
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ გაკვირვებული დარჩა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს გამოსვლისას ფეხზე მდგომი ოვაციებით. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ წერს.
გერმანიის მთავრობის ხელმძღვანელმა თქვა, რომ ოთახში რომ ყოფილიყო, ფეხზე ადგომა გაუჭირდებოდა.
როგორც „დოიჩე ველე“ აღნიშნავს, გასულ წელს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა კონფერენციაზე აჟიოტაჟი გამოიწვია ევროპელი მოკავშირეების მკაცრი კრიტიკით.
მერცმა განაცხადა, რომ რუბიოს გამოსვლამ ასახა აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაციის მსოფლმხედველობა „უფრო მეგობრული შეფუთვით“.
მერცის მტკიცებით, დარბაზში რეაქცია მონაწილეთა შორის დაბალი მოლოდინებით იყო განპირობებული.
„საზოგადოება კმაყოფილი იყო, რომ სცენაზე ამერიკელი იდგა, რომელიც მათ კვლავ მიმართავდა, როგორც მეგობრებს. მხოლოდ ამანაც კი გარკვეული ემოცია გამოიწვია“, – განაცხადა მერცმა.
მერცის თქმით, პირადად მისთვის ეს საკმარისი არ იქნებოდა.
გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ რუბიოსთან ვრცლად ისაუბრა და ზოგიერთი საერთო შეხების წერტილი აღმოაჩინა. „მაგალითად, ის ნატო-ს კვლავ მნიშვნელოვნად მიიჩნევს“, – თქვა მერცმა.