თამთა ჩაჩანიძე
25.02.2026

ევროპარლამეტის საგარეო საქმეთა კომიტეტში საქართველოს შესახებ ანგარიში წარადგინეს, მთავარi მომხსენებელი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანეა და პროექტში აქცენტი ბოლოდროინდელ მოვლენებზე გაკეთდა. ანალიტიკოსთა ნაწილის შეფასებით, ანგარიში მნიშვნელოვანია, ნაწილი კი აღნიშნავს, რომ ამას "ნული ძალა აქვს".

პროექტის თანახმად, ანგარიში ასახავს ფაქტს, რომ „საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა კიდევ უფრო მეტად გაძლიერდა". ანგარიშის პროექტში აღნიშნულია, რომ „ქართული ოცნება" ევროკავშირის, ოფიციალური პირებისა და დიპლომატების წინააღმდეგ „სისტემატურ კამპანიას აგრძელებს.

"ოცნებაში" ანარიშის შეფასებისას ამბობენ, რომ მტრები საქართველოს ნგრევას უქადიან. ოპოზიციაში კი მიაჩნიათ, რომ არაფერია ახალი იმაში, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტში განსახილველად წარდგენილ ანგარიშში წერია და ის ქართულ რეალობას ასახავს.

რა ძალა აქვს ანგარიშს

ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ანგარიშს "ნული ძალა აქვს".

"მოულოდნელი არაფერია და არც სიურპრიზი არაა. ქალბატონი იუკნევიჩიანე საქართველოსთვის სრულიად ანტისახელმწიფოებრივი პოზიციითაა ცნობილი. შეიძლება ის უფრო "ნაცია", ვიდრე ზოგიერთი "ნაცი", რომელიც ამ პარტიაშია. ის არც ცილისწამებას მოერიდა, არც ჩამოსვლას და პარლამენტთან ყვირილს - ასეთი ადამიანისგან სხვას რას უნდა ელოდე?

"მთლიანად ევროპარლამენტში ჯერ ვითარება ასეთია. შვეიცარიის წარმომადგენელმა ეუთო-ს კომისიის სხდომაზე თქვა, რომ საქართველოში 2024 წლის არჩევნებზე ვიყავი მეთვალყურე, ეს იყო შესანიშნავი არჩევნები, არაფერი არ გაყალბებულა, მხოლოდ იმის გამო, რომ ევროპის ზოგიერთ პოლიტიკურ ლიდერს არ აწყობდათ, რომ ეს ძალა ხელისუფლებაში დარჩა, ცილისწამება ატყდაო.

  • პეტრე მამრაძე: ""ამ ანგარიშს ნული ძალა აქვს. ის კი არა, რამდენი უმსჯელიათ უკრაინაზე და რა გამოვიდა, რა გააკეთეს?"

"პოლონელმა ევროპარლამენტარმაც თქვა, რომ როდის შემდეგ გახდა "ბი-ბი-სი" ქიმიური იარაღის ექსპერტიო? ეს არის ძვირფასი. მიუხედავად მეინსტრიმისა, ასე იწყება და ჯანსაღი აზრი უკვე ჩნდება. ეს საღი აზრი ევროპარლამენტშიც გაჩნდა, ზოგ სახელმწიფოებშიც არის და უფრო და უფრო იკვლევს გზას, მომავალი ყოველთვის სიმართლის მხარესაა,უბრალოდ დრო უნდა.

"ამ ანგარიშს ნული ძალა აქვს. ის კი არა, რამდენი უმსჯელიათ უკრაინაზე და რა გამოვიდა, რა გააკეთეს?"-განაცხადა მამრაძემ.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე "რეზონანსთან" აცხადებს, რომ ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია.

"სხვა დოკუმენტების მსგავსად, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია, რადგან კიდევ ერთხელ ხაზი გაესმევა ევროკავშირის დამოკიდებულებას საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ხელისუფლების მიმართ.

ხელისუფლება იმიტომ არ ანიჭებს მნიშვნელობას, რომ დოკუმენტს არასავალდებულო სარეკომენდაციო ხასიათი გააჩნია და ამიტომაც ამაყად აცხადებენ. თუმცაღა ასეთი დიკუმენტები არის ხოლმე საწყისი შემდგომი უფრო მძიმე ნაბიჯებისა.

"თუ რაღაც რეალური სანქციები ამოქმედდა, როგორც "იმედსა" და "პოსტივის" შემთხვევაში მოხდა, ხელისუფლებას ეს უფრო გულზე მოხვდება",- განაცხადა ჩიტაძემ.

  • ნიკა ჩიტაძე: "სხვა დოკუმენტების მსგავსად, ეს მნიშვნელოვანი ანგარიშია... ასეთი დიკუმენტები არის ხოლმე საწყისი შემდგომი უფრო მძიმე ნაბიჯებისა"

ჩიტაძე ეხმიანება პოლონელი ევროპარლამენტარის გჟეგოჟ ბრაუნის განცხადებას და იმ ინციდენტს, რომელმაც გასული წლის მაისში პოლონეთის მრეწველობის სამინისტროში ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა, გავრცელებული ინფორმაციით, ეს 2023 წლის დეკემბერში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც პოლიტიკოსმა ხანუქას სანთლები ცეცხლმაქრით ჩააქრო.

"ევროპარლამენტში არიან გარკვეული ევროპარლამენტარები უმცირესობაში, სადაც რუსული ლობი მუშაობს. პოლონელ ევროპარლამენტარზე, რომელიც "ბი-ბი-სი"-ზე საუბრობს, რუსული ლობის გავლენა შეიმჩნევა. რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ აწყობს იმის თქმა, რომ ასეთი ევროპარლამენტარები უმცირესობაში არიან, რადგან მისი კომენტარი არგუმენტად მოჰყავთ. თუმცაღა, მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ეს ის ევროპარლამენტარია, რომელმაც ევროკავშირის დროშა ფეხქვეშ გათელა და შემდეგ დაწვა", - განაცხადა ჩიტაძემ.

რა თქვეს ევროპარლამენტში საქართველოზე

რასა იუკნევიჩიანემ განაცხადა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროპული გზა არა მხოლოდ შეაჩერა, არამედ საპირისპიროთი შეცვალა, 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით კი უკუსვლა დაფიქსირდა.

"ამ ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული მიზნობრივი სანქციების დაწესების მნიშვნელობა ბიძინა ივანიშვილისა და იმ პირების წინააღმდეგ, რომლებსაც პასუხისმგებლობა ეკისრებათ დემოკრატიულ უკუსვლაზე, არჩევნების გაყალბებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებსა და პოლიტიკური ოპონენტების სისხლისსამართლებრივ დევნაზე", - აღნიშნა იუკნევიჩიენემ.

ევროპარლამენტარმა, ბერნარდ გეტამ განაცხადა, რომ "ვითარებას ობიექტურად უნდა შევხედოთ. საქართველო დემოკრატიისა და ევროკავშირის გზას ვერ დაუბრუნდება იქამდე, ვიდრე რუსეთი და პუტინი უკრაინაში არ დამარცხდებიან".

პოლონელი ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი ამბობს, რომ "ევროკავშირი კვლავ დემოკრატიას ქადაგებს".

"როდის შემდეგ გახდა "ბი-ბი-სი" ქიმიური იარაღის ექსპერტი? - შესაძლოა მას შემდეგ, როცა ისინი სადამის [ჰუსეინი] ქიმიური იარაღის შესახებ მსოფლიოში შიშს ავრცელებდნენ...

"თქვენ ამბობთ, რომ ეს დემოკრატიული უკუსვლაა, შესაძლოა, ეს უბრალოდ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის აღდგენაა. შესაძლოა, საღ აზრს სულ უფრო მეტი ადამიანი უბრუნდება. ისინი ხედავენ, რამდენად ცუდია ევროკავშირის პროექტი. ისინი ხედავენ ენერგიაზე მაღალ ფასებსა და მილიტარიზმისკენ მოწოდებებს. შესაძლოა, ისინი მშვიდობასა და სუვერენიტეტს ირჩევენ", - განაცხადა ბრაუნმა.

ევროპარლამენტარი ტობიას კრემერი ამბობს, რომ ერთადერთი, რაც ევროკავშირს "ჯერ კიდევ იმედს აძლევს, ეს ქართველი ხალხია, საქართველოს ადგილი ევროპაშია, მაგრამ "ქართული ოცნების" არა".

კიდევ ერთი ევროპარლამენტარი ნანო სანჩეს ამორი ამბობს, რომ "საქართველოში დემოკრატიის აღსადგენად ოპოზიციურმა ძალებმა მოსახლეობას პოლიტიკური არჩევანი უნდა შესთავაზონ - აქ დახმარების ვალდებულება გვაქვს, რათა პარტიებმა ურთიერთგაგებას მიაღწიონ".

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×