ნატალია ჯვარიძე
19.02.2026

აფხაზეთში რუსეთიდან შეიყვანეს რკინიგზის ხელოსნების 4 ბრიგადა, რომელიც სოხუმი-ოჩამჩირეს სარკინიგზო მონაკვეთის აღდგენაზე მუშაობს. აფხაზური მედია წერს, რომ ამის მერე, სავარაუდოდ, ასევე გაარემონტებენ ოჩამჩირე-გალის მონაკვეთს და შემდეგ გალიდან ენგურამდე - საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიამდე.

აფხაზური მედია წერს, რომ დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბას მითითებით, წელს რკინიგზის აღდგენას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. სამუშაოები ახლახანს დაიწყო და უკვე სრულად გარემონტდა 950-მეტრიანი მონაკვეთი.

მედიაში რკინიგზის მნიშვნელობაზე აქტიურად საუბრობენ და წერენ, რომ ახალი ლიანდაგი გაზრდის ოჩამჩირის კრინიგზის სადგურის გამტარუნარიანობას. ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს სოხუმი-კელასურისა და კელასური-დრანდის მონაკვეთებზე.

მანამდე, 12 თებერვალს რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა, რომ რუსეთი აფხაზეთის გავლით საქართველოსთან სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს. მისი თქმით, მიმდინარეობს სამუშაოები კავკასიაში ყველა დაზიანებული მარშრუტის განბლოკვის მიზნით:

„ეს მოიცავს რუსეთსა და საქართველოს შორის აფხაზეთის გავლით რკინიგზის მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობის განხილვას".

  • მამუკა არეშიძე:„სინამდვილეში ეს ბრიგადები შეყვანილია ოჩამჩირე-გალის რკინიგზის სარემონტო სამუშაოებისთვის. რუსეთი საქართველოს ფაქტის წინაშე აყენებს და ცდილობს აიძულოს დათანხმდეს რკინიგზის ამუშავებაზე."

ოვერჩუკმა ასევე აღნიშნა, რომ ამ მარშრუტის აღდგენა მნიშვნელოვანია მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის თვალსაზრისით აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს, ირანის, თურქეთისა და რუსეთისთვის.

კავკასიის საკითხებში ექსპერტის, მამუკა არეშიძის შეფასებით, რუსეთს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის ამუშავების თავდაპირველი გეგმა ჩაეშალა და ახლა ცდილობს საქართველოს ფაქტის წინაშე დააყენოს და რკინიგზის ამუშავებაზე დაითანხმოს.

„საქმე ისაა, რომ 2024 წლიდან, მას მერე, რაც რუსეთს აზერბაიჯანთან ურთიერთობა დაეძაბა, მოსკოვში მიხვდნენ რა შეცდომა დაუშვეს ყარაბაღის მოვლენების გააქტიურების დროს, როცა სომხეთს არ დაეხმარნენ. თურქეთმა, ფაქტობრივად, უაღრესად შეზღუდა რუსეთის გავლენები სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე, მოსკოვისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ სატრანსპორტო დერეფნებს, რომლებსაც ჯერჯერობით ნაწილობრივ აკონტროლებს სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე.

„პირველ რიგში ეს არის ჩრდილოეთ-სამხრეთის კორიდორი, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის, ანუ მას სამხრეთ კავკასიის გავლით ირანთან აკავშირებს. მოსკოვში ძალიან არ უნდათ, რომ ამის მაკონტროლებელი აზერბაიჯანი იყოს და ამიტომ 2024 წელს შეიქმნა გეგმა, სადაც გადაწყვეტილი იყო აფხაზეთის რკინიგზის ამუშავება, შემდეგ დანარჩენი საქართველოს რკინიგზასთან მისი მიერთება, მერე სომხეთის რკინიგზის გამოყენება, რომელიც ისედაც მათია 30 წლით, და ბოლოს, ზანგეზურის დერეფნის გადაკვეთით ირანთან დაკავშირება.

„ეს ჩაეშალათ, ვინაიდან, ერთის მხრივ, საქართველოს ხელისუფლებასთან ვერ მოილაპარაკეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემაზე და მეორე, ამერიკელებმა დაასწრეს და ზანგეზურის დერეფანი („ტრამპის მარშრუტი") დაიკავეს. აქედან გამომდინარე, ახლა რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზას დემონსტრაციულად აკეთებს.

  • მამუკა არეშიძე: „საქართველოს ხელისუფლებამ, თუ რუსეთი ჩვენს პოლიტიკურ სურვილებს დააკმაყოფილებს, რასაკვირველია, რკინიგზის აღდგენა უნდა დაიწყოს, რადგან ეს კიდევ დამატებით ფუნქციას ანიჭებს საქართველოს."

„სხვათა შორის, ოჩამჩირისა და სოხუმის რკინიგზაზე დიდად სარემონტო სამუშაოები არ მიდის, ის გაკეთებულია ჯერ კიდევ 2008 წლის ომისთვის და გადასარევად მუშაობს. სინამდვილეში ეს ბრიგადები შეყვანილია ოჩამჩირე-გალის რკინიგზის სარემონტო სამუშაოებისთვის. რუსეთი საქართველოს ფაქტის წინაშე აყენებს და ცდილობს აიძულოს დათანხმდეს რკინიგზის ამუშავებაზე. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ეს გამოუვიდეს, თუ (აფხაზეთთან დაკავშირებით) პოლიტიკური გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული", - განაცხადა არეშიძემ.

მისივე შეფასებით, თავად აფხაზეთში რკინიგზის ამუშავებასთან დაკავშირებით შიდა წინააღმდეგობაა, თუმცა დე ფაქტპ ხელისუფლებას არ აქვს იმის რესურსი, რომ შეეწინააღმდეგოს კრემლის გადაწყვეტილებებს.

„აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე სერიოზული შიდა წინააღმდეგობაა. მთავარი ის არის, რომ აფხაზებისთვის არავის არაფერი უკითხავს. გუნბა უბრალოდ შემსრულებელია - დაავალებენ და აკეთებს. აფხაზებს კიდევ ერთხელ მიუთითეს, რომ ისინი არაფერს წარმოადგენენ და მათი აზრი არავის აინტერესებს, როცა საქმე გეოპოლიტიკას ეხება.

„აფხაზებს არ აქვთ იმხელა რესურსი, რომ ეს პროცესი შეაჩერონ, რადგან აფხაზური საზოგადოება, ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით, მთლიანად დამოკიდებულია რუსეთზე. ამიტომ რაც არ უნდა ილაპარაკონ, ეს იქნება ქარიშხალი ჭიქაში.

„საქართველოს ხელისუფლებამ, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი ჩვენს პოლიტიკურ სურვილებს დააკმაყოფილებს, რასაკვირველია, რკინიგზის აღდგენა უნდა დაიწყოს, რადგან ეს კიდევ დამატებით ფუნქციას ანიჭებს საქართველოს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თუ აფხაზეთის პოლიტიკური საკითხი არ გადაწყდა, მაშინ ამ რკინიგზის ამუშავებას აზრი არ აქვს", - განაცხადა მამუკა არეშიძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×