რეზონანსი
18.02.2026

საქართველოს ყოფილი ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი ფორმულასთან ადასტურებს, რომ საქართველო დატოვა, თუმცა, ამბობს, რომ ქვეყანაში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

მისი თქმით, ქვეყანიდან წასვლა სამსახურებრივი საქმის გამო მოუწია. 

"არ გავქცეულვარ, ზეგ ისევ ვბრუნდები და იქით კვირაში ისევ წასვლა მიწევს და ასე შემდეგი 3 კვირის განმავლობაში, 4-ჯერ მიწევს საქართველოს დატოვება. რა თქმა უნდა საქმიანი, კომერციული [შეხვედრები მაქვს]. მე მაქვს კერძო ბიზნესი, ვაკეთებ კერძო ბიზნესს და ვარ საქმიანად წამოსული, რომელიც დაგეგმილი იყო, ასევე ყველასთვის ნაცნობი იყო და არაფერი ამაში სასპეკულაციო არ არის", - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ჟურნალისტის კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ დააკავებენ, ლევან დავითაშვილი, რომელიც სუს-ში გუშინ გამოკითხეს, ასე პასუხობს:

"არა, რატომ აკეთებთ აქაც სპეკულაციებს? არანაირად. გამოძიებასთან მე ნებისმიერი კითხვა თუ იქნება, გავცემ პასუხს", - ამბობს ის. 

გუშინ, 17 თებერვალს ქართული ოცნების ყოფილი ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი სუს-ში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. 

სუს-ში გამოკითხვაზე ლევან დავითაშვილთან ერთად გაზისა და ნავთობის კორპორაციის ყოფილი მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ.

გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ განიხილეს საქართველოს გაზმომარაგების საკითხი. მისივე თქმით, ამ საკითხზე სუს-ს "ძალიან დეტალური და ამომწურავი ინფორმაცია" მიაწოდეს.

მოგვიანებით, სუს-ში განმარტეს, რომ ლევან დავითაშვილი ანტიკორუფციულ სააგენტოში იყო გამოკითხვაზე კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა შეხვედრაზე.

მათ თქვეს, რომ გამოკითხვისას რისკებთან დაკავშირებული კითხვა საქართველოს გაზმომარაგებას და დადებული ხელშეკრულებით საქართველოსთვის პირობების გაუარესებას ეხებოდა, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება და არა ევროკავშირის გაზმომარაგებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×