რეზონანსი
18.02.2026

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ახალი სტრატეგიული გეგმა გამოაქვეყნა, სადაც შემდეგი მიზნებია ჩამოთვლილი:

"საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩართულობა მოხდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აშშ-ის ეროვნულ ინტერესებს უწყობს ხელს.

საერთაშორისო ორგანიზაციები სუვერენული სახელმწიფოების ინტერესების წინსვლისთვის არსებობენ. ისინი არ წარმოადგენენ გლობალურ საკანონმდებლო ორგანოებს, მორალური, პოლიტიკური ან სამართლებრივი ავტორიტეტის დამოუკიდებელ წყაროებს. ისინი სცდებიან თავიანთ ნამდვილ მიზანს, როდესაც აყალიბებენ საკუთარ მომხრეთა ჯგუფს და ცდილობენ ისეთი დღის წესრიგის წინ წამოწევას, რომლის დამტკიცება ან უარყოფა არცერთ მოქალაქეს არ შეუძლია.

წლების განმავლობაში, აშშ-ის ლიდერები დარწმუნებული იყვნენ, რომ გლობალური ურთიერთქმედება თავისთავად კარგი რამ იყო და, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთდაკავშირება გლობალურ მშვიდობას გამოიწვევდა და დიდ სახელმწიფოებს შორის მეტოქეობას მოძველებულს გახდიდა. ეს ოცნება არ ახდა და არც ახდება.

ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები ამ მცდარი იდეების პოპულარიზაციაში თავის გავლენებს ფლანგავდა, რეალურ ცხოვრებაში დიდ სახელმწიფოებს შორის კონკურენციაში ჩვენ პოზიციები დავთმეთ.

დეპარტამენტი აღარ დააფინანსებს ან მხარს არ დაუჭერს საერთაშორისო ორგანიზაციებს ან კონვენციებს, რომლებიც ეწინააღმდეგებიან აშშ-ის ინტერესებს ან ძირს უთხრიან ჩვენს სუვერენიტეტს. ჩვენ აღარ დავემორჩილებით მათ მმართველ, არ არჩეულ საერთაშორისო ბიუროკრატებს. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ჩვენი მოწინააღმდეგეების ხელში იარაღად იქცნენ და გამოიყენონ ამერიკელებზე და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების, მაგალითად, ისრაელის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის. ამის ნაცვლად, ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ ამერიკის გავლენის გაძლიერებაზე და იმ ორგანიზაციებში რეფორმების გატარებაზე, რომელთა საქმიანობა გავლენას ახდენს ჩვენს კონკრეტულ ეროვნულ ინტერესებზე, განსაკუთრებით სტანდარტების დამდგენი ორგანოების საქმიანობაზე, ამავდროულად, უზრუნველვყოფთ მნიშვნელოვან ანგარიშვალდებულებას მათთვის, ვინც საფრთხეს უქმნის ამერიკელებს, ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს.

აშშ-ის მოწინააღმდეგეები, საერთაშორისო ორგანიზაციებს, გლობალური წესრიგის ძირის გამოთხრისთვის ან ჩვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართული დაფინანსების მოსაპოვებლად იყენებენ. ჩვენ, თავის მხრივ, გამოვიყენებთ ამერიკის ლიდერობას, რათა სასარგებლო ორგანიზაციები დაუბრუნდეს თავდაპირველ მიზანს - ანუ შეიქმნას კოალიციები, რომლებიც ნათლად და კონკრეტულად წინ წასწევენ ჩვენს ეროვნულ ინტერესებს.

კერძოდ, ჩვენ ხელახლა უნდა გავამახვილოთ ყურადღება გაეროს პრიორიტეტებზე, რომელმაც მნიშვნელოვნად გადაუხვია თავის მიზანს - საერთაშორისო დავების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტას. ჩვენ შევეწინააღმდეგებით გაეროს 2030 წლამდე დღის წესრიგს და მდგრადი განვითარების მიზნებს (SDGs), რომლებიც ხელს უწყობენ "რბილი" გლობალური მმართველობის დღის წესრიგს, რომელიც შეუთავსებელია აშშ-ის სუვერენიტეტთან და ეწინააღმდეგება ამერიკელების უფლებებსა და ინტერესებს. ჩვენ ვეცდებით დავბლოკოთ რეზოლუციები, რომლებიც ძირს უთხრის აშშ-ს ან ჩვენი მოკავშირეების ინტერესებს, შევაჩერებთ ან პირობებს დავუწესებთ რეფორმების დაფინანსებისთვის, ასევე ხელს შევუწყობთ სამშვიდობო პროცესების მართვას აშშ-ის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, დეპარტამენტი უხელმძღვანელებს ძალისხმევას, მთელ მსოფლიოში ძვირადღირებული და არაეფექტური სამშვიდობო და სპეციალური პოლიტიკური მისიების თანდათანობით გაუქმებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაციების განცხადებები, რომლებიც ეწინააღმდეგება შეერთებული შტატების სუვერენულ უფლებებს, არ და ვერ შეზღუდავს ჩვენს გადაწყვეტილებებს. ჩვენ მტკიცედ ვუპასუხებთ ჩვენი შეზღუდვის ასეთ მცდელობებს, ჩვენს ხელთ არსებული დიპლომატიური და ეკონომიკური ინსტრუმენტების სრული სპექტრის გამოყენებით", - წერია დოკუმენტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×