ლაშა ინაური: "დღესდღეობით ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება პლასტიკია, მაგრამ მისი მოხმარება უკვე დიდ რისკებს უკავშირდება"
ქეთო გოგოხია
17.02.2026

პლასტმასის ჭურჭლის გამოყენება საქართველოში თითქმის სრულად აიკრძალება. ეს ნიშნავს, რომ პლასტკის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათი ადგილობრივ ბაზარზე აღარ გაიყიდება - არც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია და არც იმპორტირებული. აკრძალვა გავრცელდება პლასტმასის ბოთლებზეც, რომელსაც სასმელების მწარმოებლები იყენებენ. საკანონმდებლო ცვლილების მიზანი ეკოლოგიური უსაფრთხოება და საქართველოს მოსახლეობის  ჯანმრთელობის დაცვაა, რა მხრივაც ერთ-ერთ სერიოზულ საფრთხეს სწორედ პლასტმასის გამოყენება წარმოადგენს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა პლასტმასის იმ პროდუქციის გამოყენების ეტაპობრივ აკრძალვაზე, რომელიც სურსათთან პირდაპირ კონტაქტშია.

უკვე მომზადებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც 2026 წლის 1-ლი ივლისიდან აიკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათის მიწოდება, ხოლო 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან აიკრძალება პლასტმასის მასალაში ან ნაკეთობაში შეფუთული ან განთავსებული სურსათის წარმოება (გარდა ექსპორტის მიზნით), იმპორტი და ბაზარზე განთავსება. დადგენილება შეეხება არა მხოლოდ სასმელებს, არამედ ნებისმიერი კატეგორიის სურსათს. გამონაკლისი წესი მზესუმზირის ზეთსა და 10 ლიტრი და მეტი მოცულობის სასმელ წყალზე გავრცელდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, რომლის განცხადებითაც, სამინისტრომ შეიმუშავა პლასტმასის მოხმარების ისეთი მოდელი, რომელიც აბალანსებს ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის, ასევე, მეორე მხრივ ეკონომიკურ ინტერესებს, ამასთან, უზრუნველყოფს რეგულაციების გონივრულ ვადებში დანერგვას და ამოქმედებას.

,,უკვე მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი, რომლითაც პირველი ივლისიდან, იკრძალება საზოგადოებრივი კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის მიწოდება. 2027 წლის პირველი თებერვლიდან, იკრძალება პლასტმასის მასალაში მოთავსებული სურსათის წარმოება, იმპორტი და ბაზარზე განთავსება, რაც არ ეხება გარკვეული კატეგორიის პროდუქტებს და ეს ასახულია შესაბამის ნორმატიულ დოკუმენტებში. ეს ცვლილებები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უკეთ ვიზრუნოთ გარემოზე და ადამიანების ჯანმრთელობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.

კანონმდებლები განმარტავენ, რომ პლასტმასის ბოთლებით სასმელის რეალიზაციის აკრძალვის გეგმები არის გარემოსდაცვითი პოლიტიკის ნაწილი, რომლითაც ევროკავშირს დავუახლოვდებით. როგორც დეპუტატმა ნინო წილოსანმა აღნიშნა,  ეს გზა  ევროკავშირის ყველა ქვეყანამ გაიარა.

ცნობილია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო  რეგულარულად თანამშრომლობს კერძო სექტორთან - სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან, კვების ობიექტების წარმომადგენლებთან და ბიზნესასოციაციებთან.

რას მოიცავს საკანონმდებლო ცვლილება, რა გამოწვევებია მწარმოებლებისთვის და არის თუ არა მზად სექტორი სიახლის მისაღებად? გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის პოლიტიკის დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა ლაშა ინაურმა ,,რეზონანსთან" კონკრეტულ დეტალებზე ისაუბრა.

,,მთავრობის დადგენილების პროექტის თანახმადაც, გარკვეული შეზღუდვები ორ ეტაპად განხორციელდება. ორივე ეხება სურსათს, რომელიც პლასტმასის ნაკეთობებთან ან საგნებთან არის შეხებაში. შესაბამისად, 2026 წლის 1-ლი ივლისიდან კვების ობიექტებს არ  ექნებათ უფლება მომხმარებელს პლასტმასში განთავსებული სურსათი მიაწოდონ ნებისმიერი ფორმით, იქნება ეს სასმელი წყალი თუ ნებისმიერი სხვა სურსათი. 2027 წლის 1-ლი თებერვლიდან კი აიკრძალება იმპორტიც და წარმოებაც, გარდა საექსპორტო წარმოებისა. 

ცხადია, შევხვდით სექტორის წარმომადგენლებს, პირველ ეტაპზე იმ მეწარმეებს, რომლებსაც ახალ სტანდარტზე გადაწყობა მოუწევთ. მათი მხრიდან ხაზი გაესვა, რომ გარდამავალი პერიოდი სჭირდებათ. ცხადია, აუცილებელია ალტერნატიული  მასალის მოძიება, ეს შეიძლება იყოს მინა, ქაღალდი, თუნუქი და სხვა, რაც კანონმდებლობით დაშვებულია. დღესდღეობით ყველაზე იაფი და ხელმისაწვდომი საშუალება პლასტმასია, მაგრამ მისი მოხმარება გარკვეულ რისკებს უკავშირდება. 

ვაცნობიერებთ, რომ შეფუთვისა და ნარჩენების მართვის კუთხით მწარმოებლებს საწყის ეტაპზე გარკვეული პროპრობლემა შეექმნებათ, მაგრამ ჩვენ შემოვიღებთ ტექნიკურ რეგლამენტს, რომელიც შესაძლებელს გახდის, მომხმარებლებმა გამოყენებული ბოთლები ჩააბარონ და ხელმეორედ გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდეთ", - განაცხადა ლაშა ინაურმა "რეზონანსთან" საუბრისას.

მისივე ინფორმაციით, დადგენილება გარკვეულ გარდამავალ პერიოდს ითვალისწინებს. კერძოდ, პლასტმასისაგან დამზადებული ჩანგლები, დანები, კოვზები, ჩხირები, თეფშები, საწრუპები, სასმელის მოსარევები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული სასურსათო კონტეინერები და მათი თავსახურები, გაფართოებული პოლისტიროლისგან დამზადებული ჭიქები და მათი თავსახურები, რომლებიც განთავსებულია ბაზარზე ამ დადგენილების ამოქმედებამდე, დასაშვები იქნება, ბაზარზე განთავსებულ იქნას დადგენილების ამოქმედებიდან სამი თვის განმავლობაში.

როგორც ლაშა ინაურმა განაცხადა, გარკვეული რისკებიდან გამომდინარე, მსოფლისო წამყვანმა ქვეყნებმა პლასტმასის გამოყენებაზე უარი განაცხადეს და იგივე გზის გავლა უწევს საქართველოსაც, რაც ევროდირექტივებთან პირდაპირ შესაბამისობაშია. 

პლასტმასით დაბინძურება გლობალური მასშტაბის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო თანამეგობრობა აქტიურად იღებს ზომებს პლასტმასით დაბინძურების შემცირების მიზნით.

გაეროს განვითარების პროგრამის ჩატარებული კვლევის მონაცემებით, საქართველოში ყოველწლიურად მოიხმარება დაახლოებით 613.5 მილიონი ერთეული ერთჯერადი პლასტმასის პროდუქცია, რაც  დაახლოებით 3.9-5.9 ათას ტონას შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×