თამთა ჩაჩანიძე
20.02.2026

„ლელო" ოპოზიციურ ერთობაზე უარს ამბობს და აგრძელებს პოზიციონირებას, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტი. პარტიაში მიაჩნიათ, რომ „ყველას ერთ ქვაბში მოქცევა" ალტერნატივის ხარისხს ამცირებს და „ოპონენტის ნარატივს ამარტივებს". აქვე ცნობილი ხდება, რომ პარტიის ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე „ლელოს" გაძლიერებაზე მუშაობენ.

„ერთობა თვითმიზანი არ უნდა იყოს. ერთობა არის ინსტრუმენტი კონკრეტული პოლიტიკური მიზნის მისაღწევად. თუ მიზანია მმართველი სისტემის დამარცხება, ამას სჭირდება ძლიერი, მრავალფეროვანი, პასუხისმგებლობიანი, დამოუკიდებელი ოპოზიციური სპექტრი. პოლიტიკაში ყველას ერთ ქვაბში მოქცევა ამარტივებს ოპონენტის ნარატივს და ამცირებს ალტერნატივის ხარისხს. ძლიერი ოპოზიცია იქმნება კონკურენტული მრავალფეროვნებით და არა იძულებითი ერთგვაროვნებით",- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ გაერთიანებამ ელექტორალური ბაზა უნდა გაზარდოს, ამ ტიპის გაერთიანება კი, რაზედაც ოპოზიციური პარტიები ხელს აწერენ, ბაზას არ ზრდის.

„ყველა ერთადაც რომ ყოფილიყო, ამ გაერთიანებას იმხელა მნიშვნელობას არ ვაძლევ, რასაც სხვები. გაერთიანებამ, პირველ რიგში, ელექტორალური ბაზა უნდა გაზარდოს და ჩვენთან ასეთი ვითარება, სამწუხაროდ, არაა, რადგან ელექტორატი ისევ და ისევ სამ ნაწილადაა გაყოფილი - „ქართული ოცნების" მხარდამჭერები, ჯამურად „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები და ჯგუფი, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც ენმ.

„გაერთიანებას იმ შემთხვევაში ექნებოდა ფასი, თუ ეს ჯგუფი, რომელსაც არც ენმ უნდა და არც „ოცნება" ამ გაერთიანებისკენ წამოვიდოდა. თუმცა დღეს საზოგადოებაში ასეთი განწყობა არაა. „ნაციონალურმა მოძრაობამ" რამდენიც არ უნდა ილაპარაკოს, რომ იმ 9 წლის შემდეგ 13 წელი გავიდა და დღეს „ქართული ოცნება" იმაზე უარესია, ვიდრე მაშინ ენმ, ეს არ მუშაობს", - განაცხადა ძაბირაძემ.

  • ვახტანგ ძაბირაძე: „სწორი მუშაობის შემთხვევაში, ისინი მთლიანად აითვისებენ ამ სეგმენტს, ძირითადად 90%-ს მაინც, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც ენმ."

კითხვაზე, ახლა „ლელოს" დამოუკიდებლად რამდენად აქვს გაძლიერების პერსპექტივა, ძაბირაძემ გვითხრა, რომ თუ სწორად იმუშავებს, უდავოდ აქვს.

„თუ სწორად იმუშავებს, მას ამის პერსპექტივა აქვს. თუ ისევ მერყეობას დაიწყებს, რომ ხან ენმ-ს უერთდება, ხან შორდება, ხან ასეა, ხან ისე, მაშინ პერსპექტივა არ ექნება, რადგან ეს ამომრჩეველი მასზეც გულს აიცრუებს. ამიტომ სწორი მიდგომა და სწორი შერჩევა უნდა. იგივე ეხება გახარიას პარტიასაც. სწორი მუშაობის შემთხვევაში, ისინი მთლიანად აითვისებენ ამ სეგმენტს, ძირითადად 90%-ს მაინც, რომელსაც არც „ოცნება" უნდა და არც ენმ", - განაცხადა ძაბირაძემ.

ამ საკითხზე ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე წერს, რომ განცხადების გაკეთების ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება რამდენჯერმე ერთსა და იმავე ორმოში ჩავარდნა იყოს.

„რამ აიძულა „ლელო" გაეკეთებინა ეს განცხადება? ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ რამდენჯერმე ერთი და იმავე ორმოში ჩავარდნამ, ნაცებთან ფლირტმა და ამომრჩევლის საკმაო ნაწილის დაკარგვამ, ეტყობა ცოტა ჭკუა ასწავლათ, და მიიღეს ჩემი აზრით, სწორი გადაწყვეტილება.

„თუმცა, "ლელოს" სხვა, უფრო მნიშვნელოვანი პრობლემა უდგას, მიხვდით ალბათ რაც - ადამიანური ფაქტორი. პარტიის ლიდერები, განსაკუთრებით ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტი, საზოგადოებაში მაღალი ნდობით და პოპულარობით ვერ დაიკვეხნიან. ვინც ქართულ პოლიტიკურ რეალობას კარგად იცნობს, იცის რომ ძლიერი, ქარიზმული ლიდერის გარეშე პარტია უბრალოდ განწირულია.

„ლელოს" ფანტასმაგორიულ პროგრამებს მაგ. ყბადაღებულ „მარშალის გეგმას" საქართველოსთვის, მოსახლეობამ თავი და ბოლო ვერ გაუგო.

მოკლედ, „ლელო" რომ იტყვიან „მესამე წრეზე" მიდის, ალტერნატიულ ძალად ჩამოყალიბების მცდელობაში და დიდი ეჭვი მაქვს, რომ მორიგი ფიასკო ელოდებათ. ცოტა ხნის წინ მე საჯაროდ ვურჩიე ხაზარაძე-ჯაფარიძის დუეტს, რომ მათთვის საუკეთესო გამოსავალი პოლიტიკიდან წასვლა იქნებოდა",- წერს ანჯაფარიძე.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×