
ყოფილმა ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი 6 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ სუს-ში დაკითხვაზე. დავითაშვილი აცხადებს, რომ საუბარი შეეხებოდა საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგებას და ევროპის გაზით მომარაგებაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებულ რისკებს. სუს-ში კი აცხადებდნენ, რომ საქმე ეხება კონკრეტულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულებას.
რატომ დაინტერესდა სუს-ი ამ საკითხით, რა საქმეზე მიდის გამოძიება, რომელ ხელშეკრულებაზეა საუბარი და ელოდება თუ არა დაკავებას - სუს-ის შენობიდან გამოსულმა ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტების ეს კითხვები უპასუხოდ დატოვა.
მისი თქმით, სუს-ში განიხილეს, თუ როგორ უნდა მოხდეს მომავალში საქართველოს სტაბილური გაზმომარაგება, მან კი „დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მისცა და ამას დასჭირდა დრო".
მანამდე სუს-მა გაავრცელა განცხადება, რომ „ყოფილი ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი გიორგი ჩიქოვანი სუს-ის ანტიკორუფციულ დეპარტამენტში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მსხვილ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით იკითხებოდნენ".
ოპოზიციაში ამბობენ, რომ სუს-ში გამოკითხვები და უკვე შემდგარი დაკავებების სერია არა კორუფციასთან რეალური ბრძოლა, არამედ შიდა კლანური დაპირისპირების შედეგია და ეს რეალური ანტიკორუფციული პოლიტიკა არაა. ხელისუფლების თქმით კი ეს დაბარება არ ნიშნავს, რომ რაიმე ეჭვი და ბრალდების წინაპირობა არსებობს.
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ „დეტალები არ იცის", თუმცა, ეს დაბარება არ ნიშნავს, რომ კონკრეტული მაღალჩინოსნების მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს.
„ზოგადად, გამოკითხვაზე ყოფნა არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი არსებობს. ეს ჩვეულებრივი ამბავია. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ყოფილი მინისტრი იქნეს დაბარებული, ან რომელიმე ადმინისტრაციის რომელიმე დეპარტამენტის, სტრუქტურის ხელმძღვანელი ან მუშაკი. ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან რაიმე ბრალდების წინაპირობა არსებობს", - განაცხადა ვოლსკიმ.
- გია ვოლსკი: ნებისმიერ საკითხზე შეიძლება დაიბარონ ყოფილი მინისტრი... ეს არ ნიშნავს, რომ მის მიმართ რაიმე ეჭვი ან ბრალდების წინაპირობა არსებობს".
„ლელო - ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი სიორიძე ამბობს, რომ ამას კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„ჩვენ ვაკვირდებით იმას, როგორ მიმდინარეობს „ქართული ოცნების" სხვადასხვა კლანს შორის დაპირისპირება, ბრძოლა. ამით რეჟიმმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ის, რაზეც ვსაუბრობდით ამდენი წლის განმავლობაში - რომ ქვეყანაში არის წარმოუდგენელი მასშტაბის სისტემური კორუფცია, მასში ჩართულია სახელმწიფო მანქანის ყველა რგოლი. რა თქმა უნდა, ამას არანაირი კავშირი არ აქვს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან", - ამბობს სიორიძე.
რა თქვა დავითაშვილმა
ყოფილმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, რომ სუს-ში საქართველოს გაზმომარაგების საკითხი განიხილეს.
„ჩვენ განვიხილეთ საქართველოს გაზით მომარაგების საკითხი, ალბათ იცით, რომ რამდენიმე წელიწადია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაში ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან.
- ლევან დავითაშვილი: „ძალიან ლოგიკური კითხვები... იყო კითხვები - რამდენად შეიძლება მომარაგების კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა გარკვეულ რისკებს ქმნიდეს, ან არ ქმნიდეს."
„ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია მივეცით და, შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები... იყო კითხვები - რამდენად შეიძლება მომარაგების კუთხით ჩვენი აქტიური მონაწილეობა გარკვეულ რისკებს ქმნიდეს, ან არ ქმნიდეს. აქედან გამომდინარე, ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი ამომწურავად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი, რაც ჩვენ განვიხილეთ.
„ასევე განვიხილეთ ის, მომავალში საქართველოში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომელსაც ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებები გრძელვადიანად გარანტირებული გვაქვს, ხოლო გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო, ეს საკითხებიც განვიხილეთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ხამურიანი დაკავებების სერია
ყოფილი მაღალჩინოსნის ბოლო ხმაურიანი დაპატიმრება 2026 წლის 27 იანვარს მოხდა, როდესაც ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილიე ილია ღუდუშაური 2022 წლის სახელმწიფო შესყიდვების ტენდერთან დაკავშირებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს.
ყველაზე სკანდალური კი ექსპრემიერ ირაჯლი ღარიბაშვილის საქმე იყო, რომელიც 2026 წლის 12 იანვარს სასამართლოში დააკავეს და პირდაპირ რუსთავის ციხეში გადაიყვანეს. მან პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა და საბოლოოდ მიიღო 5-წლიანი პატიმრობა, 1 მილიონი ლარის ჯარიმა, ორი ავტომობილის ჩამორთმევა და 6,5 მილიონი აშშ დოლარის კონფისკაცია. ღარიბაშვილს ბრალად ედება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია.
ამას კი წინ უძღოდა კორუფციული სკანდალებისა და დაკავებების მთელი სერია:
2025 წლის 21 ივნისს, სუს-მა ეკონომიის მინისტრის ყოფილი მოადგილის რომეო მიქაუტაძის დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. მას ედავებიან უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას.
2025 წლის 11 სექტემბერს სუს-მა ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე დააკავა. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტითა და 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2025 წლის 30 ოქტომბერს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია დააკავეს, ყოფილი მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის სახლში კი ჩხრეკა ჩატარდა. გაბუნიას მოსამართლემ ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.
2025 წლის 23 დეკემბერს სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს, მას განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავებიან, თუმცა ბრალს არ აღიარებს. მას 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
ამავე დღეს თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა. მისი საქმე ლილიუაშვილს უკავშირდება, გამოძიების თანახმად, „გრიგოლ ლილუაშვილი თავისი თანამდებობრივი მდგომარეობის გამოყენებით, ქრთამის აღების სანაცვლოდ, მფარველობას უწევდა თავის მეგობარს, თბილისის მერიის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, კახა გვანცელაძეს, რომელიც საბავშვო ბაღების მიერ განსახორციელებელი შესყიდვების ხელშეკრულებების გაფორმებაში მეწარმე სუბიექტებისგან ქრთამის სახით განსაკუთრებით დიდი ოდენობის თანხებს, ე.წ. ,,ატკატებს" იღებდა.