თამთა ჩაჩანიძე
23.02.2026

საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები. მანამდე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ დელეგაციით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.

საკითხზე, რას ნიშნავს მოხშირებული საგარეო ვიზიტები ხელისუფლებისგან, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ უცბად საგარეო გარღვევა ჯერჯერობით მოსალოდნელი არაა, თუმცა, "ოცნების" მხრიდან მცდელობა არის.

აქვე ცნიბილი ხდება, რომ ნიკოლოზ სამხარაძე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, ლიკა შარტავა რესპუბლიკელ კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას მიწვევით, აშშ-ში "სუვერენული ერების ალიანსის" პირველ სამიტს დაესწრებიან.

სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.

რას ნიშნავს "ოცნების" ვიზიტები დასავლეთში

თსუ-ს პროფესორი კორნელი კაკაჩია "რეზონანსთან" ამბობს, რომ "ოცნება" ახლა აშკარად ცდილობს საერთაშორისო იზოლაციის გარღვევას, თუმცა ამ დრომდე ამას ჯიუტად არ აღიარებდა. მისი თქმით საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში ვიზიტები და შეხვედრები, მითუმეტეს "მოსკოვის მექანიზმის" ფონზე, გარღვევად არ ითვლება.

  • კორნელი კაკაჩია: "რადგან სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, მათ აქვთ ეს ვალდებულება, რომ დაელაპარაკონ, თუმცა, საერთაშორისო გარღვევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია"

"მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნება" ჯიუტად არ აღიარებდა, რომ ის საერთაშორისო იზოლაციაშია, ახლა აშკარად ცდილობენ, რომ ეს იზოლაცია გაარღვიონ. თუმცაღა, ეს ადვილი არაა, ისინი მაღალი დონის ვიზიტებს ვერ ახერხებენ, იმ სიტუაციიდან გამომდინარე, რაც ქვეყანაშია.

"რაც შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციებს, აქ მათ უფრო აქვთ შესაძლებლობა, მათ საქართველოს მიმართ კონკრეტული ხედვა არ აქვთ გაერო-ში და თუნდაც ეუთო-ში, თუმცა, ეუთო-ში უკვე სიტუაცია იცვლება, ეუთო-ს მექანიზმი ამოქმედდა. ევროკავშირის სტრუქტურებისგან განსხვავებით, საერთაშორისო ორგანიზაციები ამ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლებს იწვევენ, ისინი ყველას ელაპარაკებიან, ხანდახან რუსეთის წარმომადგენლებსაც. ეს ჯერჯერობით გარღვევად არ უნდა მივიჩნიოთ, ამაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ გარღვევას ცდილობენ.

"რადგან სახელმწიფო საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია, მათ აქვთ ეს ვალდებულება, რომ დაელაპარაკონ, თუმცა, საერთაშორისო გარღვევაზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია", - განაცხადა კაკაჩიამ.

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ გარღვევის თვალსაზრისით მოლოდინი არ აქვს, რომ უცბათ რამე შეიცვლება, თუმცა, თანმიმდევრული მუშაობა ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს.

"მე გარღვევას ვერ ვიტყოდი, ანუ ის, რომ ერთბაშად რამე უცბად შეიცვლება, მაგრამ ასეთი თანამიმდევრული, მიზანდასახული მუშაობით, რომ სიმართლე მიაწოდონ დოკუმენტური მტკიცებულებებით, ეს ადრე თუ გვიან შედეგს მოიტანს.

ევროსტრუქტურების დღევანდელ შემადგელობას, ასევე ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ლიდერებს გაუჭირდებათ ერთ დღეს თქვან, რომ იცით, გვეშლებოდა, სულ სხვანაირად ყოფილა საქმე, არც გაყალბებული ყოფილა არჩევნები და არაფერი - ეს მოსალოდნელი არაა. თუმცაღა, თანდათან ესენიც იცვლებიან, ვითარებაც იცვლება და რაც მთავარია, საქართველოზე ასეთი ზეწოლა ნამდვილად შემცირდება.

  • პეტრე მამრაძე: "თანდათან ველოდები პროგრესს, თუმცა ეს არ არის ერთი-ორი დღის ამბავი. ძნელი სათქმელია როდის იქნება შედეგი, თუმცა ვფიქრობ, რომ უკვე ეს წელიწადი ხელშესახებ შედეგებს მოიტანს".

"ოცნებაში" რეალისტები არიან და არ მგონია ასე ერთიანად ვინმე გარღვევას ელოდებოდეს, მას სწორედ აქვს გეზი აღებული, რომ თანდათან დაიმკვიდრებს თავს და ის, რომ არიქა ახლა დავაფინანსოთ და რეჟიმი შევცვალოთ - ეს უკვე აღარაა დღის წესრიგში და მერე და მერე კიდევ უფრო შეიცვლება.

"თანდათან ველოდები პროგრესს, თუმცა ეს არ არის ერთი-ორი დღის ამბავი. ძნელი სათქმელია როდის იქნება შედეგი, თუმცა, ვფიქრობ, რომ უკვე ეს წელიწადი ხელშესახებ შედეგებს მოიტანს. თუნდაც ის, რომ ჩვენი დელეგაციები დასავლეთში სხვადასხვა ფორუმებში მონაწილეობენ", - განაცხადა მამრაძემ.

ვიზიტები

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 23 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

რაც შეეხება საპარლამენტო დელეგაციის 21-22 თებერვლის ვიზიტსს, ავსტრიაში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა ნიკოლოზ სამხარაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ახლად არჩეულ პრეზიდენტ პეტრა ბაიერთან შეხვედრა გამართა. სამხარაძე ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ სინირლიოღლუს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს, პერე ჟოან პონს სამპიეტროსაც შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით,ნიკოლოზ სამხარაძე, ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის პრინციპის დაცვის მნიშვნელობაზე და იმ საგანგაშო ტენდენციებზე ისაუბრა, რომლებიც ბოლო პერიოდში გამოიკვეთა.

„უკანასკნელ პერიოდში მიმდინარე მოვლენები ადასტურებს, რამდენად მყიფეა დიდი სახელმწიფოების ერთგულება საერთაშორისო სამართლის ძირითადი ნორმების მიმართ. ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისეთი სახელმწიფოებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლის რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთს აქვს ოკუპირებული", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×