
საქართველოში უცხო ქვეყნების მოქალაქეების რაოდენობა შესაძლოა 257 ათასს აღწევდეს, ამაზე ყურადღება პარლამენტის ტრიბუნიდან პრემიერმა კობახიძემ გაამახვილა - მათ შორის არალეგალურად მყოფი პირების. საქსტატი ივნისში დაზუსტებულ მონაცემებს გამოაქვეყნებს, ექსპერტები კი უკვე მიგრაციის ტენდენციებზე საუბრობენ.
ეკონომისტი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ უფრო მეტი უცხოელი შემოდის, ვიდრე გადის, მოქალაქეებში კი ეს ტენდენცია საპირისპიროა.
„ჯერ, რადგანაც ბოლო მონაცემები არ გამოქვეყნებულა, დასკვნების გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ბოლო წლების ტენდეციის მიხედვით საქართველოს აქვს უარყოფითი მიგრაციული სალდო, ქვეყანაში შემოდის უფრო ნაკლები ვიდრე ქვეყნიდან გადის, თანაც ბოლო წლების საშუალო დინამიკა ისეთია, რომ ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქე უფრო მეტი გადის , ვიდრე შემოდის, ხოლო სხვა ქვეყნის მოქალაქე შემოდიან უფრო მეტნი, ვიდრე გადიან - ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების ნიშნის მიხედვით საქართველოში მყოფ მოსახლეობაში ქვეყნის მოქალაქეთა, ხაზს ვუსვამ მოქალაქეს და არა ეთნიკურ კუთვნილებას, მცირდება, ამიტომ ამ მიმართულებით გარკვეული ზომების მირება საჭირო".
კითხვაზე , რა განაპირობებს ამ სხვა ქვეყნების მოქალაქეების უკონტროლო მიგრაციას, გვპასუხობს:
„ამაზე ძველი ანდაზით გიპასუხებთ- „ თაფლი იყოს,ბუზი ბაღდადიდან მოფრინდებაო", მაგალითად, სტატისტიკას მოგახსენებთ, 2012 წელს საქართველოში მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა იყო საშუალო გლობალური მაჩვენებლის მხოლოდ 70%, ახლა უკვე 25%-ით გადაცდა, საშუალო მაჩვენებელს, ანუ თუ ადრე ჩამოვრჩებოდით, ახლა ვუსწრებთ, ამიტომაც, ადამიანის ბუნება მიისწრაფვის იქ, სადაც უფრო მაღალი შემოსავალია.
- არჩვაძე: „უკონტროლო მიგრაციას, რომ წერტილი დაესვას, ის პირები, რომლებიც არ იმსახურებენ ან კანონდარღვევით იმყოფებიან საქართველოში, მათი რაოდენობა უნდა შეიზღუდოს და კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს მათი საქართელოდან გაშვება
„ჩვენ მაგალითზე, რატომ მიდიან ჩვენი ქვეყნიდან აშშ-ში ან გერმანიაში და რატომ არ მიდიან პირობითად, სამხრეთ სუდანში ან ეთიოპიაში? გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ ეკონომიკური განვითარების დონე მაღალია."
კითხვაზე, რა არის გამოსავალი, ექსპერტი ამბობს, რომ მიგრაციასთან ინტენსიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნების აპრობირებული მეთოდების გამოყენებაა.
„უკონტროლო მიგრაციას რომ წერტილი დაესვას, ის პირების რაოდენობა, რომლებიც არ იმსახურებენ ან კანონდარღვევით იმყოფებიან საქართველოში, უნდა შეიზღუდოს და კანონის დაცვით უნდა მოხდეს მათი საქართველოდან გაშვება - ეს ერთი.
მეორე- წმინდა ეკონომიკური მეთოდებით, ჩვენ უფრო პრესტიჟულს გავხდით საქართველოში შრომით საქმიანობას საქართველოს მოქალაქეებისათვის და ექნებათ პრეფერენციები სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან შედარებით დასაქმების თუ ეკონომიკური საქმიანობის დაწყებისათვის. ეს რამე ახალი გამოგონება არ არის - ევროკავშირი და სხვა განათლებული ქვეყნები ამ მიმართულებით დიდი ხანია მუშაობენ.
„ჩვენ ამ მიმართულებით უნდა წავიდეთ, ანუ ჩვენ ვახდენთ ორიენტაციას, რომ იტყვიან, იმ ცივილურ ფორმებზე, რაც უკვე აპრიბირებულია მიგრაციასთან ინტენსიურ ურთიერთობაში მყოფი ქვეყნებისთვის."-განაცხადა სოსო არჩვაძემ.
რა თქვა პრემიერმა?
2024 წლს იმიგრანთა რაოდენობა 135 811-ს უტოლდებადა, 2025 წელს კი, პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაქსიმალური რაოდენობა 257 ათასს შეადგენს. აქ არალეგალი მიგრანტები შედიან.
როგორც კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, „საქსტატი" 25 ივნისს დაზუსტებულ სტატისტიკას გამოაქვეყნებს.
- კობახიძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო"
"საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა არის 3 მილიონ 914 ათასი ადამიანი. აქედან მაქსიმუმ 257 ათასი უცხოელია. "საქსტატის" ეს მონაცემები დაზუსტებული არ არის და დაზუსტებული მონაცემები 25 ივნისს გამოქვეყნდება. მოსალოდნელია, რომ ეს მაჩვენებელი შემცირდება, გამომდინარე იქიდან, რომ არის გარკვეული ბუნდოვანება.
"საქართველოში მიგრაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი განაპირობებს. პირველი არის ის, რომ საქართველო ტურისტული ქვეყანაა და ასეთ პირობებში მიგრაციული პროცესების მართვა რთულია. უცხოელებისთვის ასევე გახსნილია განათლების სისტემა და დღეს საქართველოში 37 ათასი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. მესამე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის შრომითი მიგრაცია. საქართველოში ბევრი მიმართულებით სამუშაო ძალის დეფიციტია და რომ არა უცხოელი მუშახელი არაერთი პროექტის გაჩერება იქნებოდა აუცილებელი, რადგან ბაზარზე არ არის ქართველი მუშა-ხელი, რომელიც შესაბამის სფეროში იქნებოდა დასაქმებული. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია არალეგალური მიგრაცია, რაზეც განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო" - განაცხადა კობახიძემ პარლამენტის სხდომაზე.