რეზონანსი
18.02.2026

აშშ-ს ევროკავშირთან სხვა ურთიერთობა აქვს, ბლოკში გაწევრიანების მიზანი არ აქვთ, მაგრამ ეს მიზანი აქვს ქართველ ხალხს, რომელიც კონსტიტუციით არის გამყარებული, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა დაიცვას, მაგრამ ეს ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არ ნიშნავს.

„გასაგებია, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას თავის საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით  ახლებური ხედვა და პრიორიტეტები აქვს. თუმცა ამერიკა ამერიკაა და მას თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს. როგორც სხვა ქვეყანა, ასევე ამერიკაც ცდილობს, საკუთარი სუვერენიტეტის დაცვას და საკუთარი ინტერესებით მოქმედებას. ჩვენი გუნდიც ამავე პოზიციაზეა, სუვერენიტეტიც უნდა დავიცვათ და ჩვენი ქვეყნის ინტერესებითაც უნდა ვიმოქმედოთ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ კითხვის ქვეშ დავაყენოთ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ეგზისტენციალური არჩევანი, რაც საქართველოს ევროპულ მომავალს ეხება.

სულ სხვაა ამერიკის ურთიერთობა  ევროკავშირთან, ამერიკა ევროკავშირში გაწევრიანებას არ აპირებს, ეს მიზანი და გეგმა არ აქვს. შეიძლება, ეს მიზანი „ოცნებასაც“ არ აქვს, მაგრამ ქართველ ხალხს აქვს და ეს მიზანი ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციით არის გამყარებული. ამიტომ გაუგებარია, რატომ ცდილობენ ახალი ანგარიშის გამოყენებას? რა თქმა უნდა, საქართველომ საკუთარი სუვერენიტეტი უნდა დაიცვას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველომ  ევროპულ მომავალზე უარი უნდა თქვას. თანხვედრა რომც იყოს, ამერიკასთან რაც უნდა გვაინტერესებდეს, არის ის, რამდენად ინარჩუნებს ქვეყანა სტრატეგიულ ურთიერთობას ამერიკასთან? დღეს ეს ურთიერთობა ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზეა, ეს მაშინ, როცა ჩვენი მეზობელი ქვეყნები ბევრად წინ არიან, მათ შორის, ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობის კუთხით. ამერიკას საქართველო აღარ ახსოვს. თუ იმის ახსნას ცდილობენ, რომ ისეთი მაგრები არიან, ამერიკის პოლიტიკას წინ უსწრებენ და „ოცნების“ მესიჯბოქსებით სარგებლობს ტრამპი, მაშინ ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობა ასეთ დაბალ ნიშნულზე რატომ არის? ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანში იყო ჩასული და საქართველოსკენ არც კი გამოუხედავს“, – აღნიშნა შარაშიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×