"ამიერიდან ჯანსაღი კონკურენცია შეიქმნება და იაფ მუშახელს გარედან ვერავინ შემოიყვანს"
ირმა ჩიტაია
23.02.2026

საქართველში უცხო ქვეყნის მოქალაქეები თავისუფლად ვერ დასაქმდებიან. მათ მუშაობას, კანონი დაარეგულირებს. შეზღუდვები დაუწესდებათ ტაქსის, კურიერისა და გიდის სფეროში დასაქმებულებს. სფეროში პრობლემების არსებობის შესახებ არაერთხელ თქმულა. ამიტომაც, პრემიერის ახალ რეგულაციებს სფეროს სპეციალისტები მიესალმებიან. ისინი ფიქრობენ, რომ ამ ნაბიჯით ბაზარის კონტროლი გამკაცრედება და დასაქმების კუთხით უპირატესობა საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ. 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განკარგულებით, პირველი მარტიდან მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აეკრძალებათ.

დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ, საქართველოში ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელება, ან ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი ურთიერთობა დისტანციურად, ასევე საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის მიერ საქართველოში სამეწარმეო/შრომითი საქმიანობა, დასაშვებია მხოლოდ ამ უცხოელის მიერ შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების შემდგომ.

უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების მოთხოვნის საფასური 200 ლარი, დაჩქარებული წესით კი 400 ლარი იქნება. დადგენილების მიხედვით, შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის მომსახურების საფასური დიფერენცირებულია ვადის მიხედვით.

დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის დადგენილება, „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის შესახებ“, დაარეგულირებს იმ საკითხებს, რომლებიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აწუხებდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ გადაწყვეტილების მიღება. თუნდაც ავიღოთ ჩვენი მოქალაქეები, რომლებიც მიდიან სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში, არ არსებობს შანსი, რომ ბინადრობის მოწმობის გარეშე ევროპის რომელიმე სახელმწიფოში მუშაობის დაწყება შეძლონ. რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია, რომ იგივე დამოკიდებულება იყოს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი. ვფიქრობ, ის წუხილი, რომელიც ჰქონდა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას, აღნიშნული განკარგულებით დარეგულირდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

ტაქსების ასოციაციის ხელმძღვანელმა ზურაბ აგლაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნულ დადგენილებას მიესალმება. მისი თქმით ახალი დებულება საქართველოს შრომით ბაზარზე ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და ჯანსაღ კონკურენციას ხელს შეუწყობს. 

,,პრემიერის გადაწყვეტილებას მხარს ვუჭერ, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დასაქმებულმა უცხოელებმა არ იციან ქართული ენა, ეშლებათ სართულები, სადარბაზოები, ვერ აგნებენ დანიშნულების წერტილამდე და ა.შ. მართალია, დასაქმებულთა შორის არიან სტუდენტები, მათ დამატებითი ანაზღაურებაც სჭირდებათ, მაგრამ ყველაფერი კანონმდებლობის ჩარჩოებში უნდა მოექცეს. საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მთავრობამაც ასე გადაწყვიტა, დანარჩენს შრომითი ბაზარი თავად დაარეგულირებს. 

ცხადია, სფეროში პრობლემებია. კერძო ბიზნესი აქვთ  ტაქსის კომპანიებს. ისინი არანაირ კრიტერიუმებს არ უწევენ ანგარიშს, ყველას უპრობლემოდ ამუშავებენ, რაც ხარისხს დაბლა სწევს. სერვისი, ფაქტობრივად, განულებულია. ვფიქრობ, აღნიშნული ცვლილებები სფეროში დადებით ელემენტებს შეიტანს. ამიტომაც, სრულიად ვემხრობი ამ გადაწყვეტილებას", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ზურაბ აგლაძემ. 

ტაქსების ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ არაერთხელ შესთავაზეს თანამშრომლობა,,იანდექსს" და ,,ბოლტს", თუმცა, მათგან უარი მიიღეს. ისინი ჯანსაღ კონკურენციას გაურბოდნენ, ამიტომაც ახალი რეგულაციები მათ თანაბარ უფლებებს მიანიჭებს, რაც ჯანსაღ კონკურენციას შექმნის.

,,ახალი რეგულაციებით ცხადია, შეუმცირდებათ შემოსავლები ,,იანდექსს" და ,,ბოლტს". ისინი ბაზარზე ლიდერობდნენ და არათანაბარ კონკურენციაში აყენებდნენ სხვებს. მინიმუმ იმას მაინც მოვახერხებთ, რომ ბალტიისპირეთისა და რუსეთის კომპანიები არ ვაპარპაშოთ. ისინი არც ერთი ქართველი მძღოლის სურვილსა და პრეტენზიებს არ იზიარებენ. ადგილები, რომ გათავისუფლდება, საქართველოს მოქალაქეს თუ სურვილი ექნება ადვილად შეეძლება  დასაქმება. რაც შეეხება მომსახურების გაძვირებას, არა მგონია რამე შეიცვალოს. 

დღეს, საკმარისზე მეტია ტაქსის მანქანები, თანაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი კარგად მუშაობს. ტრამვაის აღდგენაზეც აქტიური საუბრებია, ამიტომაც აღებული მიმართულება სწორია. თუმცა ქართველებს ასე ადვილად ვერ ჩამოსვამ მანქანიდან და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ვერ გადაიყვან. თუ გააძვირებენ, არ ისარგებლებენ ტაქსის მომსახურებით და ბიზნესი დაზარალდება. თანაც, აქ დასაქმებულებსა და მოსახლეობას შორის სერიოზული ენობრივი ბარიერია, რაც დიდ დისკომფორტს უქმნის ადგილობრივებს", - აღნიშნა აგლაძემ.

სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ პრემიერის ინიციატივა კარგი და მისასალმებელია, თუმცა მისი ამოქმედება ხომ არ გამოიწვევს მუშახელის დეფიციტს ან მომსახურების გაძვირებას? განსაკუთრებით საკურიერო მომსახურებაში, სადაც დიდი რაოდენობით სწორედ უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან დასაქმებულნი.  

მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე ფიქრობს, რომ აღნიშნული ცვლილებებით საქართველოს შრომის ბაზარი უფრო დაცული გახდება. 

,,პრემიერის დადგენილება მისასალმებელია და ამ მიმართულებით განსახორციელებელი ცვლილებები სასარგებლო გავლენას მოახდენს. ალბათ, მომხმარებლის კუთხიდანაც დადებითი ეფექტია. მოგეხსენებათ, მომხმარებლები ხშირად ჩიოდნენ, გამოიძახებ კურიერს და სახლამდე ვერ აგნებენ. მოკლედ, ეს პრობლემები ყველასათვის ცნობილია. რიგ პროფესიებზე უცხოელის დასაქმება, მართლაც რომ წარმოუდგენელი იყო. ავიღოთ თუნდაც გიდი, როგორ შეიძლება ის უცხოელი იყოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ახალი ინიციატივა, ცალსახად დადებითი რეგულაციაა, თანაც იმ ფონზე, როცა დიდი ხანია ამას მოსახლეობაც ითხოვს.

რაც შეეხებგა ბიზნესს, ვფიქრობ, ეს არაა ისეთი სისტემური რეგულაცია, რომ მომსახურების გაძვირების გარეშე ვერ გადაილახოს. ამ კანონმდებლობით ქართული შრომის ბაზარი უფრო დაცული გახდება. მართალია, გიდების მიმართულებით სფერო მეტ-ნაკლებად დარეგულირებულია, მგრამ კურიერების მიმარულებაში ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი პრობლემებია.,,გლოვო" და ,,ვოლტი" ადრეც ნახულობდნენ იაფ მუშახელს და არც ახლა გაუჭირდებათ. სავარაუდოდ, მოთხოვნა-მიწოდებას მაინც ბაზარი დაარეგულირებს", - აღნიშნა ,,ბიზნეს-რეზონანსს" საუბრისას მიხეილ ჭელიძემ და დასძინა, რომ შრომითი ბაზრის კუთხით ყველა ნორმალურ ქვეყანაში ასეთი მიდგომებია. 

ახალი დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, ტაქსის მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება "შრომით საქმიანობის უფლება". ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელი კი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოა. ჯანდაცვის მინისტრმა დააკონკრეტა, რომ გიდების, ტაქსისა და საკურიერო მომსახურებებზე, არანაირი თანხის გადახდა არ უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქის დასაქმების ნებართვას

"ბოლო დროს, პოლიტიკური ოპონენტებისთვის დამახასიათებელია, ხელისუფლების ნებისმიერი, უკლებლივ ყველა გადაწყვეტილების გაკრიტიკება. ცდილობენ, არასწორი ინფორმაციის გავრცელებით, დროებით მაინც შექმნან შთაბეჭდილება, რომ ცუდი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ამ შემთხვევაშიც ასეა, თითქოს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქე შეძლებს მუშაობის უფლების მოპოვებას. არანაირი თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას", - განაცხადა სარჯველაძემ.

უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სამუშაო ნებართვის მისაღებად, უნდა შეივსოს განაცხადი, რომლის დამუშავების შემდეგაც იქნება მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×