რეზონანსი
18.02.2026

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულები დავით და გიორგი კაკულიები აცხადებენ, რომ ბრალს არ ეთანხმებიან და მას უსაფუძვლოს უწოდებენ.

“კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ეს არის მედიის მოგონილი ვერსია. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის აბსურდი. დარწმუნებულები ვართ, რომ კვარაცხელიას ოჯახი პროცესებზე გაიგებს ამას და სარჩელს გაიტანს”,- განაცხადა დავით კაკულიამ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას.

ცნობისთვის, ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდება წარუდგინეს.

პროკურატურის ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.

გიორგი კავილაძე და აკო ჭელიძე ნიკო კვარაცხელიას მკვლელობისთვის მსჯავრდებულები არიან და მათ 16 და 17 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×