
4 ოქტომბრის საქმის პროკურორის ინფორმაციით, გარკვეულმა ბრალდებულებმა საპროცესო შეთანხმება თავად ითხოვეს და ამის თაობაზე მათთან მოლაპარაკებებები მიმდინარეობს. კონკრეტულად ვის სურს პროკურატურასთან გარიგება სასჯელის უკეთესი პირობების სანაცვლოდ და არიან თუ არა ამ სიაში ორგანიზატორები, ეს თამარ იაკობიძეს არ დაუსახელებია.
საქმის პროკურორის თამარ იაკობიძის თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ყველა იმ პირთან, რომლებმაც საპროცესო შეთანხმება ითხოვეს.
„გარკვეულმა ბრალდებულებმა თავად ითხოვეს საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მათთან დაიწყო მოლაპარაკებები. ვინც მოგვმართა, მათთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა თამარ იაკობიძემ.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესები გრძელდება, ბრალდებულებს გამოძიება სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების ჯგუფურად მცდელობას და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ვის სურს საპროცესო შეთანხმება
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ მიზეზები ბევრია, რის გამოც შეიძლება დაკავებულებს საპროცესო შეთანხმების გაფორმება უნდოდეთ, მათ შორის ჯანმრთელობის და ყოფითი პრობლემები და ზეწოლა.
„დაკავებულების ნაწილს, რა თქმა უნდა, ციხიდან გამოსვლა სურს. ადვილი საქმე არაა ციხეში იჯდე. აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ, რომ მიდიოდეს მათზე ზეწოლა, რომ „მაშინ აღიარე და გამოგიშვებთ",
„ვიღაც იძულებულია დათანხმდეს, მე მათი აბსულუტურად მესმის. არ გამოვრიცხავ მიზეზი იყოს ჯანმრთელობის პრობლემაც, ყოფითიც, ზეწოლაც. სრულიად ჯანმრთელიც რომ იყოს, ციხეში ყოფნა არავის არ უნდა.
- ნიკა ჩიტაძე: „ვიღაც იძულებულია დათანხმდეს, მე მათი აბსულუტურად მესმის. არ გამოვრიცხავ მიზეზი იყოს ჯანმრთელობის პრობლემაც, ყოფითიც, ზეწოლაც..."
„ვიღაც იტყვის, რომ აი, გატყდა და აღიარა... მიზანი ალბათ უფრო ისაა, რომ ზეწოლა განახორციელონ და აღიარებინონ, რომ მერე ხელისუფლებამ განაცხადოს - „თვითონ თქვენიანები აღიარებენ, რომ გადატრიალება სურდათო", - განაცხადა ჩიტაძემ „რეზონანსთან".
იგი გამორიცხავს, რომ საპროცესო შეთანხმების მსურველთა შორის 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორები იყვნენ:
„არა, არა, ლიდერებზე საუბარი არაა, საუბარია იმ მოქალაქეებზე, ვინც, სამწუხაროდ, ციხეში მოხვდნენ. გამოვრიცხავ, რომ ლიდერები ითხოვდნენ საპროცესო შეთანხმებას".
ვის რას ედავებიან
თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 17 თებერვალსაც გაიმართა, სადაც ბრალდების მიერ წარმოდგენილი მოწმეები დაიკითხნენ. მოწმეების გამოკითხვის გარდა, პროცესზე ვიდეო მტკიცებულებაც გამოიკვლიეს, რომელშიც პროკურორის თქმით, ერთ-ერთი ბრალდებული მარიამ მეყანწიშვილი ფიგურირებს.
- პროკურორი: „გარკვეულმა ბრალდებულებმა თავად ითხოვეს საპროცესო შეთანხმება, შესაბამისად, მათთან დაიწყო მოლაპარაკებები."
ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბექა ქელეხსაშვილს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელა ქარდავას, ვახტანგ ფიცხელაურს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, აბო ნავერიანს, ანტონ უპერს, ავთანდილ სურმანიძეს, გიორგი მულაძეს და თემურ ქურციკიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვთ წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
მარიამ მეყანწიშვილს ბრალდება სსსკ-ის 226-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს.
ნანა სანდერს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს და სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პოლიციამ 2025 წლის 4 ოქტომბრის ღამითვე დააკავა აქციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: "რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე, "სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაზე და პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე.
შსს-მ 4 ოქტომბერს მოვლენების გამო საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ოთხი მუხლით აღძრა:
317-ე: მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ;
187-ე: ნივთის დაზიანება ან განადგურება;
222-ე: სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება;
225-ე: ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა.