"დღეს ხუთი ოჯახი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ღარიბი აღმოჩნდება, რომ დახმარება მიიღოს. ეს ნორმალური არ არის"
ქეთო გოგოხია
23.02.2026

სოციალური სიის გადახედვის შემდეგ შემწეობის მიმღებ პირთა რაოდენობა, სავარაუდოდ, განახევრდება. ფაქტობრივად, დადასტურებულია, რომ  დახმარებას შეძლებულთა საკმაოდ დიდი რაოდენობა იღებს, ასევე ის კატეგორია, რომელიც შემწეობას რეალურად არ საჭიროებს. სპეციალისტების რეკომენდაციაა, დახმარების დივერსიფიცირება მოახდინოს სახელმწიფომ და რესურსი გადამისამართდეს დასაქმების და განათლების პროგრამებზე, რაც სახელმწიფოს მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულებას რადიკალურად შეცვლის.

ამ ეტაპზე სახელმწიფოსგან შემწეობას 710 000-მდე ადამიანი იღებს. სოციოლოგები ფიქრობენ, რომ სავსებით შესაძლებელია, ეს რაოდენობა 300-350 ათასამდე შემცირდეს. 

მთავრობა ძირეული ცვლილებისთვის ემზადება. პირველი მინიშნება რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გააკეთა, მოგვიანებით კი დაადასტურა, რომ გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და იქ, საბოლოო ჯამში, დარჩებიან მხოლოდ ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად ზრანვა სჭირდებათ.

,,თუ არ ვცდები 2014-2015 წლებში, როდესაც დაიწყო ბაზების თვისებრივად გადამოწმება, ძალიან ბევრი სპეკულაცია მოჰყვა ამ პროცესს. გამოჰყავდათ ადამიანები, აცხადებდნენ, რომ უსამართლოდ მოეხსნათ სოციალური დახმარება და ა.შ. აქაც მოსალოდნელია ასეთი პოლიტიკური სპეკულაციები. ერთგვარი მორატორიუმივით იყო 2020 წლის შემდეგ სოციალური ბაზების გადამოწმება. კოვიდის გამო გაიზარდა სოციალურად დაუცველთა ბაზა და შემდეგ აღარ ხერხდებოდა მისი გადამოწმება. 

რა მივიღეთ შედეგად? ერთ-ერთმა უწყებამ გადაამოწმა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 300 ადამიანი, რომელიც იღებს სოციალურ დახმარებას და აქედან 49-ს აღმოაჩნდა 3000 ლარზე მეტი შემოსავალი. ნათლასდ ვხედავთ, რა მდგომარეობაც არის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიწყებთ შესაბამის პროცესს, გადამოწმდება მთლიანად სოციალურად დაუცველთა ბაზა და იქ, საბოლოო ჯამში, დარჩებიან ის მოქალაქეები, რომლებსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება“, - განაცხადა კობახიძემ.

სპეციალისტების რეკომენდაციაა, შეიცვალოს მიდგომა და დეკლარაცია თვითონ მოქალაქეებმა შეავსონ, რომლის გადამოწმებაც მერე სოცაგენტს უნდა დაევალოს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ,,ბიზნეს-რეზონანსთან"  ექსპერტმა ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებში ნოდარ კაპანაძემ ისაუბრა.

,,გასაგებია, რომ დახმარების მიღება ყველას უნდა, თუმცა დღესდღეობით სოციალურ დახმარებას იღებს ისიც, ვისაც ამის საჭიროება არ აქვს. მათ შორის ბევრი ისეთიცაა, ვისაც დახმარების მიღების შემდგომ  პერიოდში მატერიალური მდგომარეობაა გაუუმჯობესდა, მაგრამ  დახმარება არ შეჩერებია. 

ახლა მნიშვნელოვანია მომავალში როგორ გაიცემა შემწეობა. თავიდანვე რა ფორმულაც იყო შემუშავებული, ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ მთავარია, მისი გაცემის მექანიზმი. პრეტენდენტი აკეთებდა განცხადებას, მერე მიდიოდა სოცაგენტი და დეკლარაციას ავსებდა. უმჯობესია,  პრედენდენტმა თვითონ შეავსოს დეკლარაცია და მერე სოცაგენტმა გადაამოწმოს. 

დღეს, ფაქტობრივად, ერთ დახმარებაზე 5 პრეტენდენტი მოდის, ეს ნიშნავს, რომ ხუთი ოჯახი ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ უფრო ღარიბი აღმოჩნდება. ეს ნორმალური ნამდვილად არ არის. ვფიქრობ, სამომავლოდ დახმარების მიმღებთა რაოდენობა განახევრდება. მეთოდოლოგიის ცვლილება საჭირო არ არის, ალბათ ამ მიმართულებით კორექტირებას არ მოახდნენ", - განაცხადა ნოდარ კაპანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ უნდა მოახერხოს სოციალური პაკეტების  დივერსიფიცირება და ფულადი დახმარების გარდა, არამონეტარული ხელშეწყობა დანერგოს, რათა  ხალხს განათლებისა და დასაქმების მეტი შესაძლებლობა მიეცეს.

ანალოგიური მოსაზრებისაა დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძე, რომლის შეფასებითაც, განსაკუთრებული ყურადრება უნდა მიექცეს რეგიონებში ხალხის დახმარებას, განსაკუთრებით დასაქმების მიმართულებით, რაც მიგრაციაზეც დადებით გავლენას მოახდენს.

,,რა თქმა უნდა, გადასახედია ბაზა, ამაში ორი აზრი არ არსებობს. გარკვეული პერიოდულობით საჭიროა გადახედვა და ვინც დასაქმდა ან  ვისაც აქვს ჯანმრთელობა და შესაძლებლობა იმუშაოს, სახელმწიფო პროგრამების მეშვეობით  დაასაქმონ. როდესაც ადამიანი ჯანმრთელია, ნებისმიერ პროფესიას შეიძლება დაეუფლოს. რატომ უნდა იცხოვროს გადასახადის გადამხდელების ფულით? თუ არ უნდა მუშაობა, ნუ იმუშავებს, მაგრამ არც სოციალური დახმარება უნდა მიიღოს. 

დახმარების მიღება თვითმიზანი გახდა, მენტალურ პრობლემად იქცა და ამიტომ მივიღეთ ეს მდგომარეობა. სოფლადაც უამრავი პროგრამაა, კიდევ უნდა გავაკეთოთ და დასაქმდეს ხალხი. უმუშევრობა არ უნდა იყოს ეკონომიკურად საინტერესო თემა, 

ცხადია, ჩვენი სოციალური დაცვის მექანიზმები გადასახედია და თუ რამე რეზერვია,  ჯანდაცვისკენ მივმართოთ ან ვისაც სჭირდება დახმარება, მასთან გადავამისამართოთ. სავარაუდოდ, შემწეობის მიმღებთა რაოდენობა  განახევრდება. სამომსავლოდ უნდა იყოს სოფლად მეტი მხარდამჭერი პროგრამები, რომ მიგრაცია შემცირდეს. ყველაზე მეტად რეგიონებისთვის უნდა ამოქმედდეს სახელმწიფო პროგრამები, რათა ადგილობრივები დასაქმდნენ. რა ფულიც გამოთავისუფლდება, სწორედ დასაქმების პროგრამების განხორციელებას უნდა მოხმარდეს", - განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" ელგუჯა მელაძემ.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2026 წლის იანვარში შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 2 ათასით გაიზარდა და ახლა ჯამში დახმარებას 710 226 ადამიანი იღებს. აქედან 245 995 პირი დასაქმების სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლეა. სოცდაუცველთა დახმარებაზე ყოველ თვე ბიუჯეტიდან 71 მლნ ლარზე მეტი იხარჯება, მთლიანად სოციალური უზრუნველყოფის ბიუჯეტი კი 1.6 მილიარდ ლარია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×