
გახარიას პარტია გამორიცხავს სხვა სხვა პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანებას და დამუკიდებლად აპირებს გააგრძელოს მოღვაწეობა. მათთვის წითელი ხაზია „ნაციონალური მოძრაობის" წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. ანალიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ გაერთიანების შემთხვევაში პარტია ელექტორატს დაკარგავს, თუმცა არც იმ შემთხვევაში აქვს ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მოზიდვის პერსპექტივა, თუ მარტო დარჩება.
აქვე აღსანიშნავია, რომ მართალია, ყოფილი პრემიერის მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობა დაანონსდა, იქ გახარიას დასწრების ფოტო-ვიდეომასალა არ გამოქვეყნებულა. გუნდში ამბობენ, რომ „გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სურათების გადასაღებად არ იმყოფებოდა, ფოტოების დადებას თუ არდადებას ტელეკომპანიებს არ შეუთანხმებს".
„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ტატა ხვედელიანი იმასაც ამბობს, რომ პარტია არავისთან გაერთიანებას არ განიხილავს.
„არავისთან გაერთიანებას არ განვიხილავთ. ჩვენთვის წითელი ხაზია ოპოზიციურ ფლანგზე არსებული „ნაციონალური მოძრაობის" წარმომავლობის პარტიები და მისი განშტოებები. შესაბამისად, არავითარ გაერთიანებაზე არაა საუბარი. თუ კონკრეტულმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ლელომ" გადაწყვიტა, რომ მარტო განაგრძოს ბრძოლა, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. ჩვენ მათთან თანამშრომლობის პრეცედენტი გვქონდა იმისთვის, რომ საერთო მიზანი მიღწეული ყოფილიყო. იმისთვის, რომ საერთო პოზიციები გაგვეძლიერებინა, ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების ფორმატში ვითანამშრომლეთ. თუმცა ამის შემდეგ ეს თანამშრომლობა არ გაგრძელებულა. ჯერჯერობით ჩვენ არაფერს განვიხილავთ, თუმცა ვნახოთ შემდეგ რა იქნება", - აღნიშნა ტატა ხვედელიანმა
როგორც ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე „რეზონანსთან" აცხადებს, ის, რომ გახარიას პარტია არავისთან გაერთიანებას არ აპირებს, კარგია, თუმცა ელექტორატს დამოუკიდებლადაც ვერ მოიზიდავს.
- პეტრე მამრაძე: „მარტო ყოფნითაც ელექტორატს ვერ მოიზიდავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადასახედით, იმასაც ვერ აიღებენ, რაც 2024 წელს აიღეს, ახლა პარლამენტში თორმეტნი არიან".
„რაც პარლამენტში შევიდნენ, სრული უსუსურობა გამოავლინეს, ისინი რეალობას არიან მოწყვეტილი, ოღონდ მმართველი პარტიის საწინააღმდეგო რამე თქვან და არა ის, რაც ქვეყნისთვის მართლა პრობლემაა, რომელსაც ობიექტურად მიუდგები. ასეთი ქმედება წამგებიანია.
„შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 7 მარტს, როცა უკრაინაში უბედურება ტრიალებდა, ამ დროს გახარია გამოვიდა და თქვა - ჩვენ გვინერგავდნენ, რომ არაფერი შეგვიძლია, გვარწმუნებდნენ, რომ ბრძოლას აზრი არ აქვს. აი, თუ აზრი არ აქვს, ამის მაგალითია, უკრაინა როგორ იბრძვისო. როგორ უნდა გძულდეს შენი ერი, თქვა, რომ ჩვენთვის მაგალითია უკრაინა. და რისთვის თქვა ეს? ქულები რომ დაეწერა, რომ პატრიოტია. დღემდე ამ ნათქვამს მისი პარტიიდან არცერთი არ გაემიჯნა და მაკვირვებს. დღემდე მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა პარლამენტში არცერთხელ არ შეახსენეს.
„ნათქვამი, რომ არავითარ შემთხვევაში არავითარ კავშირზე არ წავალთ ენმ-თან და არც მის ნებისმიერ განშტოებასთანო, სწორია. იციან, რომ ნაცების არცერთი ამომრჩეველი ხმას არ მისცემს და გახარიაც და სხვა თანაგუნდელებიც სააკაშვილის რეჟიმთან არ არიან ასოცირებული. თუმცაღა, მარტო ყოფნითაც ელექტორატს ვერ მოიზიდავს, ყოველ შემთხვევაში, ჩემი გადასახედით, იმასაც ვერ აიღებენ, რაც 2024 წელს აიღეს, ახლა პარლამენტში თორმეტნი არიან.
„როცა გახარია პრემიერობიდან გადადგა, მე ბევრი ადამიანი შემხვდა, რომლებსაც ალბათ იმედი ჰქონდათ, რომ ალბათ ესეც ივანიშვილის პროექტია და ეს შეთანხმებით ხდებაო, თუმცა ივანიშვილმა თავად თქვა, რომ მოღალატეა და არავითარი კავშირი არაა",- განაცხადა მან.
ამბობს, რომ ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გახარიას პარტია იმდენ ხმას ვერ მიიღებს, რამდენიც 2024 წლის არჩევნებში მიიღო.
„ლოგიკით არ უნდა მიიღოს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი ივანიშვილის შარავანდედი, რომელიც ჰქონდა, მოეხსნა. გარდა ამისა, ჩორჩანასა და სხვა საკითხებზე ბრალდებები ნეგატიურად მოქმედებს და მთავარი, რაც ნეგატიურად მოქმედებს ისაა, რომ ის ქვეყნიდან გაიქცა.
„რაც შეეხება მიუნხენის კონფერენციას, ვფიქრობ გახარია იქ არც იყო და ამისი ამსახველი კადრები ამიტომაც არ დადო. თუ დავუშვათ დერეფანში ვინმეს ხელი ჩამოართვა, ალბათ იმდენი ჭკუა ეყო და არ გამოაქვეყნა, რომ ეს მხოლოდ სამსახარაო გახდებოდა. დარწმუნებული ვარ რაიმე სერიოზული შეხვედრა რომ ყოფილიყო, ამას დადებდა",- განაცხადა მამრაძემ.