თამთა ჩაჩანიძე
18.02.2026

საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ „გრანტების კანონს" ვინც დარღვევს, ყველა პასუხს აგებს. მათ შორის არ გამორიცხავენ მეხუთე პრეზიდენტზე განხორციელდეს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი დევნა. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, თუმცა სალომე ზურაბიშვილის დაჭერა ნაკლებად მოსალოდნელია, ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ეს სცენარი ერთ დღეს მართლაც ვიხილოთ.

„გრანტების შესახებ" და მისი თანმდევი კანონები თავიდან ბოლომდე ემსახურება სუვერენიტეტის დაცვას", - განაცხადა „ხალხის ძალის" წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, შეეხება თუ არა ეს კანონი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, მაჭარაშვილმა უპასუხა, რომ „ზურაბიშვილი იქნება თუ მაჭარაშვილი, თუ კანონს დაარღვევს, პასუხს აგებს- ეს ჩვეულებრივი მოცემულობაა, ინდულგენციით და ყოფილი თუ არსებული თანამდებობით არავინ სარგებლობს."

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან" ზურაბიშვილის დაკავებას ნაკლებად ელოდება.

„კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს, მაგრამ პიროვნულად რომ ავიღოთ, სალომე ზურაბიშვილი გინდ ყოფილა და გინდ არა, რატომ უნდა დაიჭირონ? თუმცაღა, მას შეიძლება დაჭერა უფრო მეტად აწყობდეს ახლა, თუ რაიმე პოლიტიკური ხედვები აქვს.

  • ედიშერ გვენეტაძე: „ზურაბიშვილი გინდ გარეთ ყოფილა, გინდ შიგნით, მის დაპატიმრებას დაკლებად ველოდები, თავად ზურაბიშვილს დაკავება აწყობს".

„ზურაბიშვილი გინდ გარეთ ყოფილა, გინდ შიგნით, მის დაპატიმრებას დაკლებად ველოდები, თავად მას დაკავება აწყობს. იმიტომ, რომ მან ის ყველა დავალება ჩააფლავა, რომელიც გარედან ჰქონდა. ამაში ძალიან ბევრი ფული აქვს დახარჯული და ეს ყოველივე ხომ უნდა გააპრავოს? თორემ ერთი ციხეში ყოფნით ნიკა გვარამია გახდა გმირი და ერთი გახდება ზურაბიშვილი."

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე რეზონანსთან" არ გამორიცხავს, რომ ზურაბიშვილი შირისძიების მიზნით დააკავონ.

„არაა გამორიცხული, ეს შეიძლევა ივანიშვილის პირადი შურისძიება იყოს, რადგან ინიციატივა იყო, რომ ზურაბიშვილი თავის დროზე ივანიშვილის მიერ დე ფაქტოდ მხარდაჭერილი ე.წ. დამოუკიდებელი კანდიდატი ყოფილიყო. შემდგომში კი ზურაბიშვილი ივანიშვილის ოპოზიციაში გადავიდა და როგორც საუბრობენ იმას, რომ თითქოს ღარიაბშივილის დაკავება პირადი შურისძიება იყო, რადგან ღარიბაშვილმა ივანიშვილი ერთ-ერთ სუფრაზე ცუდად მოიხსენია ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ, ახლაც არაა გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პირად შურისძიებას ჰქონდეს ადგილი."

ჩიტაძის თქმით, დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობაც უფრო მეტად გვაფიქრებინებს იმას, რომ თუ მმართველ პარტიას ზურაბიშვილის დაკავება აქვს ჩაფიქრებული, ამას განახორციელებს კიდეც.

„აქციაზე ისევე არბევდნენ ქალებს და ფიზიკურ ძალას ისევე იყენებდნენ, როგორც კაცებზე, მათ შორის არ ერიოდებიან არავის, არც ყოფილ და მოქმედ თანამდებობის პირებს, ამით თავიანთი რეალური სახე წარმოაჩინეს. არ გამოვრიცხავ ერთ დღესაც სალომე ზურაბიშვილის დაკავების კადრები ვიხილოთ, იმედია არ მოხდება, მისი დაკავება საქართველოსთვის ცუდია",- განაცხადა ჩიტაძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: „არაა გამორიცხული, რომ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ პირად შურისძიებას ჰქონდეს ადგილი"

პარლამენტმა მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილა და კენჭი უყარა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს, რომლის ამოქმედების შედეგად, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები და აკრძალვები წესდება. პროექტს დაემატა ჩანაწერი, რომლის თანახმად, კონსტიტუციური წყობილების ან კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების მოტივით დანაშაულის ჩადენა, სასჯელის დანიშვნის დროს დამამძიმებელი გარემოება იქნება.

როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ თქვა, ამ დროს პატიმრობის დანიშვნისას, მოსახდელი სასჯელის ვადა, სულ მცირე, 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის კოდექსის შესაბამისი ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

სისხლის სამართლის კოდექსს ახალი, 316-ე პრიმა მუხლი დაემატება სახელწოდებით: „ექსტრემიზმი კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×