
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ ნებისმიერმა მესამე ქვეყანამ, რომელსაც აქვს თბილი ურთიერთობები როგორც სომხეთთან, ისე რუსეთთან, უნდა გამოისყიდოს რუსეთისგან სომხეთის რკინიგზის მართვის კონცესიური უფლებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ფაშინიანი ამბობს, სომხეთი კარგავს სტრატეგიულ პოზიციებსა და კონკურენტულ უპირატესობებს.
„ტრამპის გზის“ პროექტის შიგნით არიან ძალები, რომლებიც ამბობენ: „მოდით, ისე მოვაწყოთ, რომ მეღრის შემდეგ, როცა რკინიგზა შევა ნახჭევანში, მან გვერდი აუაროს სომხეთს“. ისინი ამბობენ: „ნახეთ, სომხეთის რკინიგზას რუსეთის ფედერაცია აკონტროლებს“. სამწუხაროდ, რუსეთსა და ბევრ ქვეყანას შორის ურთიერთობები დაძაბულია, მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ რკინიგზა სომხეთის საკუთრებაა და რუსეთს არ სურს და არ შექმნის დაბრკოლებებს ჩვენი რეგიონული პროექტებისთვის. ამის შესახებ მე რუსეთის პრეზიდენტთანაც ვისაუბრე, ვიცი, რომ ის მხარს უჭერს ყველა ამ პროგრამას“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საპასუხოდ, რუსეთის საგარეო უწყებაში ფაშინიანს სომხეთის რკინიგზის განვითარებაში დაბანდებული ინვესტიციები შეახსენეს და განაცხადეს, რომ რუსული ოპერატორი კომპანიის მმართველობის პირობებში სომხეთი, პირიქით, კონკურენტუნარიანობას ზრდის. მოსკოვში ასევე აცხადებენ, რომ რუსეთი თანმიმდევრულად უჭერს მხარს ყველა სატრანსპორტო და ეკონომიკური კომუნიკაციების გახსნას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის.
ცნობისთვის, 2008 წლის თებერვალში სომხეთმა თავისი რკინიგზის ინფრასტრუქტურა კონცესიური მართვის უფლებით გადასცა „რუსეთის რკინიგზის“ შვილობილ კომპანიას, „სამხრეთ კავკასიის რკინიგზას“. კონცესიის ვადა შეადგენს 30 წელს, დამატებით კიდევ 10 წლით გახანგრძლივების უფლებით.
გასული წლის დეკემბერში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რუსულ მხარეს სთხოვა, სასწრაფოდ დაეწყო აზერბაიჯანსა და თურქეთისკენ მიმავალი სარკინიგზო მონაკვეთების აღდგენა.
გასულ კვირაში რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ სომხეთის მიმართვის საფუძველზე მოსკოვი იწყებს მოლაპარაკებებს რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე, რომლებიც უზრუნველყოფენ კავშირს აზერბაიჯანისა და თურქეთის რკინიგზებთან.