
ევროკავშირში მომზადებულ დოკუმენტში, სადაც ჩამოთვლილია, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკების ფარგლებში, საქართველოს საკითხიც შეიტანეს. ეს ჯერ მხოლოდ სამუშაო ვერსიაა და მის ერთ-ერთ პუნქტში წერია, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან. საბოლოოდ გადაწყვეტილებას კი 23 თებერვალს ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას მიიღებენ.
დოკუმენტი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის ხელმძღვანელობით მომზადდა და მისი სრული სახელწოდებაა „ევროპის ძირითადი ინტერესები ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობისა და კონტინენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში".
პირველ თავში, სახელწოდებით „რუსეთი სამომავლოდ პატივს სცემს სახელმწიფოების დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას", საუბარია იმაზე, რომ უკრაინა თუ შეზღუდავს თავისი ჯარების რაოდენობას, ან თუნდაც გაიყვანს მათ ზოგიერთი ტერიტორიიდან, რაც განიხილება აშშ-ის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებებზე, მაშინ რუსეთმაც იგივე უნდა გააკეთოს. სწორედ ამ კონტექსტშია ნახსენები რუსული ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან.
- რიკარდ იოზვიაკი: „კაია კალასი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს მოითხოვ, მით მეტია შანსი მიიღო რაღაც. თუ არაფერს მოითხოვ ვერც ვერაფერს მიიღებ."
ამჟამად რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლების მოლაპარაკება აშშ-ის შუამავლობით სამმხრივ ფორმატში მიმდინარეობს. თუმცა პროცესში ჩართული ყველა მხარე აცხადებს, რომ გარკვეულ ეტაპზე მოლაპარაკებებში ევროპის ჩართვაც აუცილებელი იქნება, რადგან, პირველ რიგში, საქმე ეხება ევროპის მომავალ უსაფრთხოებას. დასავლური წყაროების ინფორმაციით, ეს დოკუმენტიც ამისთვის მომზადდა და ის წარმოადგენს ევროკავშირის მაქსიმალისტუ შეხედულებებს მოლაპარაკებებზე რუსეთის მიერ წამოყენებული ასევე მაქსიმალისტური მოთხოვნების საპასუხოდ.
გარდა ამისა, „რადიო თავისუფლების" ცნობით, ევროკავშირის დედაქალაქებს შორის მიმდინარეობს დისკუსიები ევროკავშირის წარმომადგენლის თანამდებობის შექმნაზე, რომელიც კონკრეტულად რუსეთთან იმუშავებს. თუმცა ჯერჯერობით არც კონკრეტული კანდიდატურაა შერჩეული და არც ისაა განსაზღვრული, თუ რა მანდატი ექნება მას.
როგორც „რადიო თავისუფლების" ევროპის ბიუროს რედაქტორი, რიკარდ იოზვიაკი აცხადებს, კაია კალასის სამუშაო დოკუმენტში ოკუპანტი ქვეყნისგან მაქსიმალურს ითხოვს, რათა „რაღაც მაინც" მიიღოს.
„ეს არის დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირმა წარმოადგინა, როგორც საპასუხო წინადადება ყველა იმ დათმობაზე, რასაც რუსეთი უკრაინისგან ითხოვს. ეს არის ძალიან მაქსიმალისტური დოკუმენტი, რომელიც ძირითადად ყველაფერზე საუბრობს, რაც რუსეთმა უნდა გააკეთოს ბრიუსელის აზრით. ერთ-ერთი რამ, რასაც ისინი აღნიშნავენ, არის ის, რომ უკრაინის დატოვების და იქ ჯარების შემცირების შემდეგ, რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა მეზობელი ქვეყანა, სადაც მათ ჯარები ჰყავთ, მათ შორის საქართველო - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, ასევე მისი ბაზა სომხეთში, ბელარუსში და რა თქმა უნდა, მოლდოვაში. ევროკავშირი ფიქრობს, რომ რუსეთმა ესეც უნდა გაითვალისწინოს მოლაპარაკებებში.
„ეს საკითხი ევროპელმა დიპლომატებმა უკვე განიხილეს ამ კვირაში ბრიუსელში და სავარაუდოდ, ის კვლავ განიხილება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც მომავალ კვირას, ორშაბათს, ბრიუსელში გაიმართება.
„კაია კალასი ამ საკითხის ინიციატორია, ის ძალიან მკაცრია რუსეთის მიმართ. ის რუსეთის წინააღმდეგაა. ის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგაა, მას სურს საქართველოს მთავრობისთვის სანქციების დაწესება, მაგრამ ჯერ ერთსულოვნება არ არის. მაგრამ ეს ასევე იმის ნიშანია, რომ ის კვლავაც იქცევა გაბედულად და მოითხოვს რუსეთისგან მაქსიმალურ დათმობებს.
„ეს სამუშაო დოკუმენტია. კაია კალასი ფიქრობს, რომ რაც უფრო მეტს მოითხოვ, მით მეტია შანსი მიიღო რაღაც. თუ არაფერს მოითხოვ ვერც ვერაფერს მიიღებ. ის იაზრებს რომ ზეწოლის გარეშე რუსეთი არ დაიხევს უკან მეზობელი ქვეყნებიდან, ეს უკანასკნელი კი ნამდვილად არის ევროკავშირის სურვილი," - აცხადებს რიკარდ იოზვიაკი.
საქართველოს საკითხი
თსუ-ს პროფესორ კორნელი კაკაჩიას აზრით, ევროკავშირი ცდილობს როგორმე შევიდეს სამმხრივ მოლაპარაკებაში და რუსეთის მაქსიმალისტურ მოთხოვნებს საკუთარი დაუპირისპიროს.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია გავერკვიოთ, რა კონტექსტში ხდება ამ დოკუმენტის მომზადება. ეს არის ევროკავშირის მხრიდან მაქსიმალისტური მოთხოვნები რუსეთის ასევე მაქსიმალური მოთხოვნების საპირისპიროდ, რომელიც მან უკრაინას წარუდგინა. იქიდან გამომდინარე, რომ შეერთებული შტატები ამ კონფლიქტის საკითხში უფრო მომრიგებლის ფუნქცია აქვს და წინა ადმინისტრაციისგან განსხვავებით, ტრამპი უკრაინას მხარს მყარად არ უჭერს, ევროკავშირის ქვეყნები იძულებული გახდნენ რუსეთის არარეალური მოთხოვნები გააბათილონ, რათა მოლაპარაკების მაგიდასთან ორი უკიდურესობა იყოს - ერთი ევროკავშირის და მეორე რუსეთის მხრიდან. ეს იმიტომ, რომ რუსეთის მოთხოვნებმა არ გადაწონოს, რადგან საბოლოოდ ეს ეხება ევროკავშირის უსაფრთხოებას. ასე რომ, ეს არის მიზეზი, რატომაც მომზადდა ეს დოკუმენტი.
- კორნელი კაკაჩია: „თუ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა, ის გვერდს ვერ აუვლის ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხს, სადაც საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნების საკითხები მნიშვნელოვანი იქნება."
„ბუნებრივია, ჩვენ ჯერ არ ვიცით როგორ დასრულდება მოლაპარაკება, თუმცა ფაქტია, რომ თუ რუსეთსა და უკრაინას შორის შეთანხმება შედგა, ის გვერდს ვერ აუვლის ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხს, სადაც საქართველოს, მოლდოვას და სხვა ქვეყნების საკითხები მნიშვნელოვანი იქნება. ესე იგი მარტო უკრაინის თემა არ იქნება, ევროკავშირი ცდილობს რუსეთმა სხვა ქვეყნების პასუხისმგებლობაც აიღოს. დრო გვიჩვენებს რა გამოვა აქედან.
„წინასწარ საუბარი იმაზე, თუ რას იზამს რუსეთი - გაიყვანს ჯარებს საქართველოს ოკუპირებული ტერიოტორიებიდან თუ არა - რთულია. ჯერ ევროკავშირი ამ მოლაპარაკებაში ჩართულიც კი არ არის, მხოლოდ უკრაინა, აშშ დ ა რუსეთია მოლაპარაკების პროცესში.
„ევროკავშირი ცდილობს მაგიდაზე საკუთარი ადგილი მოიპოვოს, რადგან ეს მის უსაფრთხოებას პირდაპირ ეხება. აი, ცნობილი გამოთქმა რომ არის - თუ მოლაპარაკების მაგიდასთან არ ზიხარ, მაშინ მენიუში ხარ - ზუსტად ასეთი ვითარებაა ევროკავშირთან მიმართებაში", - განაცხადა კორნელი კაკაჩიამ „რეზონანსთან".