
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციამ, დასავლური მედიის შეფასებით, 2026 წელს ევროპისთვის გამოღვიძების ზარი დარეკა. ლიდერებმა განიხილეს ტრანსატლანტიკურ ალიანსი შიდა პრობლემები, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და გლობალური უსაფრთხოების სხვა გამოწვევები, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ-სა და ევროპას შორის ერთიანობის შენარჩუნება აუცილებელია. ღონისძიების ხელმძღვანელის თქმით კი, კონფერენციამ „აჩვენა, თუ რამდენად განსხვავებულად აღიქვამს ამერიკა მსოფლიოს ტრამპის პირობებში".
მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ათწლეულების განმავლობაში საინფორმაციო ფორუმს წარმოადგენს - ადგილი, სადაც მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს ხვდებიან, რათა მსოფლიოში არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილონ.
„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია, გარკვეული გაგებით, ევროპული საშინელება იყო", - ამის შესახებ ღონისძიების ხელმძღვანელმა, კრისტოფ ჰოისგენმა განაცხადა.
მისი თქმით, ამავე დროს კონფერენციამ „დიდი სიცხადეც მოიტანა" - დასავლეთმა აჩვენა, რომ „ამერიკა ტრამპის ლიდერობის პირობებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობს".
„ჩვენ ასევე შევამჩნიეთ, რომ რესპუბლიკელი სენატორებიც კი ძალიან ფრთხილად არიან საჯაროდ საუბრისას, რადგან ეშინიათ თავიანთი პრეზიდენტის", - განაცხადა ჰოისგენმა.
- კრისტოფ ჰოისგენ: „ამერიკა ტრამპის ლიდერობის პირობებში სხვა პლანეტაზე ცხოვრობს".
რუსეთსა და უკრაინას შორის შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებებზე საუბრისას მან აღნიშნა, რომ ევროპამ ერთიანობა უნდა შეინარჩუნოს:
„ჩვენ გაცილებით მეტი ძალა უნდა გამოვავლინოთ. ევროპას არა მხოლოდ სურს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა, არამედ უნდა შეიმუშაოს საკუთარი უსაფრთხოების გეგმა უკრაინისთვის".
„გაიღვიძებს" თუ არა ევროპა ცვალებად სამყაროში
კონფერენციამდე რამდენიმე დღით ადრე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა: „ეს უნდა იყოს გამოღვიძების მომენტი. ევროპის გამოღვიძების დროა".
მაკრონი და გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ. როგორც ბრიტანული „გარდიანი" წერს, მათი მთავარი გზავნილი ევროპული ძალებისთვის ახალი, დამოუკიდებელი გზის განსაზღვრა იყო და ამავდროულად ვაშინგტონთან ალიანსის შენარჩუნება.
ორივე ლიდერმა გამოაცხადა, რომ მათ ევროპული ბირთვული შემაკავებელი ძალის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს
საინტერესო განცხადება გააკეთა ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა კირ სტარმერმაც. მან განაცხადა, რომ ევროპასთნ უფრო მჭიდრო თავდაცვის ურთიერთობის მომხრეა.
ევროპის „მძინარე გიგანტად" მოხსენიების შემდეგ, სტარმერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის უფრო მჭიდრო თავდაცვის ურთიერთობები არ გულისხმობს დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ურთიერთობების ან ნატო-ს შესუსტებას.
შეუძლიათ თუ არა აშშ-სა და ევროპას ერთიანობის შენარჩუნება
აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წლევანდელ კონფერენციაზე უფრო შემრიგებლური ტონი ჰქონდა, ვიდრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს 2025 წელს - ამას ბევრი გავლენიანი გამოცემა უსვამს ხაზს.
„(აშშ) ღრმად არის დაკავშირებული ევროპასთან , ჩვენი მომავალი ყოველთვის დაკავშირებული იყო და ასეც გაგრძელდება", - თქვა რუბიომ.
იმის საპასუხოდ კი, თუ როგორ აპირებდა აშშ ტრამპის მმართველობის დროს ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნას, რუბიომ თქვა:
„ჩვენ მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში, ეს მარტო გავაკეთოთ, (მაგრამ) ეს ჩვენი უპირატესობაა და იმედი გვაქვს, რომ ამას თქვენთან, ჩვენს მეგობრებთან ერთად გავაკეთებთ აქ, ევროპაში".
- ფრიდრიხ მერცი: „დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს. ატლანტიკის ორივე მხარეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ."
გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა კონფერენციაზე გამოსვლისას პირდაპირ განაცხადა, რომ „ევროპასა და შეერთებულ შტატებს შორის ბზარი გაჩნდა". ხოლო მის სიტყვებს - „ჩვენ არ გვჯერა ტარიფებისა და პროტექციონიზმის, არამედ თავისუფალი ვაჭრობის", - დარბაზში აპლოდისმენტები მოჰყვა.
„დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის ეპოქაში, შეერთებული შტატებიც კი ვერ იქნება საკმარისად ძლიერი, რომ მარტო იმოქმედოს. ატლანტიკის ორივე მხარეს უნდა გავაცნობიეროთ, რომ ერთად უფრო ძლიერები ვართ. ასე რომ, მოდით ერთად აღვადგინოთ და გამოვაცოცხლოთ ტრანსატლანტიკური ნდობა", - განაცხადა მერცმა.
- მედიის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს წლევანდელ კონფერენციაზე უფრო შემრიგებლური ტონი ჰქონდა, ვიდრე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსს 2025 წელს
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელმა, კაია კალასმა დაგმო აშშ-ის მიერ ევროპის კრიტიკა და თქვა: „როდესაც მთელ მსოფლიოში ვმოგზაურობ, ვხედავ ქვეყნებს, რომლებიც ჩვენით აღფრთოვანებული არიან, რადგან ჩვენ წარმოვადგენთ ღირებულებებს, რომლებიც დღემდე მაღალი შეფასებით სარგებლობს".
ტრამპს კვლავ სურს გრენლანდია?
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა და გრენლანდიის პრემიერმა იენს-ფრედერიკ ნილსენმა, პარასკევს კონფერენციის ფარგლებში რუბიოსთან 15-წუთიანი შეხვედრა გამართეს, რომელსაც ფრედერიკსენი „კონსტრუქციულს" უწოდებდა.
თუმცა, ერთი დღის შემდეგ, მან არქტიკის უსაფრთხოების შესახებ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა, რომ, მისი აზრით, ტრამპს გრენლანდიის ფლობა კვლავ სურს, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს მისი ჩამორთმევის შესახებ მუქარა შეამცირა
„ყველა გვეკითხება - ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა? მაგრამ არა, ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი დამთავრდა", - თქვა ფრედერიკსენმა.