ნატალია ჯვარიძე
18.02.2026

აზერბაიჯანსა და სომხეთში შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფონზე, რეგიონს გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი ეწვევა. ისევე როგორც ვენსი, ჯერჯერობით დაუდასტურებელი ცნობებით, ისიც მხოლოდ ერევანსა და ბაქოში ჩავა. ანალიტიკოსების შეფასებით, ევროკავშირის მიზანი რეგიონში ამერიკის გავლენის დაბლანსებაა.

„ეს შეიძლება სამხრეთ კავკასიაში ამერიკის შეერთებული შტატების გააქტიურებული დიპლომატიის პასუხად შევაფასოთ, რომელიც ტრამპის პროექტითაა განპირობებული," - უთხრა „რეზონანსს" თსუ-ს პროფესორმა, კორნელი კაკაჩიამ.

აზერბაიჯანული მედია ავრცელებს ინფორმაციას, მათ ევროკომისიაში დაუდასტურეს მარტა კოსის ვიზიტის გეგმის შესახებ. თუმცა ბრიუსელში აცხადებენ, რომ ჯერ ოფიციალურად დადასტურებული არ არის და როგორც კი ეს მოხდება, მის შესახებ ინფორმაცია კომისრის კალენდარში გამოქვეყნდება.

  • კორნელი კაკაჩია: „ახლა ევროკავშირი ცდილობს რეგიონში საკუთარი გავლენების განამტკიცებას და აქედან გამომდინარე რაღაც თავისი როლის თამაშს, ზოგადად სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პრიორიტეტების გამოკვეთას."

მანამდე სომხურმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კოსი მონაწილეობას მიიღებდა სომხეთ-ევროკავშირის პირველ სამიტში, რომელიც მაისში ერევანში უნდა გაიმართოს.

კორნელი კაკაჩიას შეფასებით, ევროკავშირის მიზანი სამხრეთ კავკასიაში საკუთარი როლის თამაშია. „ახლახან აშშ-დან მაღალი დონის ვიზიტები იყო ამ ქვეყნებში. ახლა ევროკავშირი ცდილობს რეგიონში საკუთარი გავლენების განამტკიცებას და აქედან გამომდინარე რაღაც თავისი როლის თამაშს, ზოგადად სამხრეთ კავკასიაში საკუთარი პრიორიტეტების გამოკვეთას. მათ შორის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში," - აცხადებს კაკაჩია.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორ ნიკა ჩიტაძის აზრით კი აქ საუბარია არა ინტეგრაციაზე, არამედ სამეზობლო თანამშრომლობაზე.

„აზერბაიჯანს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ეს უფრო თანამშრომლობის გაფართოებას ნიშნავს როგორც სომხეთთან, ისე აზერბაიჯანთან. დღის წესრიგში აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება არ დგას. რაც მთავარია, ორივე ქვეყანას თანამშრომლობა სურთ", - თქვა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×