მარიამ ვეკუა
25.02.2026

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ელჩების განცხადებებს, ქართული ტელევიზიების სანქცირებას, ევროპარლამენტის ანგარიშს და უკრაინის თემას გამოეხმაურა - ის ამტკიცებს, რომ დასავლეთის კრიტიკის მთავარი მიზეზი საქართველოს მხრიდან რუსეთთან ესკალაციაზე უარის თქმაა.

შალვა პაპუაშვილი ბრიტანეთის ელჩის განაცხადებასა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს, გერმანიის ელჩის პიტერ ფიშერისა და გაერთიანებული სამეფოს ელჩის გარეტ უორდის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

„გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ. ფაქტობრივად, ამხილეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით. აშკარა გახდა, რომ ეს 4 წელი მიზეზი, რატომაც ევროკავშირის და დასავლეთი გვერჩოდა, იყო ის, რომ ჩვენ არ დავყევით მათ მთავარ მოთხოვნას და არ წავედით რუსეთთან ესკალაციაზე.

  • პაპუაშილი: „გუშინ, მგონი სიმართლის ელექსირი ელექსირი ჰქონდა მიღებული რამდენიმე ელჩს, იმდენი სიმართლე ისაუბრეს, რაც 4 წელია, არასდროს უთქვამთ

რაც შეეხება ბრიტანეთის ელჩის განცხადებას, ბრიტანეთის ელჩი, ბოლო პერიოდია, კაბინეტიდან კაბინეტში დადის პირადად, მათ შორის პარლამენტის წევრებთან და პირდაპირ ითხოვს, საქართველოში არ შემოვიდეს რუსული გაზი თუ ბენზინი. როდესაც ეუბნებიან, რომ უბედურებაა ბიზნესს აუკრძალო რუსეთიდან ბენზინის შემოტანა, თუ ენერგომატარებლის, [ის ამბობს, რომ], ამიტომ სახელმწიფომ უნდა დაუწესოს სანქციები რუსეთს - ბრიტანეთის ელჩი ითხოვს სანქციების დაწესებას, ანუ ომს."-განაცხადა პაპუაშვილმა.

„იმედი"

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ტელეკომპანიების დასანქცირებასთან დაკავშირებით განუცხადა: „იმედი" არის ტელეკომპანია, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის 40% ენდობა, ზუსტად ამიტომ უნდათ, რომ გააჩუმონ მართალი სიტყვა".

„105 წლის წინ რუსეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ სახელმწიფოს. 105 წლის თავზე ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას. მგონი, ეს პარალელი ძალიან ცხადია და ცხადია მისი შინაარსიც. რუსეთი 105 წლის წინ თავს დაესხა საქართველოს იმისთვის, რომ ჩვენი სახელმწიფო არ მოსწონდა და უნდოდა შეეჩერებინა ჩვენი სახელმწიფოს არსებობა, ხოლო ბრიტანეთი თავს დაესხა თავისუფალ ქართულ მედიას იმისთვის, რომ შეაჩეროს თავისუფალი სიტყვა.

ბრიტანეთში თავს აფარებს კეზერაშვილი, „ფორმულას" პატრონი და ხაზარაძე „ტვ პირველის" პატრონი და დამფინანსებელი. ორი ყველაზე პროპაგანდისტული დეზინფორმაციული ტელეკომპანიის, პარტიული მედიის მფლობელები უზის [ბრიტანეთის მთავრობას] თავისთან და მეორე სულ ახლახან აპირებდა ბრიტანეთი დაეფინანსებინა არათუ პროპაგანდისტული დეზინფორმაცია, პარტიული კედლის გაზეთი „ტაბულა", პარტიული მედია, მაგრამ ვერ შეძლო და დღემდე მალავს ბრიტანეთის ელჩი აქამდე ჰქონდა თუ არა მას დაფინანსებული „ტაბულა". ასე რომ, დაივიწყეთ, არანაირი ღირებულებები არ არსებობს."-განაცხადა პაპუაშილმა

„რეზოლუციები"

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიშს წარდგენაზე საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნულ ანგარიშს არანაირი ფასი არ აქვს.

„ანგარიშს ამზადებს ადამიანი, რომელსაც საქართველოსთან დაკავშირებით ფაშისტური განცხადებები აქვს. შეგახსენებთ მან [რასა იუკნევიჩიენემ] თქვა, რომ "ქართული ოცნება" არის ინფექცია და ეს არის ფაშისტური განცხადება. მან, ასევე, თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალია, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას" ხმას აძლევს.

ასე რომ, მთავარი პრობლემა არის, რომ დღეს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებს კურირებს ადამიანი, რომელსაც ფაშისტური განცხადებები აქვს საქართველოსთან დაკავშირებით [გაკეთებული]. . ამიტომ, ითქვა კიდეც, რა დაემართება ამ რეზოლუციებს. არანაირი ფასი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არ აქვს. ფაშისტური განცხადებების მქონე ადამიანების ფურცლები დაიხევა და გადაიყრება," - განაცხადა პაპუაშვილმა.

უკრაინა და ზელენსკი

კითხვას პაპუაშვილმა, თუ როგორ შეაფასებს იმ ფაქტს რომ „საქართველოს მიმართ უსაფუძვლო კრიტიკა ისმის უკრაინასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ რეზოლუციას, რომლის სახელწოდებაა „უკრაინაში მყარი მშვიდობის მხარდაჭერა", 107-მა სახელმწიფომ დაუჭირა მხარი, მათ შორის საქართველომ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უნგრეთმა კი თავი შეიკავა".

მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის შეერთებული შტატების, არც საქართველოს მიმართ.

  • პაპუაშვილი: „არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი."

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელ ხალხს. არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას. ეს არის უმადური ხალხი. სად იყო ბრიტანეთი ზელენსკიმ რომ სანქციები დაუწესა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს.

ის არის უმადური ადამიანი. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ყველას გაგახსენებთ, ელჩი გაიწვია იმის გამო, აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ მადლობა თქვან, მაგრამ მაგათი მადლობა საერთო ჯამში, დიდად აღარ გვჭირდება. ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს," - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×