
ჟურნალისტი ელისო კილაძე რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი,- ამის შესახებ ადვოკატმა ნათია კორკოტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ელისო კილაძე ჯერ არ დაუკითხავთ, მისი დაკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც საქმის მასალებს გადასცემენ. ადვოკატის განმარტებით, ახლა მხოლოდ დაკავების ოქმი გადასცეს.
„ელისო კილაძე არ გამოუკითხავთ. ბრალი წაუყენეს. დაკავების ოქმი გადმოგვცეს, გადმოგვცეს დადგენილება პირის ბრალდების შესახებ და გადმოგცეს განჩინება, ეს იყო 2026 წლის 17 თებერვლით დათარიღებული და დღეს დილით დააკავეს. მტკიცებულებები და საქმის მასალები ჯერ არ გადმოგვცემია. სავარაუდოდ, როგორც გამომძიებელთან შევთანხმდი, ხვალისთვის გადმომეცემა. საქმე მოცულობითია, 20 ტომია. ელისო კილაძე გადაყვანილია რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორში გამომდინარე იქიდან, რომ თბილისში ადგილები არ არის და პროკურატურიდან პირდაპირ წაიყვანეს. ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ არის უდანაშაულო“, - განაცხადა ნათია კორკოტაძემ.
ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის განცხადებით, ქოლ-ცენტრების მორიგი მასშტაბური დანაშაული გამოავლინეს და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.
უწყების ცნობით, ბრალდება დაუსწრებლად წარედგინებათ მიმალვაში მყოფ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს და მისი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს - დავით მიქაძეს, ირაკლი სეხნიაშვილს და მიხეილ ჩოხელს, ხოლო ბრალდების დადგენილება პირადად გაეცნობა, სხვა სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ გიორგი მიქაძეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი ელისო კილაძე. ბრალდების დადგენილება ასევე წარედგინებათ ჯგუფის სხვა წევრებს - გივი ჯიბლაძეს, ბენ ანორს, თორნიკე ჯანელიძეს და გიორგი კამლაძეს, რომლებმაც ქმედითად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და არა მხოლოდ აღიარეს ჩადენილი დანაშაული, არამედ არსებითად შეუწყვეს ხელი ტრანსნაციონალური დანაშაულის გახსნას.