმით, ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
ოპოზიციის არგუმენტები
„ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება „ქართული ოცნების" სისუსტის გამოხატულებაა.
„მათ დაკარგული აქვთ დემოკრატიული ლეგიტიმაცია. ეს კანონი არ უნდა განვიხილოთ კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ცდილობენ ოპოზიციური პარტიების საკონსტიტუციო სასამართლოს დახმარებით აკრძალვას, აწარმოებენ სამართლებრივ დევნას ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ლიდერის წინააღმდეგ და ასევე ტარდება მთელი ჯარი რეპრესიული ზომების და არ შეიძლება ხელისუფლება ამას აკეთებდეს და მას სჯეროდეს, რომ აქვს რაიმე დემოკრატიული მანდატი", - განაცხადა სამადაშვილმა.
ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე დაანონსებულ ცვლილებებს რეპრესიულს უწოდებს
„ივანიშვილის ახირება, „ფეხების ბაკუნი", რომელსაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვაკვირდებით... „მაღიარეთ" - ეუბნება ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, მრავალრიცხოვან ადამიანებს, ვინც ოპოზიციას მისცა ხმა და ფიქრობს, რომ არჩევნები გაყალბდა.
„ახირება და ფეხების ბაკუნი არის საერთაშორისო აქტორებზე გათვლილი, ყველას, ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ეუბნება: რატომ არ გინდათ, რომ მაღიაროთ?
„რა თქმა უნდა, ამ კანონის აღსრულების პრინციპი ასე (მარტივად) ვერ მოხდება, რადგან წარმოუდგენელია მრავალი ათასი ადამიანი გაუშვა ციხეში, დაუშვებელია... ძლიერ ხელისუფლებას ასეთი კანონები არ სჭირდება."
კონტრარგუმენტები
საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, თითოეული ინიცირებული კანონპროექტი ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურება.
„თითოეული კანონი, რომელიც ინიცირდება და რომელიც ქართულ საკანონმდებლო სივრცეში იმკვიდრებს ადგილს, ემსახურება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იმ უდიდესი გამოწვევების დროს, რაც უდგას მთელ მსოფლიოს. რომ არა ჩვენი საზოგადოების სიბრძნე და სახელმწიფო ინსტიტუციები, ვიცით რასაც გვიქადდნენ და უპირებდნენ ჩვენ ქვეყანას. ასე რომ, სისტემური დანაშაულები, სისტემური მოწოდებები და შემდეგ ქმედებები, რაც პირდაპირ ეთერებში არაერთხელ ვიხილეთ, ამას ჩვენი კანონმდებლობით გაეცემა შესაბამისი და უმკაცრესი პასუხი", - განაცხადა კირცხალიამ.
პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში კონსტიტუციური წყობილება და წესრიგი მკაცრად უნდა იყოს დაცული.
„ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური წყობილება, კონსტიტუციური წესრიგი, რომელიც უნდა იყოს მკაცრად დაცული. ამას უზრუნველყოფს კონსტიტუცია და ეს დამატებით უნდა უზრუნველყოს კანონმდებლობამ. თუ კონკრეტული პირების ქმედებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის კონსტიტუციურ წყობილებას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იმოქმედოს კანონმდებლობამ", - აღნიშნა პრემიერმა.
რა მიზანი აქვს „ოცნებას"
ანალიტიკოს გია აბაშიძის აზრით, ეს კანონპროექტი გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებას არ დააზიანებს, რადგან დასჯადი ხდება მოწოდება და არა განსხვავებული აზრი.
„აქეთკენ არის გადადგმული ის ნაბიჯი, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით აღიკვეთოს პოლიტიკური ექსტრემიზმი და ანტიკონსტიტუციურობისკენ მოწოდება და არანაირად სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
„ნებისმიერ ადამიანს ექნება უფლება, როგორც ახლა საქართველოში, თქვას, რომ მისთვის მიუღებელია არჩეული ხელისუფლება, მაგრამ როგორც კი ეს გადავა მოწოდებებში და ანტიკონსტიტუციურ სიბრტყეში - ვითომ ე.წ ალტერნატიული სტრუქტურებით ეჭქვეშ დააყენონ კონატიტუციური წყობილება და კონსტიტუციური ინატიტუტები, ეს იქნება დასჯადი. ევროპასა და ამერიკაში ეს გაცილებით მკაცრად ისჯება, აქ კი იქნება ჯარიმიდან დაწყებული 3 წლით პატიმრობამდე", - განაცხადა აბაშიძემ.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები „ოცნების" ხელში ძალაუფლების უფრო მეტ კონცენტრაციას ისახავს მიზნად.
„ეს ყველაფერი ძალაუფლების კიდევ უფრო მეტ კონცენტრაციას ემსახურება, იმიტომ, რომ ელემენტარული თავისუფლებების სივრცე არ რჩება.
- არჩილ გამზარდია: „იმ დღეს ვხუმრობდი - ხალხი ზოგჯერ საკუთრი ოჯახის წევრებს არ სცნობს და ხელისუფლება გაიძულებს, რომ გამოხატვის კუთხით შენ ის სცნო".
„იმის კრიმინალიზება, აღიარებ თუ არა ხელისუფლებას... ეს რაღაც მომენტში რწმენითი და მორალური კატეგორია უფროა, სამართლებრივად ხომ ისედაც ვართ ამ კანონების შესრულების იძულების რეჟიმში. იხდი გადასახადებს - ესე იგი აღიარებ ხელისუფლების წესებს, ხომ?
„ჩვენ ეს იძულება, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ვაღიაროთ, ისედაც ყველას გაგვაჩნია. დანარჩენი ეს არის რწმენითი და გამოხატვითი კატეგორია. იმ დღეს ვხუმრობდი - ხალხი ზოგჯერ საკუთრი ოჯახის წევრებს არ სცნობს და ხელისუფლება გაიძულებს, რომ გამოხატვის კუთხით შენ ის სცნო", -განაცხადა გამზარდიამ.
მოსალოდნელი შედეგები
ანალიტიკოსი გია აბაშიძე საუბრის დროს პარალელს დასავლურ კანონმდებლობასთან ავლებს.
„საინტერესოა რას იტყვიან რადიკალი ოპოზიციონერები მსგავს და უფრო ხისტ კანონმდებლობაზე, რომელიც ევროპაში ან შეერთებულ შტატებში არსებობს. ვინმეს წარმოუდგენია, თუნდაც საფრანგეთში, ლეპენმა არ სცნოს მაკრონის უფლებამოსილება, ეცადოს ჩამოაყალიბოს რაღაც ალტერნატიული საპრეზიდენტო ინსტიტუტი ან ფსევდრო პარლამენტი... მას ხომ მყისიერად ჟანდარმები ოფისსა თუ სახლში შეუვარდებიან...
„განსხვავება ისაა, რომ ნაცრადიკალები ვითომ დეკლარირებულად პროდასავლურები არიან, მაგრამ ის, რაც დასავლეთში დიდი ხანია აპრობირებულია კანონმდებლობით, იმის მიღება არ სურთ", - განაცხადა აბაშიძემ.
- გია აბაშიძე: „ვინმეს წარმოუდგენია, თუნდაც საფრანგეთში, ლეპენმა არ სცნოს მაკრონის უფლებამოსილება, ეცადოს ჩამოაყალიბოს რაღაც ალტერნატიული საპრეზიდენტო ინსტიტუტი ან ფსევდრო პარლამენტი... მას ხომ მყისიერად ჟანდარმები ოფისსა თუ სახლში შეუვარდებიან..."
გამზარდიას აზრით კი, როდესაც ხდება პარარელის გავლება დასავლურ კანონმდებლობასთან, ამ დროს ბევრი სხვა დეტალიც გასათვალსიწინებელია.
„პირველ რიგში შევხედოთ ადამიანთა თავისუფლების რა დონეა, ხელისუფლების აღქმის რა დონე არის დასავლურ ქვეყნებში, როგორია სასამრთლო სისტემა და სამართლიანობის განცდა ადამიანებში. ამის შემდეგ უნდა ვისმჯელოთ სხვა რაღაცებზე. ერთი და იგივე იარაღიც კი, ერთის ხელში სხვა ფუნქციას მიიღებს და მეორეს ხელში - სხვას. დანით ერთმა ადამიანმა შეიძლება პური მოგიჭრას და მეორემ მოგკლას. ასე რომ, მარტო ინსტრუმენტზე არ არის ლაპარაკი. მთავარია როგორ იყენებენ ამას დემოკრატიული ხელისუფლებები და როგორ იყენებს ჩვენთან ავტორიტარული ხელისუფლება", - განაცხადა გამზარდიამ.