ნატალია ჯვარიძე
20.02.2026

ოპოზიციაში დაწყებულ საუბარს, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს 4 ოქტომბრის აქციაზე დაკავებულებს საპროცედურო შეთანხმება შესთავაზოს, პროკურატურა გამოეხმაურა. უწყებაში გავრცელებულ „ჭორებს" უარყოფენ და ამბობენ, რომ თუ დაკავებულები მიმართავენ თხოვნით, ამ შემთხვევაში იმოქმედებენ ისე, როგორც კანონია.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, საპროცესო შეთანხმებაზე ისაუბრებენ მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ თხოვნით პროკურატურას და რომლებიც, ამავდროულად, ჩადენილ ქმედებას აღიარებენ.

„სხვადასხვა საინფორმაციო არხებით ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს საპროცესო შეთანხმებები შესთავაზა, რაზეც განვმარტავთ, რომ საპროცესო შეთანხმებაზე ბრალდების მხარე ისაუბრებს მხოლოდ იმ ბრალდებულებთან, რომლებიც თავად მომართავენ ასეთი თხოვნით პროკურატურას და რომლებიც ამავდროულად, აღიარებენ და გულწრფელად მოინანიებენ ჩადენილ ქმედებას", - ნათქვამია ინფორმაციაში.

  • გია აბაშიძე: „ეს დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავს, როცა შარშან, ადგილობრივ არჩევნებამდე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ ინანიებდნენ მათ მიერ დარღვეულ კანონს და თავი ე.წ. პოლიტპატიმრებად მიაჩნდათ."

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული, კონსტანტინე კოკაია წერს, რომ მას ბრალდების მხარე საპროცესო შეთანხმებას სთავაზობს, თუმცა, უარს ამბობს შეთანხმებაზე და აცხადებს, რომ არ აპირებს იმის დაბრალებას, რაც არ ჩაუდენია.

„როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდების მხარე მთავაზობს საპროცესო შეთანხმებას შემდეგი პირობით, ერთი წელი ციხე, ერთი წელი პირობითი.

„ჩემი პოზიცია, საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, უცვლელია. დაკავების დღიდან დღემდე უარს ვამბობ საპროცესო შეთანხმებაზე და არ ვაპირებ იმის დაბრალებას, რაც არ ჩამიდენია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სასამართლოს პირობებში ვერ ვიპოვი საკუთარ სიმართლეს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მინდა, რომ ვიყო მართალი საკუთარ თავთან, ჩემს ოჯახთან და ქვეყანასთან. სწორედ ეს არის ჩემი გადაწყვეტილების მთავარი მოტივი." - წერს კოკაია

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე დაკავებულები არიან „რუსთაველის გამზირის" ლიდერი პაატა ბურჭულაძე, ყოფილი მთავარი პროკურორი მურთაზ ზოდელავა, ენმ-ს წევრი ირაკლი ნადირაძე, „სტრატეგია აღმაშენებელის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაზე, პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე და სხვები.

  • ნიკა ჩიტაძე: „ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აიძულებენ ე.წ. დანაშაული აღიარონ და მერე სათქმელი ჰქონდეთ. ალბათ, დაკავებულებზე ზეწოლას მოახდენენ, რომ ოპოზიციონრებს გაემიჯნონ."

ანალიტიკოს გია აბაშიძის შეფასებით, თუ ბრალდებულები ინიციატივას გამოიჩენენ, ხელისუფლება შეიწყალებს, სხვა შემთხვევაში მხოლოდ სპეკულაციებს აქვს ადგილი.

„ეს დაახლოებით იმ სიტუაციას ჰგავს, როცა შარშან, ადგილობრივ არჩევნებამდე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე არ ინანიებდნენ მათ მიერ დარღვეულ კანონს და თავი ე.წ. პოლიტპატიმრებად მიაჩნდათ. თუმცა პრეზიდენტმა კეთილი ნება გამოიჩინა და შეიწყალა. ახლაც დაახლოებით იგივე სცენარია, ოღონდ უფრო მეტი სპეკულაცია დაემატა, რაც შესამჩნევია არა მხოლოდ ოპოზიციური მედიიდან, არამედ სოციალური ქსელების სხვადასხვა გვერდებიდან, რომ თითქოს ხელისუფლებას სხვა გზა არ აქვს, უკან იხევს და ე.წ. პოლიტიმრების გამოშვება სურს. ეს სინამდვილეს არ შეეფერება. ჩვეულ, მახინჯ ტრადიციად იქცა ის, რომ ხელისუფლებას ის დააბრალონ, რასაც არ აკეთებს.

„ვნახოთ რა მოხდება, თუმცა გამოძიებასთან თანამშრომლობა არავის აუკრძალავს. თუკი დადგა გამოძიებისა და ბრალდების მხრიდან იმის საჭიროება, რომ საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს და ამის კეთილ ნებას გამოიჩენენ თავად ბრალდებულები, აღიარებენ თავიანთ დანაშაულს, ბუნებრივია, ამით ისარგებლებენ. თუმცა იქამდე ამგვარი სპეკულაციები უსარგებლოა", - განაცხადა გია აბაშიძემ „რეზონანსთან".

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე კი ამბობს:

„ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს აიძულებენ ე.წ. დანაშაული აღიარონ და მერე სათქმელი ჰქონდეთ. ალბათ, დაკავებულებზე ზეწოლას მოახდენენ, რომ ოპოზიციონრებს გაემიჯნონ. სავარაუდოდ, დაკავებულთა ნაწილი მიმართავს, რომ გამოვიდნენ ციხიდან, ვიღაც ალბათ არა".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×