მარიამ ვეკუა
18.02.2026

ქოლ-ცენტრების საქმეზე ელისო კილაძე დაკავების შემდეგ, გამოძიება ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს ბრალს დაუსწრებლად უყენებს, რაც გახმაურებულ საქმეში მისი როლის შესახებ კითხვებს ამძაფრებს. ვინ არის ოთარ ფარცხალაძე, რომელზეც საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული?

ოთარ ფარცხალაძე საქართველოს მთავარი პროკურორი 2013 წლის ნოემბრიდან იმავე წლის დეკემბრამდე იყო. იგი იძულებული გახდა თანამდებობა მას შემდეგ დაეტოვებინა, რაც გერმანიაში მისი ნასამართლეობის ფაქტი გამჟღავნდა.

თანამდებობის დატოვების შემდეგ ფარცხალაძის ქონება მნიშვნელოვნად გაიზარდა; 2013 წელს მისი ოჯახი თუ უძრავი ქონების ორ ერთეულს ფლობდა, 2018 წელს მისი ქონება 24 ერთეულამდე გაიზარდა, ვკითხულობთ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს გვერდზე.

2017 წელს, ოთარ ფარცხალაძე ბრალდებული იყო აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსის, ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე. ეს უკანასკნელი ამტკიცებდა, რომ თავდასხმა უკავშირდებოდა აუდიტის სამსახურის კვლევას, რომელიც მერიასა და ფარცხალაძის კომპანიის ურთიერთობებს ეხებოდა. საბოლოოდ, 2021 წლის იანვარში საქალაქო სასამართლომ ძალადობაში ბრალდებული ექსპროკურორი გაამართლა. ცემის შემდეგ, მალევე თორდიას ქვეყნის დატოვება მოუწია და 2022 წლის სექტემბერში აშშ-მ მას პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.

2018 წლის სექტემბერში, ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, რომელშიც სავარაუდოდ, „ომეგა ჯგუფის" დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი საუბრობენ. ჩანაწერის თანახმად, ფარცხალაძემ ლევან ყიფიანი გაიტაცა, სარდაფში ჩაკეტა და ცემა. თუმცა მოგვიანებით, ყიფიანმა სატელეფონო ჩანაწერის აუთენტურობა არ დაადასტურა.

ფარცხალაძე ფიგურირებდა ასევე ვანო მერაბიშვილის ციხის საკნიდან სავარაუდო გაყვანის საქმეში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობის მიერ არ იქნა გამოძიებული ვანო მერაბიშვილის განცხადება, რომ თითქოს ის მალულად გაიყვანეს საკნიდან და შეახვედრეს მაშინდელ მთავარ პროკურორ ფარცხალაძეს და ზეწოლის გზით შეეცადნენ მისგან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას. სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ პროკურატურამ გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, თუმცა საქმე დღემდე გამოუძიებელია.

  • ამერიკის მთავრობის მტკიცებით, ფეესბე და მისი ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენაში იყენებენ". ონიშჩენკო ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა"

ოთარ ფარცხალაძეს მჭიდრო კავშირები აქვს მმართველი პარტიის დამფუძნებელთან ბიძინა ივანიშვილთან. ივანიშვილისვე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მისი შვილის ბერა ივანიშვილის ახლო მეგობარია, ბერა ივანიშვილი კი ფარცხალაძის შვილიშვილის ნათლიაა.

2023 წლის 14 სექტემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტის საგარეო აქტივების კონტროლის ოფისმა ფარცხალაძეს რუსეთის უშიშროების ფედერალურ სამსახურთან (ფეესბე) თანამშრომლობის გამო სანქციები დაუწესა.

დოკუმენტის თანახმად, სადაც საქართველოსთვის ცალკე თავია მიძღვნილი - „საქართველოში რუსეთის მავნე გავლენის საპასუხოდ", ფეესბე და მისი ოფიცერი ალექსანდრ ონიშჩენკო ფარცხალაძეს „ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენაში იყენებენ". ონიშჩენკო, რომელიც ასევე დასანქცირდა, ფარცხალაძეს რუსული პასპორტისა და მოქალაქეობის მიღებაში დაეხმარა.

თანამშრომლობის შედეგად, ფარცხალაძემ პირადი სარგებელი მიიღო. მასთან ერთად დასანქცირდა მისი ორი რუსული საკონსულტაციო კომპანია, სადაც ის 50%-იან წილს ფლობს.

სანქცირება გულისხმობს აშშ-ში უძრავი ქონების დაყადაღებას და ქვეყანაში შესვლას.

მანამდე, 2022 წლის 5 სექტემბერს, უკრაინაში კორუფციის პრევენციის ეროვნულმა ცენტრმა ოთარ ფარცხალაძეზე სანქციების დაწესების რეკომენდაცია გასცა. ამ დოკუმენტის თანახმად, ოთარ ფარცხალაძე, რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლის კუთხით, რუსი ბიზნესმენის ვლადიმერ ევტუშენკოვის ინტერესების ლობირებას ეწევა.

ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს, რომელიც ამჟამად რუსეთის მოქალაქეა, ბიზნესმენისა და გავლენიანი კანონიერი ქურდის ძმის, ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაც ედება ბრალად. ფარცხალაძეზე, რომელმაც რუსული მონარქიული გვარი, რომანოვი, დაირქვა საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული. ის ამჟამად რუსეთში იმყოფება, ჯანგველაძის საქმეზე მას 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×