ნატალია ჯვარიძე
17.02.2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის" პარლამენტში ამზადებს ამნისტიის შესახებ კანონს, რომელიც 2024-2025 წლებში საპროტესტო აქციებზე დაკავებულების შეწყალებასა და ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს. როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით მმართველი პარტიის პოზიცია, წინასწარ ძნელი სათქმელია, თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ამგვარ შეწყალებას თავად „ოცნების" მხარდამჭერთა ნაწილიც გამართლებულად მიიჩნევს.

აქციებზე დაკავებულთა შეწყალების საკითხი წინასაახალწლო დღეებშიც აქტუალური იყო. 19 დეკემბერს მაშინ მომღერალმა „უცნობმა" (გია გაჩეჩილაძე) თავის გადაცემაში „უცნობის კიდობანი" პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს საპროტესტო აქციებზე დაკავებულთა ნაწილის შეწყალება სთხოვა. ამის პარალელურად პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ზოგიერთ განცხადებაში იკითხებოდა მინიშნებები, რომ ხელისუფლებას შეიძლება განეხილა ეს საკითხი. შესაბამისად, გაჩნდა მოლოდინი, რომ საახალწლოდ შეწყალება შეიძლება მართლაც მომხდარიყო.

გარდა ამისა, აქციებზე დაკავებულთა გათავისუფლებას ემხრობოდა ეკლესიაც. 31 დეკემბერს საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნების" ეთერში დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, რომ პატიმრების გათავისუფლებაზე თავად ორჯერ ესაუბრა ხელისუფლებას. ერთხელ კი ეს საკითხი „ქართული ოცნების" პრემიერთან პატრიარქის მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმაც დააყენა, თუმცა უშედეგოდ.

გახარიას პარტიის ინიციატივა

ამნისტიის ახალ კანონპროექტზე ექსპრემიერის პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე შალვა კერესელიძემ სამშაბათს ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პოლიტიკური აქტი იქნება.

კერესელიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით მისულ პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილსაც მიმართა, რომ მას მხოლოდ აღნიშნული საკითხის მხარდაჭერის შემთხვევაში ექნება დეპოლარიზაციასა და ქვეყნის დამშვიდებაზე საუბრის უფლება.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „მგონი ეს კანონპროექტი ჩავარდება. რატომ დააწერინებენ გახარიას ქულებს? თუ შეწყალება უნდათ, ამას თვითონაც გააკეთებენ."

შეცდომა იყო ის, რომ საპროტესტო აქციებზე ქალების და ბავშვების დამსახიჩრებელი, წინა ხელისუფლების დროინდელი, სანქცირებული „ხარება" და მისი რაზმი ღირსების ორდენით დააჯილდოვეთ.

„თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, რომ უსამართლოდ დატყვევებული სტუდენტები სახლში გაგეშვათ, რაც ვერ გააკეთეთ. მშვიდობაზე და დეპოლარიზაციაზე საუბრობთ, მაგრამ თქვენ ეს ნაბიჯი ვერ გადადგით და ეს ჰუმანური აქტიც პოლიტიზებულ ინსტრუმენტად აქციეთ.

„გამკაცრებული კანონებით კი ნუ ცდილობთ, რომ აღიარება მოიპოვოთ; თუ გინდათ, რომ ხელისუფალი გერქვათ, ჰუმანური ნაბიჯები გადადგით", - მიმართა მიხეილ ყაველაშვილსა და „ქართული ოცნების" უმრავლესობას შალვა კერესელიძემ.

დათანხმდება თუ არა „ოცნება"

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლება პატიმრების გათავისუფლებაზე უარს იტყვის.

„ამას წინათაც იყო მსჯელობა შეწყალებაზე და ჩავარდა. აშკარად „ოცნებაში" რაღაცამ არ იმუშავა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს. შეწყალება დასავლეთთან შერიგებით უნდა მოხდეს, რისთვისაც ხელისუფლება მზად არ არის. თან მარტო გახარიას ანგარიშს არ გაუწევენ და მგონი ეს კანონპროექტიც ჩავარდება. რატომ დააწერინებენ გახარიას ქულებს? თუ შეწყალება უნდათ, ამას თვითონაც გააკეთებენ.

„წინა სავარაუდო შეწყალებას ხელისუფლების მხარდამჭერებიც კი დადებითად უყურებდნენ, ბევრმა საჯარო პირმა მოიწონა. თუმცა მერე, როცა არ შეიწყალეს, საზოგადოებამ გაატარა და რაიმე დიდი მღელვარება არ მოჰყოლია. ალბათ, ახლაც ასე იქნება. არჩევნებამდე დრო აქვთ და ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენს", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა „რეზონანსთან".

  • რამაზ საყვარელიძე: „ბევრი ემხრობა იმას, რომ შეწყალების მექანიზმით მათი პატიმრობის ვადა შემცირდეს, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებიც."

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი ვარაუდობს, რომ მმართველი პარტია პატიმრებს შეიწყალებს.

„ბევრი ემხრობა იმას, რომ შეწყალების მექანიზმით მათი პატიმრობის ვადა შემცირდეს, მათ შორის ხელისუფლების მხარდამჭერებიც. გამომჟავნდა „ოცნების" პოლიტიკის ის მხარე, რომ სიმკაცრე გამოიჩინეს და შეიძლება აღარ ეხალისებათ სიმკაცრის გაგრძელება. სხვა თუ არაფერი, ევროპელებს დაყვედრების საგანი აღარ ექნებათ.

„თუ ასე არ მოხდა, მაშინ გააჩნია რა პუნქტი იქნება უარის საფუძველი. „ოცნება" დღემდე ლაპარაკობს, რომ ეს არ არის პოლიტიკური პატიმრობა და მათ კანონი დაარღვიეს. თუკი შემდეგ ეტაპზე აღმოჩნდება, რომ კანონი არ ითვალისწინებს მათ შეწყალებას, ხელისუფლება იგივე პოზიციას დაიკავებს და თუ იძლევა გათავისუფლების საშუალებას, მაშინ ამას გააკეთებს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×