მარიამ ვეკუა
19.02.2026

ვაშინგტონსა და თეირანს შორის დაძაბულობა ახალ პიკს აღწევს - საერთაშორისო მედიის ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალები ირანზე შესაძლო დარტყმისთვის მზადყოფნაშია და უკვე სახელდება საბრძოლო მოქმედების დაწყების შესაძლო თარიღიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. დიპლომატიური მცდელობების ფონზე რეგიონში ავიამზიდები, გამანადგურებლები და დამატებითი ძალების გადასროლა გრძელდება.

აშშ-ის სამხედრო ძალები მზად არიან უკვე ამ შაბათ-კვირას ირანზე დარტყმები განახორციელონ - ამის შესახებ ინფორმაციას, თავის წყაროებზე დაყრდნობით, რამდენიმე გავლენიანი გამოცემა ავრცელებს. თუმცა, მათივე ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრამპმა ირანისგან ბირთვული პროგრამის შეწყვეტა არაერთხელ მოითხოვა და განცხადებაც გაავრცელა, რომ თუ შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ძალას გამოიყენებს.

„ნიუ-იორკ თაიმსის", „სიბიეს ნიუსისა" და „სიენენის" ცნობით, აშშ-ის სამხედრო ძალებმა ახლო აღმოსავლეთში საკმარისი საჰაერო და საზღვაო რესურსები შეაგროვა, რათა მომდევნო დღეებში შეტევა განახორციელონ.

„როიტერსმა" აშშ-ის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით, ოდნავ განსხვავებული ვადები შემოგვთავაზა და იუწყება, რომ ოთხშაბათს, თეთრი სახლში გამართულ სხდომაზე აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მთავარ მრჩევლებს უთხრეს, რომ რეგიონში განლაგებული ყველა აშშ-ის სამხედრო ძალა მარტის შუა რიცხვებისთვის ადგილზე უნდა იყოს.

ოთხშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე თეთრი სახლის პრესმდივანმა ქეროლაინ ლევიტმა პირდაპირი პასუხი არ გასცა კითხვას, თუ როდემდე აძლევს ტრამპი ირანს დროს შეთანხმების მისაღწევად.

„ძალიან გონივრული იქნებოდა, თუ ირანი პრეზიდენტ ტრამპთან შეთანხმებას მიაღწევდა", - თქვა ლევიტმა და დაამატა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ „სრულიად გაანადგურა ირანის ბირთვული ობიექტები", მაგრამ დიპლომატია პრეზიდენტისთვის ყოველთვის „პირველი ვარიანტი" იყო.

გარდა ამისა, ლევიტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ „მცირე პროგრესი" იყო, ზოგიერთ საკითხში მხარეები „ჯერ კიდევ ძალიან შორს" არიან ერთმანეთისგან.

გამოცემა „აქსიოსი" რეპორტიორის, ბარაკ რავიდის თქმით, აშშ-ის წყაროებმა მას უთხრეს, რომ ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან გამართული მოლაპარაკებები „არაფრის მომტანი" იყო და რომ პენტაგონი აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევისთვის ემზადება, რომელიც შეიძლება კვირები გაგრძელდეს.

  • ქეროლაინ ლევიტი: „მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათს ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ მცირე პროგრესი იყო, ზოგიერთ საკითხში ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან".

რავიდის წყაროების ცნობით, ირანს მხოლოდ თებერვლის ბოლომდე აქვს დრო, რათა ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით აშშ-ს დათმობები შესთავაზოს.

ბოლო ცნობების თანახმად, ამერიკული ავიამზიდი „აბრამ ლინკოლნი" და მისი სამხედრო ხომალდების ფლოტილია უკვე რეგიონშია, ხოლო მეორე ჯგუფი, ავიამზიდ „ჯერალდ ფორდი" მეთაურობით ახლო აღმოსავლეთისკენ მიემართება.

  • ამერიკული წყაროების ცნობით, ჟენევაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრ აბას არაღჩისთან გამართული მოლაპარაკებები „არაფრის მომტანი" იყო და პენტაგონი აშშ-ისრაელის ერთობლივი შეტევისთვის ემზადება, რომელიც შეიძლება კვირები გაგრძელდეს

სამშაბათს ირანის ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ, სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული სურათი, სადაც გამოსახულია „ჯერალდ ფორდი" საფლავში წარწერით: „ამ სამხედრო ხომალდზე უფრო საშიშია იარაღი, რომელსაც შეუძლია ამ სამხედრო ხომალდის ზღვის ფსკერისკენ გაგზავნა".

„ნიუ-იორკ თაიმსის" ცნობით, რეგიონში ასევე იმყოფება ათობით საწვავის შესავსები ტანკერი და 50-ზე მეტი დამატებითი გამანადგურებელი. ამავდროულად, პენტაგონი ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალის ნაწილს გადაჰყავს, რათა, თუ აშშ დარტყმას განახორციელებს, თავიდან აიცილოს პოტენციური კონტრშეტევებისაგან მოსალოდნელი მსხვერპლი - „სიბიესი" იტყობინება რამდენიმე ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

„ნიუ-იორკ ტაიმსის" ცნობით, ისრაელშიც მიმდინარეობს მზადება , იტყობინება „ნიუ-იორკ ტაიმსი" თავდაცვის ორ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით.

ოთხშაბათს საუდის არაბეთის ტელევიზია „ალ-არაბიასთან" ინტერვიუში, რომელიც ეთერში გავიდა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ირანზე აშშ-ის ნებისმიერი ახალი დარტყმის შედეგები „კარგი არ იქნება".

„არავის სურს დაძაბულობის გაზრდა. ყველა ხვდება, რომ ეს ცეცხლთან თამაშია", - განაცხადა ლავროვმა და მოუწოდა შეერთებულ შტატებს, თავი აირიდონ ირანზე დარტყმები და მისცენ ქვეყანას საშუალება, განახორციელოს მშვიდობიანი ბირთვული პროგრამა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×