
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ალექსანდრ სირსკის განცხადებით, სამხრეთ ოპერატიული ზონის ალექსანდროვსკის მიმართულების დამცველებმა 400 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიასა და რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს.
„იანვრის ბოლოდან საჰაერო თავდასხმის ძალებმა და მათთან დაკავშირებულმა ქვედანაყოფებმა ალექსანდროვსკის მიმართულებით 400 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიასა და რვა დასახლებულ პუნქტზე კონტროლი აღადგინეს", - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ამჟამად ის სამხრეთ ოპერატიულ ზონაში საბრძოლო მისიებზე მუშაობს, სადაც მეთაურებთან შეხვედრა გამართა.
„განვიხილეთ საბრძოლო მისიების სტატუსი, პრობლემური საკითხები და მათი გადაჭრის წინადადებები. განვსაზღვრეთ პრიორიტეტული ნაბიჯები ჩვენი თავდაცვის გასაძლიერებლად და ჩვენი ქვედანაყოფების მხარდასაჭერად. ლოჯისტიკა, დაჭრილების ევაკუაცია, საბრძოლო მასალის შეუფერხებელი მიწოდება და დანაყოფების ტექნიკური მხარდაჭერა - აუცილებელი პირობები ჩვენი მდგრადობისთვის", - აღნიშნა სირსკიმ.
მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე ვითარება რთულია. ოკუპანტები აგრძელებენ ზეწოლას, აქტიურად იყენებენ მცირე თავდასხმის ჯგუფებს შეღწევისთვის, არტილერიას, დრონებს და ზოგჯერ ჯავშანტექნიკას.
„მაგრამ ჩვენი ჯარისკაცები არა მხოლოდ იცავენ ხაზს, არამედ წარმატებით ახორციელებენ შეტევით ოპერაციებს. ჩვენი გეგმა უცვლელი რჩება: დაკისრებული ამოცანების ეფექტურად შესრულება ჩვენი დამცველების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის მაქსიმალურად უზრუნველყოფით, ჩვენი თავდაცვის გაძლიერება და შესაძლებლობების გაფართოება ფრონტის ყველა სექტორში", - აღნიშნა სირსკიმ.
გენშტაბის ყოფილი უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ამბობს, რომ აღნიშნული ფაქტი მიანიშნებს, რომ უკრაინელებს არამხოლოდ თავდაცვა, არამედ კონტრშეტევაც შეუძლიათ.
„ეს არის სერიოზული წარმატება ოღონდ არა მასშტაბით, არამედ თვითონ ფაქტით, ვინადან მათ მოახერხეს იგივე ტერიტორიის დაბრუნება უფრო მოკლე ვადაში - 7 დღეში, ვიდრე რუსებმა დაიკავეს, რომელთაც ამას თვეზე მეტი ხანი მოანდომეს.
შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინელებისთვის, ფსიქოლოგიური და მორალური თვალსაზრისით. ხოლო სამხედრო თვალსაზრისით, მას ტაქტიკური მნიშვნელობა აქვს, რადგან უკრაინელებმა ამ მიმართულებით თავიანთი პოზიციები გაიუმჯობესეს.
ეს გადამწყვეტი მომენტი არ არის, თუმცა ეს კარგი მანიშნებელია იმისა, რომ მათ შესწევთ ძალა არამხოლოდ თავი დაიცვან, არამედ გარკვეულ მონაკვეთებზე შეტევა განახორციელონ",- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ „რეზონანსთან".