სპეციალისტები ავტომობილების იმპორტზე 6-წლიანი შეზღუდვის 8-10 წლამდე გაზრდას ითხოვენ
თამარ ვეფხვაძე
17.02.2026

ცვლილება, რომლითაც საქართველოში, 1-ლი აპრილიდან, 6 წელზე მეტი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება, ერთდროულად, რამდენიმე სერიოზულ პრობლემას შექმნის. პირველი, ისაა, რომ მეორადი ავტომობილები და სათადარიგო ნაწილები გაძვირდება, რადგან 6 წლის და უფრო პატარა ასაკის დაშლილი ავტომობილის პოვნა არც ისე მარტივი იქნება, რაც მეორად ნაწილებზე დეფიციტს შექმნის. გარდა ამისა, დარგის სპეციალისტები სხვა პრობლემებზეც ამახვილებენ ყურადღებას, კერძოდ, ამ აკრძალვით ავტოპარკის განახლება გაჭირდება, რადგან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებს 6 წლამდე ასაკის მანქანის შეძენას და ეცდება, თავისი კუთვნილი ძველი ავტომობილის შენარჩუნებას, ეს კი ეკოლოგიურ პრობლემას ნამდვილად ვერ მოაწესრიგებს. რაც მთავარია, პრობლემა შეექმნება მათ, რომელთა საქმიანობაც ავტომობილებთან არის დაკავშირებული. 

„ავტობანის“ დამფუძნებელი, ბაკურ ხუნდაძე აცხადებს, რომ ბაზარზე 6 წლის და უფრო პატარა ასაკის დაშლილი ავტომობილის პოვნა გაჭირდება. ეს კი მეორად ნაწილებზე დეფიციტს შექმნის. 

„მეორადი ნაწილებისა და დაშლილი მანქანების შეთავაზება, ალბათ, შემცირდება. 6 წლის მანქანას დასაშლელად ვერ იპოვი. რომ დაშალო, ხომ უნდა ჩამოიყვანო და თუ ჩამოვა, ასეთი მანქანები გასაყიდად ჩამოვა. ახალ ნაწილებს ეს არ ეხება საერთოდ, ამ კუთხით არაფერი შეიცვლება.

აქედან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ მეორადი ნაწილების დეფიციტი შეიქმნება. დაშლილი მანქანების ნაწილები შესაძლოა, გაძვირდეს. მოუგვარებელი არ იქნება, მაგრამ მეორადი ნაწილების კუთხით, სერვისი, სავარაუდოდ, გაძვირდება“, - განაცხადა ბაკურ ხუნდაძემ.

ახალი რეგულაციის მიზანი, როგორც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ განმარტა, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება და ავტოპარკის განახლება იყო, მაგრამ ურბანისტი გიორგი შვანგირაძე ასე არ ფიქრობს. მართალია, „რეზონანსთან“ საუბრისას მან დაადასტურა, რომ ავტომობილების ასაკობრივი შეზღუდვა ცუდი არ არის, ვინაიდან აქამდე მოქმედი რეგულაციით (რომლითაც 2013 წლამდე გამოშვებული მანქანები აიკრძალა), ქვეყანაში ძველი ავტომობილები აღარ შემოდიოდა და ავტოკარკი განახლდა, თუმცა 6 წელი ისეთი ასაკია საშუალო ფენის ადამიანებს გაუჭირდებათ მანქანის შეძენა. 

„რაც შეეხება საშუალოზე მაღალ ფენას, მათთვის ისედაც ამ წლოვანების ავტომობილებია პრიორიტეტი და ახალი რეგულაცია დიდად სადარდებელი არ არის. მეორე მხრივ, ადამიანები, რომლებსაც სურდათ ძველი მანქანის განახლება, ასე ადვილად ვეღარ შეიძენენ ახალს და შეეცდებიან, ძველი შეინარჩუნონ. ამ შეზღუდვით, გაჭირდება ავტოპარკის განახლება ქვეყანაში. შესაძლოა, პირიქითაც მოხდეს, ანუ უფრო გაიზარდოს ძველი მანქანების წილი, რადგან ბევრი ადამიანი ვერ შეცვლის. დიახ, ეკოლოგიური თვალსაზრისით, ცუდი არ არის ახალი ავტომობილების შემოყვანა ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ეს პროცესი გაჭირდება - ბევრი ვერ შეძლებს ახალი ავტომობილების შემოყვანას“, - განუცხადა „რეზონანსს“ გიორგი შვანგირაძემ. 

ამ რეგულაციის პოზიტიური ასპექტი ის არის, რომ ჰიბრიდული და ელექტრომობილების შემოყვანას წაახალისებს. თუმცა, ესეც პირობითია, რადგან მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ჰიბრიდული და ელექტრომობილების შეძენაც არ არის ხელმისაწვდომი.  

„ვფიქრობ, ცოტა გადახედვა სჭირდება ამ კანონპროექტს. ჩემი აზრით, ის რეგულაცია, რაც არსებობს - ვგულისხმობ 2013 წელს ქვემოთ მანქანების შეზღუდვას, სჯობს, შეცვლილიყო 10 წლამდე, ანუ აგვეკრძალა 10 წელზე მეტი მანქანების შემოყვანა. ასეთი 10 წლის მანქანა საკმაოდ გამოსადეგია და არც ისეთი ძველია, რომ ეკოლოგიურად დიდი საფრთხე შექმნას. 

ვინაიდან ჰიბრიდულ და ელექტრომობილებზეა აქცენტი, მათი განბაჟების ტარიფიც უნდა შეამციროს და ამით მოახდინონ წახალისება. მიმაჩნია, რომ ავტომობილების ასაკობრივი შეზღუდვა 10 წელი უნდა იყოს, ოღონდ ამ 10 წელში უნდა შევიდეს ელექტრომობილებიც და ჰიბრიდული ავტომობილებიც. ამაზე ძველი მანქანა აღარ შემოვიდეს ქვეყანაში. შესაძლოა, ყველასთვის ხელმისაწვდომი ესეც არ იყოს, მაგრამ საშუალო ფენა შეიძენს 8-9-10 წლის მანქანებს და შედარებით უფრო განახლდება ავტოპარკი“, - დასძინა გიორგი შვანგირაძემ.  

ახალი რეგულაცია კიდევ ერთ პრობლემას შეუქმნის იმ ადამიანებს, რომელთა საქმიანობა დაკავშირებულია ავტომობილებთან. ქვეყანაში უამრავია ადამიანი, რომელთა ყოველდღიურობა წარმოუდგენელია მანქანის გარეშე. ტაქსის მძღოლების გარდა, აქ იგულისმებიან დისტრიბუტორები, სხვადასხვა სახის ხელოსნები და ა.შ. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, მევლუდ მელაძე „რეზონანსთან“ საუბრისას, სწორედ ამ თემაზე ამახვილებს ყურადღებას: 

„როგორც მინიმუმ, ამისთვის საჭირო იყო დისკუსია, გარკვეულ საკითხებზე შეჯერება და მხოლოდ ამის შემდეგ მოქმედება. შესაძლოა, შეზღუდვა სჯობდა აკრძალვას ან 6 წლის ნაცვლად, 8 წელი შემოგვეღო. ბევრი ნიუანსია და კონკრეტული მაგალითებით აგიხსნით. გერმანია არის ქვეყანა, რომელიც აწარმოებს ავტომობილებს, მაგრამ იქ არ არის ასაკობრივი შეზღუდვა. ნებისმიერი წლოვანების ავტომობილი შეგიძლია გერმანიაში შეიყვანო და დაარეგისტრირო. ამის გამო, მათი ავტოპარკი არ ძველდება და არც პრობლემა აქვს. 

ავიღოთ მეორე მაგალითიც, ეგვიპტეში 2000 წელს დაიწყო შეზღუდვების შემოტანა, ჯერ ავტომობილების ასაკი შეამცირეს რამდენჯერმე, შემდეგ გადასახადი გააძვირეს, ბოლოს საერთოდ აკრძალეს ძველი ავტომობილები. თუ ახალი არ არის, ეგვიპტეში ავტომობილს ვერ შეიყვანთ, მაგრამ ავტოპარკი არ გაუმჯობესებულა. მოკლედ, 25 წელი „იომა“ ეგვიპტემ და საბოლოოდ, ჩვენზე უარესი სურათი აქვს. როდესაც გვაქვს კარგი და ცუდი მაგალითები, რატომ ვიღებთ ცუდ მაგალითს? ხომ შეიძლებოდა, ამის ანალიზი? თუ საჯარო განხილვა არ შედგებოდა, ვიწრო წრეში, სპეციალისტებთან განხილულიყო. სფეროს მიხედვით სპეციალისტების შეკრება და დისკუსიის გამართვა არის ყველაზე სწორი, რასაც აკეთებენ ის ქვეყნები, რომლებიც გაცილებით წინ არიან ჩვენზე", - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას მელაძემ.  

მისი აზრით, ახალი რეგულაციის მიხედვით, ავტოპარკის განახლების პროცესი დროში გაიწელება, რადგან ახალი ავტომობილის შეძენა, მისი სიძვირის გამო, გაძნელდება. შესაბამისად, მას, ვისაც ძველი ავტომობილი ჰყავს, მაგრამ ახლით ჩანაცვლებას ვერ ახერხებს, ეცდება, ძველი უფრო დიდხანს შეინარჩუნოს. მეტიც, გართულდება 6 წლის და უფრო პატარა ასაკის დაშლილი ავტომობილის შოვნა და ეს მეორადი ნაწილების დეფიციტს გამოიწვევს. 

„მას, ვისაც "დაშლილები" აქვს და ამ მიმართულებით მუშაობს, ასე ადვილად ვერ გადააწყობს თავის სისტემას. ყველაფერი, რაც ჩვენთან დღეს ხდება, თვითდინებით მიდიოდა და თავისუფალმა ბაზარმა ეს ფორმა მისცა. ახლა, როცა შეზღუდვებს აწესებ, ახალ რეგულაციაზე გადაწყობას, მინიმუმ, დიდი დრო და საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. ამას ბევრი ვერ შეძლებს, რადგან 6 წლის მანქანა დასაშლელად რომ ჩამოიყვანო, ეს ნიშნავს, რომ ძალიან დიდი ინვესტიცია უნდა ჩადო. ერთს და ორს ხომ ვერ ჩამოიყვან? 

თუ გვინდა, რომ ახალი მანქანები შეიძინოს ხალხმა, მაშინ ორი პირობაა: ერთი, რომ ავტომობილების სავალდებულო დაზღვევა უნდა ყოფილიყო და მეორე - ავტომობილების შეძენაზე ლიზინგის პროცენტი ბანკებში ძალიან დაბალი უნდა იყოს. თუ ძალიან დაბალი პროცენტი და სავალდებულო დაზღვევა იქნება, რა თქმა უნდა, შევძლებ, რომ ახალი ავტომობილი შევიძინო, მაგრამ დღეს იმხელაა პროცენტი და თან სავალდებულო დაზღვევაც არ არის, რომ დიდი რისკის ქვეშ ვართ. ამიტომ, ახალი ავტომობილების შეძენას ისევ ის ხალხი გაბედავს, ვინც აქამდე ბედავდა“, - განუცხადა „რეზონანსს“ მევლუდ მელაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×