ნატალია ჯვარიძე
25.02.2026

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ასევე, ზელენსკის თქმით, უკრაინის, აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა, სავარაუდოდ, მარტის დასაწყისში შედგება.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან შეხვედრას 26 თებერვალს, ჟენევაში გამართავს.

„პირველი საკითხი კეთილდღეობის პაკეტი ანუ უკრაინის აღდგენის პაკეტი იქნება და ისინი დეტალებს განიხილავენ. მეორე საკითხი სამმხრივი შეხვედრისთვის მზადებას შეეხება და ვფიქრობ, იგი მარტის დასაწყისში გაიმართება", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ ამ მოცემულობით რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება თითქმის გამორიცხულია. მისივე აზრით, რუსეთი ამისთვის მზად არ არის.

„რეალური შანსი, რომ მოლაპარაკებაში რაღაც პროგრესი იყოს, ეს მეეჭვება, რადგან შეხების არანაირი წერტილი არ არსებობს. რუსეთი ითხოვს უკრაინის ტერიტორიიდან - დონბასიდან ჯარების გაყვანას. რა თქმა უნდა, ამას უკრაინა არ დათანხმდება. მეორეს მხრივ, არც რუსეთი მიიღებს იმას, რომ საკუთარი ჯარები უკრაინიდან გაიყვანოს.

შესაძლოა დროებითი დაზავება მოხდეს და რაღაც პერიოდი ცეცხლი შეწყდეს. საბოლოო ჯამში, ამ მოცემულობით ომი ვერ დასრულდება. უბრალოდ მოსკოვს სურს შექმნას იმიტაცია, თითქოს სამშვიდობო შეთანხმების მომხრეა. ამით დროის მოგება უნდა, რადგან მისი ეკონომიკა სულ უფრო სუსტდება და უფრო მეტი პრობლემების წინაშე ექცევა. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ სიტუაციაში ცეცხლის შეწყვეტაზე საუბარი ზედმეტია.

რუსეთი მზად არ არის, რომ რაღაც კომპრომისებზე წავიდეს. მაგალითად სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში შეხების წერტილი არსებობს, რადგან აზერბაიჯანი სომხეთთან შეთანხმებით დაინტერესებულია. სომხეთი აზრბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს. მოკლედ, ორივე მხარე რეალურად ამ საკითხით დაინტერესებულები არიან.

რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები განსხვავდება, ვინაიდან მოსკოვს არ სურს შეთანხმება. რაიმე სახის პროგრესი იქნება მაშინ, როცა რუსეთი ეკონომიკურად კიდევ უფრო დასუსტდება და იძულებული გახდება უკან დაიხიოს",- განაცხადა ნიკა ჩიტაძემ „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×