
"თანაინვესტორების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ ბიზნესმენს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ბაჩიაშვილს სასჯელის სახით ბაჩიაშვილს ერთი წლით პირობითი მსჯავრი და 50 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
იურისტი "პირველებისთვის" მიცემულ პირველ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საქმის ნაწილში დაზარალებულსა [ბიძინა ივანიშვილის] და გიორგი ბაჩიაშვილს შორის მოხდა შეთანხმება და ეს წერილობით გაფორმდა. აღნიშნული შეთანხმების დეტალებს უფლებადამცველი არ ასაჯაროებს.
მისივე განმარტებით, ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა.
ლევან მახარაშვილი აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილს ერთწლიანი პირობითი მსჯავრიდან 9 თვე უკვე მოხდილი აქვს და შესაბამისად მხოლოდ სამი თვე რჩება.
მისივე თქმით, პირობითი სასჯელის დროს შესაბამისი პროცედურების გავლით, შესაძლებელია, რომ ბაჩიაშვილმა ქვეყანა დატოვოს, თუმცა ადვოკატი აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, "თანაინვესტორების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელი ქვეყნიდან წასვლას ამ ეტაპზე არ გეგმავს.
ვადასტურებ, რომ გიორგი არის თავისუფალი, გაფორმდა მასთან საპროცესო შეთანხმება და შესაბამისად ყველა მიმდინარე საქმეზე გაფორმებულია საპროცესო შეთანხმება, ხოლო მშობლების წინააღმდეგ არსებულ საქმეზე შეწყვეტილია სისხლისსამართლებრივი დევნა. შესაბამისად, ამ მომენტისთვის არ არსებობს არანაირი სისხლის სამართლის საქმე გიორგი ბაჩიაშვილის, ასევე მისი ოჯახის მიმართ.
რაც შეეხება სასჯელს, სასჯელის სახით გიორგი ბაჩიაშვილს მიესაჯა ერთი წლით პირობითი მსჯავრი, ჯარიმა არის დამატებითი სასჯელი 50 000 ლარი, ხოლო შეთანხმება სამოქალაქო ნაწილში ასევე თანხასთან დაკავშირებით ასევე მხარეებს შორის არის მიღწეული და სწორედ ამ შეთანხმების პირობები არის კონფიდენციალური. ანუ სამოქალაქო საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებაც გაუქმდა დღეს.
9 თვე უკვე მას მოხდილი აქვს და შესაბამისად 3 თვე რჩება დაახლოებით. პირობითი მსჯავრის შემთხვევაში შესაძლებელია, შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლით ქვეყნის დატოვება, შესაბამისად თუ გიორგის ექნება მსგავსი სურვილი ამ პროცედურებით ის შეძლებს ქვეყნის დატოვებას. ამ ეტაპისთვის, ჩემი ინფორმაციით, მას მსგავსი სურვილი არ გააჩნია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვიცი. ნამდვილად არ აპირებს გიორგი ქვეყნის დატოვებას, ჩემი ინფორმაციით.
სულ რამდენიმე საათია რაც მანდ დატოვა პენიტენციური სისტემა და ჯერ ძალიან ადრეა მის მომავალ გეგმებზე საუბარი და მის აქტივობებზე, რაზეც ალბათ თავადვე გაგცემთ პასუხს უახლოეს მომავალში.
საპროცესო გარიგება შედგა ბაჩიაშვილსა და პროკურორს შორის ჩემი მონაწილეობით, როგორც კანონი ითვალისწინებს. დაზარალებულის წარმომადგენელი არ მონაწილეობს მსგავს გარიგებაში. დაზარალებულსა და ბაჩიაშვილს შორის მორიგება შედგა ასევე სამოქალაქო საქმეზე, რის საფუძველზეც შეწყდა სამოქალაქო სასამართლოს კოლეგიის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება გიორგის სადავო საკითხებზე. ყველა საქმე რაც კი არსებობდა სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის, სააღსრულებო წარმოებაც კი, ყველაფერი არის დასრულებული.
დიახ, რა თქმა უნდა [ივანიშვილის თანხმობით მოხდა], სწორედ მაგიტომ ვახსენე რომ სამოქალაქო საქმის ფარგლებში მოხდა შეთანხმება ბაჩიაშვილსა და დაზარალებულს შორის და ეს წერილობით გაფორმდა," - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.
წყარო: tvpirveli