
ვაშინგტონში „სუვერენული ერების ალიანსის" მონაწილეები შეიკრიბებიან, რომელთა შორის იქნებიან ქართველი დეპუტატებიც.
საპარლამენტო დელეგაციის მიწვევის ავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენია. სამიტი, რომლის ორგანიზატორი კონსერვატორი აქტივისტის, მოკლული ჩარლი კირკის ორგანიზაციაა, ხშირად მასპინძლობს მაღალჩინოსნებს, თავად აშშ-ის პრეზიდენტსაც. დაგეგმილი ვიზიტი აშშ-თან ურთიერთობის განახლების კონტექსტშიც მნიშვნელოვნად განიხილება.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ აშშ-იდან მიღებულ მიწვევაზე ისაუბრა.
„გვექნება საუბარი იმაზე, თუ რამ გამოიწვია დღევანდელი ვითარება. ვისაუბრებთ ასევე იმ გზებზე, რომელიც მიგვიყვანს არა თუ სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენამდე, არამედ სტრატეგიული პარტნიორობის შინაარსით დატვირთვაზე. მით უმეტეს, რომ ჩვენსა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ძალიან დიდი ღირებულებითი თანხვედრაა", - განაცხადა სამხარაძემ.
სამიტი 2026 წლის 4-5 მარტს, ვაშინგტონში, კონგრესმენ ანა პაულინა ლუნას საპატიო თავმჯდომარეობით გაიმართება.