
შიდა და გარე პოლიტიკა, ტელე დებატები, 4 ოქტომბრის საქმე, ჩარევები გარე ძალებისგან, ოკუპაცია, განათლება და სპორტი - ეს იმ თემების ჩამონათვალია, რომლებზეც პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში ყოველწლიურ მოხსენებისას ისაუბრა. მისი შეფასებით, ქვეყნის გრძელვადიანი განვითარებისთვის აუცილებელია, რომ „მომავალი თაობებისთვის ამოსავალი წერტილი იყო სამშობლოს სიყვარული, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის გაფრთხილება, ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების პატივისცემა".
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, ოკუპაცია კვლავ ქვეყნის მთავარ გამოწვევად რჩება და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ერთიანი ძლიერი საქართველოს აშენებისთვის.
17 თებერვლის მოხსენების მოსასმენად პლენარულ სხდომაზე იმყოფებოდნენ პრემიერი ირაკლი კობახიძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელები, სასულიერო პირები.
ყაველაშვილის მოხსენების შემდეგ, ტრიბუნა ფრაქციების თავმჯდომარეების გამოსვლებს დაეთმო, რის შემდეგაც რეგლამენტით იყო გათვალისწინებული პრეზიდენტის დასკვნითი სიტყვით გამოსვლა, თუმცა ყაველაშვილმა ამით არ ისარგებლა და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სხდომა დასრულებულად მალევე გამოაცხადა.
ტელე დებატები
ყაველაშვილი მიესალმება პრემიერის ინიციატივას დებატებთან დაკავშირებით, მისივე თქმით, მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ წვდომა დაბალანსებულ, ობიექტურ ინფორმაციასა და სხვადასხვა შეხედულების მქონე პოლიტიკური ძალების დისკუსიაზე, რადგან „ეს ყველაფერი ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების აუცილებელი წინაპირობაა".
- ყაველაშვილი: „დებატები ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს".
„აღნიშნული ინიციატივა, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს დეზინფორმაციული კამპანიების მავნე გავლენის შემცირებას, მეორე მხრივ კი ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დასრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი შეიძლება გახდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
4 ოქტომბერი
პრეზიდენტ ყაველაშვილის შეფასებით, 4 ოქტომბრის მოვლენები „ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ", რის ფონზეც 2025 წლის ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებს „გამორჩეული მნიშვნელობა ჰქონდა".
- პრეზიდენტი: „ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ძალადობრივი რევოლუციის მცდელობის აღკვეთაში, ქართველ ხალხთან ერთად, განსაკუთრებული როლი სამართალდამცველებს მიუძღვით და მადლობა გადაუხადა მათ სამშობლოს სიყვარულისა და თავდადებისთვის.
„4 ოქტომბრის საღამოს განვითარებულმა მოვლენებმა სააშკარაოზე გამოიტანა რადიკალური ჯგუფების რეალური ჩანაფიქრი და მიზნები, ძალადობრივი გზით ხელში ჩაეგდოთ სახელმწიფო ინსტიტუტები და მოეხდინათ სახელმწიფო გადატრიალება. საგანგაშოა, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული აღნიშნული ძალადობრივი აქტი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ფაქტობრივად, ღიად იყო წაქეზებული და მხარდაჭერილი გარე ძალების მიერ. ჩვენს ქვეყანაში მოვლენების ამგვარი განვითარება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს არაკეთილმოსურნეთა ინტერესში შეიძლება იყოს. ვისაც საქართველოში რევოლუციის მოწყობა უნდა, შეუძლებელია, მას ჩვენს ქვეყანაზე გული შესტკიოდეს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
„შანტაჟი გარე ძალებისგან"
ყაველაშვილის თქმით, გასულმა წელმა ფაქტებით დაადასტურა, რომ საფრთხეები და გამოწვევები, რომლებზეც ხელისუფლება ბოლო წლებში საუბრობდა, რეალური იყო. ყაველაშვილის განცხადებით, იმან, რომ საქართველომ ზეწოლას გაუძლო, საგრძნობლად გააძლიერა როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოება.
„დღეს კიდევ უფრო თვალსაჩინოა, რომ ის ზეწოლა და შანტაჟი, რომელიც მომდინარეობს გარე ძალებისგან მათ მიერ მართული შიდა აქტორების გამოყენებით, ემსახურება საქართველოში და მთლიანად რეგიონში პროცესების ესკალაციას.
„არაერთხელ აგვიღნიშნავს, რომ, უკრაინაში ომის დაწყებიდან მოყოლებული, საქართველომ უმძიმეს ზეწოლას გაუძლო, რაშიც, ხელისუფლებასთან ერთად, ჩვენმა საზოგადოებამ უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. ქართველმა ხალხმა მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ უჩვენა, რომ სირთულეებსა და უსამართლობას ერთიანობით, ეროვნული ინტერესებისა და ჩვენში ღრმად გამჯდარი ღირებულებების ერთგულებით ვპასუხობთ.
„ჩვენმა ხალხმა დაამტკიცა, რომ თითოეული გადაწყვეტილება სამშობლოს სიყვარულით არის ნაკარნახევი და ისტორიის რთულ, გადამწყვეტ ეტაპზე ყოველთვის საკუთარი ქვეყნის დაცვის სადარაჯოზე დგას, სახელმწიფო კი კანონისა და კონსტიტუციის ერთგულებით მოქმედებს. ამგვარი ერთიანობა რომ არა, ერთი არასწორი ნაბიჯი, ერთი დათმობაც კი ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის დამღუპველი იქნებოდა!" - თქვა მან.
ოკუპაცია
პრეზიდენტის შეფასებით, „ქვეყნისთვის მთავარ გამოწვევად რჩება ისტორიული ტერიტორიების ოკუპაცია", სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი ადრე თუ გვიან „აუცილებლად მიგვიყვანს საქართველოს გაერთიანებასთან".
„ჩვენი ნაბიჯები ადასტურებს, რომ არა მხოლოდ ვსაუბრობთ მშვიდობაზე, არამედ რეალურად ვზრუნავთ მის უზრუნველყოფაზე, რაც ნდობის აღდგენისა და ჩატეხილი ხიდების ხელახლა აგების გზაზე მნიშვნელოვან წინაპირობად შეიძლება გადაიქცეს.
„სამშვიდობო პოლიტიკა, ეკონომიკური წინსვლა და კეთილდღეობის მაღალი ხარისხი არის გზა, რომელიც ადრე თუ გვიან აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საბოლოო გაერთიანებასთან. ამის რწმენას კი ჩვენი საერთო ისტორია, კულტურა და ღირებულებები გვიმყარებს", - განაცხადა ყაველაშვილმა.
საგარეო პოლიტიკა
ყაველაშვილის თქმით, საგარეო პოლიტიკაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია „ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან".
- ყაველაშვილი: „ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის" შეთავაზებაში".
„განსაკუთრებით უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ევროპული ბიუროკრატია უხეშად ერევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ხელმძღვანელობს ორმაგი სტანდარტებით. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ უჭირთ შეგუება, რომ საქართველო არის სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო. ისინი ჩვენს ქვეყანას თავიანთი გეოპოლიტიკური პროექტის ნაწილად აღიქვამენ, რომლის ფარგლებშიც საქართველომ მათ მიერ დასახული კონკრეტული მიზნები უნდა შეასრულოს. მოუწევთ მათ შეგუება, რომ საქართველო არის დამოუკიდებელი, სუვერენული და ღირსეული სახელმწიფო.
„რაც შეეხება ამერიკის შეერთებული შტატებს, ჩვენი მხრიდან დაფიქსირებულია სრული მზადყოფნა სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენისა და ურთიერთობის სუფთა ფურცლიდან დაწყების შესახებ, რაც გამოიხატა „პარტნიორობის გზამკვლევის" შეთავაზებაში, რომელშიც დეტალურად იქნებოდა გაწერილი ორივე ქვეყნის ინტერესები", - განაცხადა ყაველაშვილმა.
განათლება
პრეზიდენტის თქმით, ჩვენი მიზანი ისეთი განათლების სისტემის შექმნა უნდა იყოს, „რომელიც ცოდნის მაღალ ხარისხთან ერთად, საკუთარი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის განცდას ჩვენს მომავალ თაობებს ადრეული ასაკიდანვე აზიარებს".
„მჯერა, რომ რეფორმის განხორციელების შემდეგ მივიღებთ თანამედროვე გამოწვევების შესაბამის, გამართულ სისტემას, რომელიც მოსწავლისა და მასწავლებლის, სტუდენტისა და პროფესორის საჭიროებებზე იქნება მორგებული და საქართველოს ეროვნულ, სახელმწიფოებრივ ინტერესებს მოემსახურება, გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ქვეყნის სწორი მიმართულებით განვითარებას უზრუნველყოფს", - აცხადებს ყაველაშვილი.
სპორტი
პრეზიდენტის თქმით, „სასწრაფოდ უნდა შევქმნათ ინფრასტრუქტურა, რათა ჩვენი მოსახლეობა ჩაერთოს ჯანსაღ ცხოვრებაში და სპორტული აქტიურობით იყოს დაკავებული".
„წინა ხელისუფლების დროს არაერთი მავნე დანაშაული გამოვლინდა. ამ ხალხმა სპორტის უნივერსიტეტი გააუქმა. ამან გამოიწვია, რომ საქართველო არაგადამდები დაავადების სიკვდილიანობის სტატისტიკით, ევროპის ქვეყნებში მოწინავე იყო - ეს ჭარბწონიანობა... ეს შედეგი მოიტანა მათმა პოლიტიკამ", - განაცხადა ყაველაშვილმა პარლამენტში.