რეზონანსი
18.02.2026

ბიზნესმენ ბენ ანორის ადვოკატის, ზურა თოდუას განცხადებით, ჟურნალისტ ელისო კილაძის დაკავება, სავარაუდოდ, მათ მიერ პროკურატურაში წარდგენილი ფარული ჩანაწერების საფუძველზე მოხდა.

როგორც ადვოკატი „ინტერპრენიუსთან“ განმარტავს, ფარული ჩანაწერი მან პროკურატურას 13 იანვარს წარუდგინა.

მისივე თქმით, გუშინ, 17 თებერვალს სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ ჩანაწერების ავთენტურობა დაადასტურა და პროკურატურა იძულებული გახდა, რეაგირება მოეხდინა.

„13 იანვარს შევიტანე საჩივარი და 13 იანვარს მივაწოდე პროკურატურას მტკიცებულება - ფარული ჩანაწერი. ამის შემდეგ ქალბატონმა ელისომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს არის ყალბი, ფალსიფიცირებული და ა.შ. დავნიშნეთ სამხარაულის ექსპერტის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზა. გუშინ მივიღე პასუხი ამაზე. მანამდე გენერალურ პროკურატურაში 4 საჩივარი მაქვს შეტანილი რეაგირების გაკეთებით მოთხოვნით, მაგრამ არ აკეთებდნენ. გუშინ, სამხარაულმა ჩამაბარა ექსპერტიზის დასკვნა, სასწრაფოდ წარვადგინე გენერალურ პროკურატურაში და მოვითხოვე რეაგირება. სავარაუდოდ, ამას უნდა უკავშირდებოდეს ელისო კილაძის დაკავება. რადგანაც ამ ჩანაწერის ავთენტურობა უკვე ეჭვქვეშ აღარ იყო, სავარაუდოდ, ამის შემდეგ აქვთ ეს გადაწყვეტილება მიღებული.

რაც შეეხება ჩემს მოთხოვნას და იმას, თუ რა ინფორმაციის მატარებელია ფარული ჩანაწერი - ცალსახად, საუბარია ორ რამეზე. ერთი არის, როგორც წაართვეს ისრაელის მოქალაქეს და ინვესტორს ბენ ანორის ქონება. საქმე ეხება ფანჯიკიძის ქუჩა N1-ში მდებარე შენობას, რის გამოც 3-მა ადამიანმა პასუხი აგო, მაგრამ ელისო კილაძეც მონაწილეობდა ამ დანაშაულში და მას არ უგია პასუხი ამაზე. მეორე ნაწილი არის „ქოლცენტრებთან“ სავარაუდო კავშირები. აშკარად გამოკვეთილია, რომ თურმე, ვიღაცა მათი ჯგუფიდან გაბრაზებულა და გადასულა უკრაინაში. ელისო კილაძე კი ვიღაცას ჰპირდება, რომ მაგას ავუყირავებ უკრაინაში ყველაფერს, რადგანაც ხელი მიმიწვდება მთავრობასთან და ქუჩასთანაცო. ასე რომ, ამის გამოძიების დაწყება ვთხოვე პროკურატურას თავის დროზე და არ აკეთებდნენ მთელი ეს პერიოდი. სავარაუდოდ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის გაცემის შემდეგ იძულებული გახდნენ გაეკეთებინათ რეაგირება,“ - განაცხადა ზურა თოდუამ.

რაც შეხება ბენ ანორის მიმართ ბრალის წარდგენას და გამოძიებასთან თანამშრომლობას, როგორც ადვოკატი აღნიშნავს, ბენ ანორმა ჩვენება მის მიერ შექმნილ პროგრამა „ლიდს 8“-სთან დაკავშირებით მისცა.

კერძოდ, უფლებადამცველი აღნიშნავს, რომ „ლიდს 8“ არის „ექსელის“ მსგავსი პროგრამა, რომელსაც ბენ ანორი ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე ყიდის.

„ჩემი დიდი ღრმა რწმენით, ბენ ანორის წინააღმდეგ ბრალის შექმნა არის იმ კადრების ქმედების შედეგი, რომლებიც ბლომად არის გენერალურ პროკურატურაში. ეს კადრები არის ლილუაშვილის და ფარცხალაძის. რაც შეეხება თანამშრომლობას და ჩვენების მიცემას, ბენ ანორი ნამდვილად დაიკითხა მოწმის სახით, მისცა ჩვენება იმის თაობაზე, თუ ვის ეკუთვნის პროგრამა „ლიდს 8“. ეს არის ლეგალური პროგრამა, რომლის ავტორი არის თავად ბატონი ბენი. ის მას ყიდის ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე. ნებისმიერს შეუძლია იყიდოს და თურმე, პროგრამის მომხმარებლები „ქოლცენტრებიც“ ყოფილან. ის არ უარყოფს იმას, რომ პროგრამა მისია და თვითონ გაყიდა ის. დაახლოებით, „ექსელის“ მსგავსი პროგრამაა, რომელიც შეიძლება გამოიყენოს როგორც პროკურორმა, ასევე მოსამართლემ, პრემიერმაც, პრეზიდენტმაც, ფიზიკურმა და იურიდიულმა პირმა. „ექსელის“ მსგავსი პროგრამაა, მეტი არაფერი. ამას უთვლიან მას როგორც ჩანს, „ქოლცენტრებთან“ თანამშრომლობად. ამ ნაწილში მას აქვს განმარტება მიცემული, რომ „დილს 8“ ნამდვილად მისია და გაყიდული აქვს რამდენიმე კომპანიაზე და ფიზიკურ პირზე,“ - განაცხადა ადვოკატმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×