
„ხალხის ძალა" და კონკრეტულად მისი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ღიად უპირისპირდება ავტოიმპორტთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებს. მანამდე კი იგივე ხუნდაძემ „ქართული ოცნება" საკადრო პოლიტიკის გამო გააკრიტიკა. „ხალხის ძალა", რომელიც ძირითადად „ქართული ოცნებისგან" ფორმალურად გამოყოფილ ჯგუფს წარმოადგენს, ხელისუფლების სატელიტ პარტიად ითვლება. ხელისუფლებასთან დაპირისპირების მხრივ მათ გააქტიურებას ანალიტიკოსების სხვადასხვა მიზეზებით ხსნიან.
„ხალხის ძალის" დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მთავრობის დადგენილება, რომლის თანახმად საქართველოში 1-ლი აპრილიდან იკრძალება 6 წელზე მეტი ასაკის „მ1" კატეგორიის ავტომობილების იმპორტი, პირველადი და დროებითი რეგისტრაცია, უნდა გადაიხედოს. მისი შეფასებით, ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.
„გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია და უნდა გადაიხედოს. ეს ვერც ავტოპარკის განახლებას უზრუნველყოფს და ვერც ეკოლოგიურ მდგომარეობას გააუმჯობესებს. პირიქით, არსებული ძველი მანქანები კიდევ უფრო დიდხანს დარჩება მიმოქცევაში და მეტი ცვეთის და სიძველის გამო, კიდევ უფრო მეტად დააბინძურებს გარემოს. თანაც რეგულაცია არ ეხება დიდი ზომის სატვირთო და სპეციალური დანიშნულების ავტოტრანსპორტს, რომელსაც უფრო მაღალი ცვეთის რეჟიმი აქვს და უფრო მეტად შეუძლია გარემოს დაბინძურება...
„რეგულაცია განსაკუთრებულ პრობლემებს რეგიონებში შექმნის, სადაც არ არსებობს არც შიდა მუნიციპალური და არც საქალაქთაშორისო საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
„ასეთი ვითარება განსაკუთრებით დააწვება ტვირთად საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოქალაქეებს. აღარაფერს ვამბობ იმპორტიორებზე, რომელთა საქმიანობა, გარდა შემოსავლისა, ბევრი ოჯახისთვის ქმნის სამუშაო ადგილებს.
„სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა" მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში", - დაწერა ხუნდაძემ 19 თებერვალს სოციალურ ქსელში.
აღსანიშნავია, რომ წინა დღეს, 18 თებერვალს, პრემიერი ირაკლი კობახიძე ინტერპელაციის წესით პარლამენტში იმყოფებოდა და ხენდაძეს, როგორც პარლამენტის წევრს, თავისუფლად შეეძლო ამ გადაწყვეტილებაზე მისთვის პირადად დაესვა კითხვები, თუმცა ეს შესაძლებლობა არ გამოიყენა.
- დიმიტრი ხუნდაძე: „გადაწყვეტილება, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების აკრძალვას ეხება, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია... სანამ რეგულაციას ნეგატიური შედეგი არ მოუტანია, ის უნდა გადაიხედოს. პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა" მზად არის ჩაერთოს კონსულტაციებში".
გარდა ამისა, მანამდე ხუნდაძე ხელისუფლებას საკადრო პოლიტიკის გამოც აკრიტიკებდა. 3 თებერვალს მან პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ „ოცნების" „ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ და ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა".
„გუნდის შიგნით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია სავალალო საკადრო პოლიტიკაზე, მაგრამ პრობლემა პრობლემად რჩება - სამშობლოს ერთგული მხარდამჭერები, რომელთა მობილიზებაც 2012 წელს მოხდა, თანდათან თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, მათი რესურსი დაუმსახურებლად განიავდა, ზოგი შეურაცხყოფილი დარჩა."
ხუნდაძის თქმით, ხშირად საჯარო სამსახურებში უპირატეს მდგომარეობაში ის ხალხია, ვინც ფეხის დადების შანსს ყოველწუთიერად ელოდება.
„უფრო მეტიც, ასეთი ხალხი პოლიტიკურ თანამდებობებსაც კი იკავებენ. ეს უნდა დასრულდეს. ასეთ კადრებს სიკეთე არასდროს არ მოაქვს. ამ მხრივ შეცდომები ვნახეთ წარსულში და ამ მხრივ შეცდომებს ვუყურებთ დღესაც. უნდა გაიზარდოს რეკომენდატორების პასუხისმგებლობაც, რომ შეუსაბამო კადრებს რეკომენდაციას პასუხისმგებლობის გარეშე არ უწევდნენ", - განაცხადა ხუნდაძემ.
რა დგას კრიტიკის მიღმა
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძეს აზრით, „ხალხის ძალისა" და კონკრეტულად დიმიტრი ხუნდაძის გააქტიურება, სავარაუდოდ, „ოცნებასთანაა" შეთანხმებული და მთავარი მიზანი პარლამენტში ფსევდოპოზიციის შექმნაა.
„ხალხის ძალის" ოპოზიციონერობა ფსევდოოპოზიციონერობაა, რაც შეეხება ხუნდაძის გააქტიურებას, ჩემი აზრით, ერთ-ერთუ მოტივი უნდა იყოს ის, რომ „ოცნებას" ძალიან უნდა ჰყავდეს ოპოზიცია, ოღონდ ფსევდოოპოზიცია, რომელიც რაღაცას გააკრიტიკებს. ანუ წარმოსახვით შექმნან საპარლამენტო ცხოვრება. ეს სურვილი გააჩინა იმანაც, რომ აი, გახარიას გუნდი შევიდა პარლამენტში და არ სურთ, რომ მხოლოდ გახარია დაფიქსირდეს იქ ოპოზიციად. ამიტომ ცდილობენ რაღაც ინიციატივები წამოიწყონ, თორემ აბა, გუშინდლამდე არ იცოდა ხუნდაძემ, რომ 6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანის აკრძალვას აპირებდა ხელისუფლება?" -განაცხადა ძაბირაძემ.
განსხვავებულად ფიქრობს ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე და ამბობს, რომ „ხალხის ძალის" სატელიტობაზე ხაზგასმა არაფრის მომცემია.
- რამაზ საყვარელიძე: „ყველა ეცდება ისეთი განცხადება გააკეთოს რაც სხვას არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მითითება იმაზე, რომ ეს (ხელისუფლების) სატელიტი პარტიაა, არაფრის მომცემია".
„ვნახოთ, როგორი იქნება ამ კრიტიკაზე რეაქცია. რა თქმა უნდა, შესაძლოა იყოს კრიტიკა თვითონ „ოცნების" დეპუტატებისგანაც. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი პოლიტიკური დასკვნის გაკეთება, ვფიქრობ, ძნელია. ყველა ცდილობს, ყველა ადამიანი პოლიტიკის გარეშედაც, თავისი ადგილი მოიპოვოს პოლიტიკურ პროცესში. ამდენად, ყველა ეცდება ისეთი განცხადება გააკეთოს რაც სხვას არ გაუკეთებია. ვფიქრობ, მითითება იმაზე, რომ ეს (ხელისუფლების) სატელიტი პარტიაა, არაფრის მომცემია", - განაცხადა საყვარელიძემ.
„ძველების" და „ახლების" დაპირისპირება?
რამდენად შესაძლებელია, რომ ხუნდაძის მიერ მთავრობის გადაწყვეტილების კრიტიკა და მისი მოსაზრებები „ქართული ოცნების" საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით, თავად მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებას და მათ შორის „ოცნების" ძველ და შედარებით ახალ სახეებს შორის კონფლიქტს უკავშრდებოდეს? რამაზ საყვარელიძე კონკრეტული პასუხისგან თავს იკავებს, თუმცა აღნიშნავს, რომ დაპირისპირება ასეთ დიდ და მრავალრიცხოვან ორგანიზაციაში ბუნებრივი მოვლენაა:
„ამხელა ორგანიზაციაა, რასაც დღევანელი „ოცნება" ჰქვია და რა თქმა უნდა, იქნება დაპირისპირებები. ყველა ჰარმონიულად არ იმღერებს, ნუ გაგვიკვირდება დაპირისპირების არსებობა... შეიძლება იყოს დაპირისპირება „ოცნების" ამა თუ იმ ჯგუფში და არ მესმის დაპირირისპირებაზე მძაფრი რეაქცია რატომ გვაქვს".
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ შესაძლოა საუბარია არა იმდენად დაპირისპირებაზე, არამედ „ხალხის ძალისა" და ზოგადად, „ოცნების" „ძველი სახეების" შიშზე, რომ ახლო მომავალში საკადრო თვალსაზრისით ბორტს მიღმა არ აღმოჩნდნენ.
„რაც შეეხება ძველ კადრებს, აქ შეიძლება ორი რამ ემთხვეოდეს ერთმანეთს: ერთი, რომ შეიქმნას ოპოზიციონერობის ილუზია, მეორე ის, რომ მათ შეიძლება ეს მართლაც აწუხებდეთ, რადგან ახალი კადრებით დაკომპლექტება იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებზე ხუნდაძე, ალბათ, ვეღარ მოხვდება საარჩევნო სიაში.
„ამიტომ ერთია, რომ პირადი ინტერესით შეიძლება იყოს და ამასთანავე ეს პირადი ინტერესი შეიძლება ჩაწერილი იყოს იმ სურათში, რასაც ოპოზიციური „გააქტიურება" ჰქვია.
- ვახტანგ ძაბირაძე: „მათ შეიძლება ეს მართლაც აწუხებდეთ, რადგან ახალი კადრებით დაკომპლექტება იმას ნიშნავს, რომ შემდეგ არჩევნებზე ხუნდაძე, ალბათ, ვეღარ მოხვდება საარჩევნო სიაში."
„დაპირისპირება ნაკლებად არის, უბრალოდ სურვილებია გამოთქმული, რომ ძველ კადრებს მივხედოთო. ეს უფრო თავდაცვის მომენტია. ხუნდაძე და მისი გუნდი საფრთხეს გრძნობს, რომ შეიძლება ბორტს მიღმა დარჩეს", - განაცხადა ძაბირაძემ.