თამთა ჩაჩანიძე
18.02.2026

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ გააქტიურდა ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების სქემა - ორგანიზებული ფინანსური დანაშაულის ფორმა, რომელიც მოქალაქეებს მილიონობით ზარალს აყენებს. განსაკუთრებით ბოლო წლებში ქოლ-ცენტრებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა რა სქემაზეა საუბარი, რიგითმა მოქალაქემ სიღრმისეულად არც იცის და შესაძლოა ამ ინფორმცაიულმა ვაკუუმმა ნებისმიერი მათგანი მსხვერპლად აქციოს.

სქემა დაახლოებით ასეთია: თაღლითები თავს ასაღებენ საფინანსო ორგანიზაციის, საგადასახადო სამსახურის, ან სხვა დაწესებულების თანამშრომლებად და მსხვერპლს სთავაზობენ „ინვესტიციას". მიზანი კი ისაა, რომ მიიღონ საბანკო ბარათის მონაცემები, პირადი ინფორმაცია, სმს კოდები, ან პირდაპირი ფულადი გადარიცხვა. ასეთი ქოლ-ცენტრები ხშირად საერთაშორისო მასშტაბით მოქმედებენ და შესაძლოა კონკრეტულ ქვეყანაში ფიზიკურად არც არსებობდნენ.

სამიზნეები მხოლოდ ხანდაზმულები არ არიან, მათ შორის შესაძლოა ემიგრანტები, მცირე ბიზნესის მფლობელები და ის მოქალაქეები იყვნენ, რომლებიც სწრაფი შემოსავლის შესაძლებლობას ეძებენ. საგამოძიებო ორგანოების ერთ-ერთი მთავარი მიზანი და გამოწვევა ამ ქსელის ზედა რგოლის გატეხვაა.

ქვეყანაში მსგავს საქმეებზე რეაგირებას ახორციელებენ შსს და პროკურატურა, თუმცა პრობლემა ტრანსნაციონალური ხასიათისაა და ხშირად საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს.

18 თებერვალს პროკურატურამ მორიგი მასშტაბურო დანაშაული გამოავლინა და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ შორისაა ჟურანლისტი ელისო კილაძე და ყოფილი გენპროკურორი ოთარ ფარცხალაძე.

„მოცემულ საქმეზე, საქართველოს პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020-2023 წლებში, საქართველოში ოთარ ფარცხალაძის მფარველობით ფუნქციონირებდა შეთანხმებულად მოქმედი სტრუქტურული ფორმის მქონე ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი, რომლის მიზანს მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება და შემდგომში ფულის გათეთრება წარმოადგენდა.

„ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით. ქოლ-ცენტრების ოპერატორები, ხელმძღვანელი პირების მითითებისამებრ, მომხმარებლებს იზიდავდნენ ყალბ სავაჭრო პლატფორმებზე, მომგებიანი ინვესტიციის განხორციელების დაპირებით ახდენდნენ ვაჭრობაში ჩართვას და მომხმარებლების ინვესტირებული, დიდი ოდენობით თანხების თუ კრიპტოვალუტის მოტყუებით დაუფლებას, ხოლო შემდგომში უკანონო აქტივების განთავსებას, დანაწევრებას და ინტეგრაციას.

  • პროკურატურა: „ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა საქართველოში დააფუძნეს რამდენიმე იურიდიული პირი, რომელთა ბაზაზეც თბილისში, სხვადასხვა ლოკაციებზე მოაწყვეს თაღლითური ქოლ-ცენტრები, რუსულენოვანი, ინგლისურენოვანი და გერმანულენოვანი განყოფილებებით".

„ორგანიზებული ჯგუფის წევრთა ფუნქციები მოიცავდა დანაშაულებრივი ქოლ-ცენტრების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფას, ქოლ-ცენტრის უკანონო საქმიანობის სამართალდამცავებისგან და სხვა კონკურენტი ორგანიზაციებისგან დაცვა-მფარველობას, გამოაშკარავების შემთხვევაში საინფორმაციო მხარდაჭერას და საჭიროების და მიხედვით, ე.წ. ,,დაუმორჩილებელი კონკურენტების" საქმიანობის გამჟღავნების უზრუნველყოფას",- ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მისი თვალთახევდით, ქოლ-ცენტრების მთავარი ამოცანა აკუმულირებული თანხების ტექნიკური, მორალური თუ რიტორიკული დონით მითვისებაა.

„(ქოლ-ცენტრები) ფინანსურ ბალიშებს პოულობენ, პენსიონერებს, ან სხვადასხვა ბიზნესს და ამ ფულის მითვისებას ცდილობენ კანონში არსებული ხარვეზების საშუალებით, რათა რაღაც გარკვეული ფორმით, მოტყუებით, ან ტექნიკური პროგრესის, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით და მიამიტი ადამიანების შეცდიმაში შეყვანით მოხდეს მათ ხელთ არსებული თანხების ჩამორთმევა, ისე ამოღება, რომ ისინი ვეღარ განკარგავენ თავის ფულს.

„ბევრი ექსპერტის მსგავსად, ამ სფეროში მეც ვერ ვერკვევი, თუმცა, ჩემი აზრით, ქოლ-ცენტრების მთავარი ამოცანაა ტექნიკური, მორალური, თუ რიტორიკული დონით წამოიღოს ფული იქიდან, სადაც აკუმულირებულია და მიითვისოს. ამაზე კარგად გამოცდილ-დატრენინგებული უამრავი ადამიანი მუშაობს.

„ჩვენ გაგვიგია მაგალითად პენსიონერებს როგორ ატყუებენ, ასევე ფეხბურთის გულშემატკივრებს. უკვე რაკი პენსიონერი ვარ, უამრავი წინადადება შემოდის იმ იმედით, რომ მე ვიღაც შტერი ვარ და ანკესზე წამოვეგები. არაფერზე არ ვეგები, არც ნამდვილ რეალურ წინადადებებს არ ვპასუხობ, არც აშკარა გარკვეულ ტყუილებს. აი, მოგვაწოდეთ თქვენი ინფორმაცია, ამ კოდით შედით სადღაც - აშკარად ცდილობენ ორი-სამი კაპიკი თუ მაქვს, ისიც რაღაცნაირად მიითვისონ.

  • პაატა ზაქარეიშვილი: „ჩვენ გაგვიგია, მაგალითად, პენსიონერებს როგორ ატყუებენ, ასევე ფეხბურთის გულშემატკივრებს. უკვე რაკი პენსიონერი ვარ, უამრავი წინადადება შემოდის იმ იმედით, რომ მე ვიღაც შტერი ვარ და ანკესზე წამოვეგები. არაფერზე არ ვეგები, არც ნამდვილ რეალურ წინადადებებს არ ვპასუხობ, არც აშკარა გარკვეულ ტყუილებს."

„მე იმდენი ჭკუა მყოფნის, რომ ამას არ წამოვეგო, მაგრამ ვიღაცა თანხმდება, ვიღაცისთვის რაღაცა საინტერესო წინადადებაა. ყოველ ადამიანს დაახლოებით ასი დოლარი რომ წაართვა, ეს უვე მილიონობით დოლარი გამოდის - მე ასე მესმის, დაახლოებით ასე მუშაობს ქოლ-ცენტრები, თუმცა, მე სპეციალისტი არ ვარ.

„თანამედროვე ტექნოლოგიები იმის საშუალებას იძლევა, რომ ქოლ-ცენტრებს საზღვრები არ სჭირდება. ახლა ჩინეთში მგონი ბანგლადეშიდან, თუ სხვა ქვეყნიდან დააპატიმრეს ადამიანები, ასეულობით დაპატიმრებული ჩინეთში ჩაიყვანეს. ქოლ-ცენტრები საზღვრებს არ სცნობს, უამრავი ტექნოლოგიები და კავშირებია სოც ქსელების სახით, ეს რა თქმა უნდა ახალი რეალობაა. ის, კი არა, ენას არ სცნობს - როცა ადამიანმა ქართული არ იცის, შეუძლიათ დაგირეკონ, თავის ენაზე გელაპარაკოთ, ისეთი პროგრამები აქვთ, რომ შენამდე ენა უკვე ქართულად მოდის. თუ ამ ტექნოლოგიებში კარგად არ ხარ გარკვეული, შეიძლება იფიქრო, რომ ამ კაცს რაღაცა აქცენტი აქვს. რა დროს საზღვრებზე და სახელმწიფოებზეა ლაპარაკი, ქოლ-ცენტრები უკვე ამ ტექნოლოგიურ რეალობას იყენებენ",- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×