თამთა ჩაჩანიძე
23.02.2026

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიაში მიაჩნიათ, რომ ოპოზიციის მორიგი მცდელობა გაერთიანებაზე, ისევე „ჩაფლავდება", როგორც აქამდე არსებული გაერთიანებები. მათი თქმით, ოპოზიციის გეგმები ნიჰილიზმს აჩენს საზოგადოებაში, რაც „ოცნების" წისქვილზე წყალს ასხამს.

„გახარია საქართველოსთვის" გარდა, ოპოზიციის ერთობის დოკუმენტს არ უერთდება „ლელო", ენმ კი ყოყმანობს, პარტიის შეფასებით, მათი ფორმულა - „ყველა მინუს ივანიშვილია" და კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე საზოგადოება მალე გაიგებს.

„ჩვენი შეთავაზება ძალიან მარტივია - ყველას მინუს ივანიშვილი. ჩვენ ყველასთან ვითანამშრომლებთ, გარდა ივანიშვილისა. ერთიანობა მნიშვნელოვანია არა, როგორც ფურცელზე ხელმოწერა, არამედ როგორც საშუალება, სამოქმედო გეგმა და სტრატეგია, რომ ჩვენი ბრძოლა ფინიშზე გავიდეს. სწორედ ამაზე ვმუშაობთ ჩვენ, კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან გვაქვს თანხმობა კონკრეტულ სამოქმედო გეგმაზე. ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოება ძალიან მალე გაიგებს", - განაცხადა ენმ-ს წევრმა ლაშა ფარულავამ.

„ჩაფლავდება" თუ არა შესაძლო ოპოზიციური გაერთიანება

შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე „რეზონასთან" აცხადებს, რომ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აქვს და ეს ინიციატივა სულაც არაა ის ნაბიჯი არაა, რომელიც მმართველი პარტიის წისქვილზე წყალს დაასხამს.

„ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაერთიანდება. ამაზე მიდის კონსულტაციები, უბრალოდ გახარიას პარტიას არჩეული აქვს მიმართულება, რომ აკრიტიკოს, როგორც „ქართული ოცნება", ისე ოპოზიცია. ამით ე.წ. შუაშისტი ამომრჩევლის მიმხრობა უნდა, თუმცა არ მგონია დამატებით ვინმემ მხარი დაუჭიროს, კარგი მუშაობის შემთხვევაში, შეიძლება სადღაც 9-10%-ის ფარგლებში იტრიალოს.

  • ნიკა ჩიტაძე: „ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა გაერთიანდება...ერთობაზე მუშაობა ნამდვილად არ არის ის ნაბიჯი, რაც „ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს, პირიქით".

„გაერთიანება შედგება, მთავარია მერე რამდენად სწორად იმოქმედებენ მოქალაქეებთან, რომ სწორ საინფორმაციო კამპანიის წყალობით თავის მხარეზე გადაიყვანონ. მაგალითად, კობახიძემ რომ განაცხადა, რომ საქართველოს 2008 წლის ომი დაიწყო, აი ამას უნდა დაუპირისპირდნენ და მოსახლეობას აუხსნან, რომ ქვეყანა საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებდა.

„როცა დაქსაქსული იყო ოპოზიცია, მაშინ იყო პრობლემა და ახლა თუ ერთიანი იქნება და არ იქნება ერთმანეთის ლანძღვა და კრიტიკა, თუნდაც სააკაშვილის ბანერებთან დაკავშირებით, შეთანხმება შედგება. ვფიქრობ, რომ ერთობაზე მუშაობა ნამდვილად არ არის ის, რაც „ოცნების" წისქვილზე დაასხამს წყალს, პირიქით",- განაცხადა ჩიტაძემ.

ანალიტიკოსი ედიშერ გვენეტაძე „რეზონანსთან": აცხადებს, რომ ოპოზიციური ერთობა „უკვე ჩაფლავებულია".

„ჩაფლავდება კი არა, ჩაფლავებულია. მერამდენე მცდელობა და მერამდენე სიტყვიერი გაერთიანებაა, მერამდენე ფაფხურია? თუმცაღა, გინდა გაერთიანდნენ და გინდა არა, შედეგი მაინც ერთი და იგივეა.

„მიზეზი, რის გამოც ერთობას ვერ ახერხებენ, ისაა, რომ ისინი უპირველეს ყოვლისა საქართველოს არ ემსახურებიან. მათ გარე პატრონები ჰყავთ, რომლებმაც ქართველი კაცის ბუნება და ხასიათი არ იციან. როგორ შეიძლება საქართველოში, ამ ტრადიციულ კონსერვატიულ ქვეყანაში (აქ მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ასეთია), პოპულარობა ისეთმა პარტიებმა მოიპოვონ, რომლებიც ლგბტ პროპაგანდას და ერთსქესიანთა ქორწინებას მოითხოვენ.

  • ედიშერ გვემეტაძე: „ჩაფლავდება კი არა, უკვე ჩაფლავებულია... ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რომ ოპოზიცია არ არსებობს, თორემ ასეთი ოპოზიციის პორობებში, "ქართული ოცნება" კიდევ ერთი საუკუნე იქნება".

„პარტიები თუ გაერთიანდებიან, გაერთიანდებიან მხოლოდ და მხოლოდ ხელის მოწერით. ქვეყნისთვის ძალიან ცუდია, რომ ქვეყანაში ოპოზიცია არ არსებობს, თორემ ასეთი ოპოზიციის პირობებში, „ქართული ოცნება" ხელისუფლებაში კიდევ ერთი საუკუნე იქნება",- განაცხადა გვენეტაძემ.

რას ამბობენ გახარიას პარტიაში

„გახარია საქართველოსთვის" დეპუტატი ტატა ხვედელიანი ამბობს, რომ ოპოზიციის დაანონსებული გაერთიანება ჩაფლავდება. მისი თქმით, მისი პარტიის „ნაცური" წარმომადგენლობის პარტიებთან გაერთიანებაზე საუბარი ზედმეტია და ეს წითელი ხაზია.

„ჩვენ დღევანდელ სივრცეში ერთობას ვერ ვხედავთ. მითუმეტეს, ვერ ვხედავთ, ჩვენი და „ნაცური" წარმომადგენლობის პარტიებთან ვერავითარ ერთობას. ეს ჩვენთვის წითელი ხაზია. ერთობაზე საუბარი ზედმეტია, როცა „ნაცმოძრაობის" განშტოებებია, რომლებიც სხვადასხვა პარტიაში არიან განაწილებული. მათ შეუძლიათ, შეერთდნენ და „ნაცმოძრაობის" ერთობა იყოს.

"ჩვენ ჩვენს მყარ დღის წესრიგს მივყვებით, რომელიც კონსტიტუციურია და მშვიდობიანია. ჩვენ ბრძოლისთვის არჩევნები ავირჩიეთ, როცა სხვებმა „ოცნების" მიერ დაგეგმილი 4 ოქტომბერი აირჩიეს და ქვეყანა უარეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ჩვენი ბრძოლა მწვავე და თანმიმდევრულია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო „ნაცური" წარმომავლობის პარტიების და მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ბრძოლასთან.

„ძალიან კარგად იციან, რომ ეს გაერთიანება „ჩაფლავდება", როგორც „ჩაფლავდა" აქამდე არსებული გაერთიანებები. ისინი ამ ნაბიჯების გადადგმით „ოცნებას" ძალიან კარგად ეხმარებიან. მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები ნიჰილიზმს აჩენს, რადგან 4 ოქტომბერი, ბოიკოტი და სხვა ნაბიჯები ვნახეთ, რომელმაც „ოცნების" რეჟიმი მკვეთრად გააძლიერა. რა მდგომარეობაც ქვეყანაშია, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გამოა. ჩვენთვის ეს ყველაფერი წითელი ხაზია, ჩვენ ქართულ პოლიტიკას პრაგმატულად ვუყურებთ.

„ძალიან კარგად ვიცით, რა ბრძოლაში ვართ და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში. მივიდეთ გამარჯვებამდე. ჩვენ ქართულ პოლიტიკაში ის ფაქტორი ვართ, რომელმაც გააცოცხლა საქართველოს პარლამენტში განსხვავებული აზრი, მწვავე ოპონირება და შეიცვალა პარლამენტში ვითარება. საკანონმდებლო ორგანო „ოცნების" ოფისად იყო ქცეული. ჩვენ შემოვედით და ოპონირებას ვწევთ ნებისმიერ საკითხზე", - განაცხადა ხვედელიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×