მარიამ ვეკუა
26.02.2026

ოპოზიციური ერთობის თემა კვლავ პოლიტიკური დღის წესრიგის ცენტრშია - თითქმის ორი თვის წინ დაანონსებული მრავალპარტიული ალიანსი ჯერ ისევ არ შექმნილა, თუმცა ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პროცესი საბოლოო ფაზაში შედის. მათივე თქმით, მთავარი მოზანია მოქმედი ხელისუფლების რეალური ალტერნატივის შექმნა. „ლელოს" ოფიციალური და საბოლოო უარის შემდგეგ კი მთავარი საკითხი ისაა, რა პოზიცია ექნება „ნაციონალურ მოძრაობას" და მოაწერენ თუ არა ისინი ხელს უკვე შემუშავებულ ერთობის დოკუმენტს.

მომავალი გაერთიანების ფორმატის შესახებ ბევრი რამ, ჯერჯერობით, უცნობია, თუმცა, როგორც „ფედერალისტების" ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ეს არა გაერთიანება, არამედ მრავალპარტიული ალიანსი იქნება.

როგორც ჩერგოლეიშვილმა აღნიშნა, ალიანსის ფარგლებში იდეოლოგიური განსხვავებები შენარჩუნდება, თუმცა სხვადასხვა პარტიებს შორის განსხვავებები „ტოქსიკურ ფორმას" არ მიიღებს.

„ყველაფერი გარკვეულია იმ ტექსტით, სადაც 99%-ით შეთანხმება მიღწეულია. ყველაფერი და ყველა წესი გარკვეული. რასაკვირველია, იდეოლოგიური განსხვავება გვექნება, მაგრამ ეს არ შეიძენს ტოქსიკურ ფორმას. მთავარი წესია, რომ ჩვენ ვემსახურებით ქართველი ხალხის ინტერესებს და არა რომელიმე დონორის ან ავტოკრატიული ლიდერის ინსტინქტებს.

  • თამარ ჩერგოლეიშვილი: „ხაზარაძე სამყაროზეა გაბუტული. ყველას გვადანაშაულებს იმაში, რაც დაემართა... უბრალოდ, ჯიუტი კაცია, რომელსაც პოლიტიკა კარგად არ ესმის".

„ეს არ არის არანაირი ქორწინება, უბრალოდ, ეს არის თანამშრომლობა საერთო მიზნის გარშემო. რაც შეეხება გადაწყვეტილებებს, ყველა გადაწყვეტილება, რაც გვაერთიანებს, უკვე დევს დოკუმენტში. იმ გადაწყვეტილებებს თუ შევასრულებთ, ბიძინა ივანიშვილს ავაყირავებთ", - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

იგი „ლელოს" პოზიციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ „ლელოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძეს პოლიტიკა „კარგად არ ესმის".

„ლელო" თავის თავს არ ეკუთვნის. სამუშია აქ რომ იჯდა, მასზე არაფერია დამოკიდებული. სამუშია სიამოვნებით შემოვარდებოდა ჩვენთან. ხაზარაძეზეა ჩამოკიდებული სამუშია.

„ხაზარაძე სამყაროზეა გაბუტული. ყველას გვადანაშაულებს იმაში, რაც დაემართა. აქედან გამომდინარე, ამათაც განძრევის საშუალება არ ექნებათ. თუ პროცესი დაიძრა, ხაზარაძესაც მოუწევს შემოერთება, რადგან არ მგონია ამ ქვეყნის მტერი, უბრალოდ, ჯიუტი კაცია, რომელსაც პოლიტიკა კარგად არ ესმის", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

შევა თუ არა ერთობაში „ნაციონალური მოძრაობა"

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ თუ „ნაცმოძრაობა" ამ ერთობას შეუერთდება, შესაძლოა, ეს „მოკლემეტრაჟიანი" აღმოჩნდეს.

„თუ ამ ეტაპზე შეუერთდებიან, მერე გამოეთიშებიან. ადრევ მომხდარა იგივე - „ნაცები" ყოფილან ერთობის შემადგენლობაში და მერე დაუტოვებიათ. „ნაციონალურ მოძრაობას" მიაჩნია, რომ ყველა პარტიამ, რომელოც გაერთიანებულია, უნდა მიიღოს ის შედეგი, რაც თვითონ შეაქვს ამ ერთობაში. ადრინდელ მოტივაციას მოგახსენებთ. ვინაიდან ოპოზიციის მომხრეთა დიდი ნაწილი „ნაცმოძრაობას" უჭერდა მხარს, მათ მიაჩნდათ, რომ ცალკე ისინი მიიღებდნენ თავიანთ ხმებს, სხვებთან ერთად კი მიღებული ხმების გადანაწილება სხვებზე მოუწევდათ, მათ კი ერგებოდათ ნაკლები. ეს მოტივი დღესაც ძალაშია", - განაცხადა საყვარელიძემ „რეზონანსთან".

  •  რამაზ საყვარელიძე: „თუ ამ ეტაპზე შეუერთდებიან, მერე გამოეთიშებიან. ადრევ მომხდარა იგივე - „ნაცები" ყოფილან ერთობის შემადგენლობაში და მერე დაუტოვებიათ."

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი ნიკა ჩიტაძე ვარაუდობს, რომ „ნაცმოძრაობა" საბოლოოდ ამ ერთობას შეუერთდება:

„შესაძლოა თავისი წინაპირობები აქვთ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიახ, შეუერთდებიან, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითონ „ნაცმოძრაობა" აწარმოებს მოლაპარაკებას ამ ოპოზიციურ პარტიებთან".

კითხვაზე, რა წინაპირობებზე შეიძლება მიდიოდეს საუბარი, ჩიტაძე გვპასუხობს:

  •  ნიკა ჩიტაძე: „შესაძლოა თავისი წინაპირობები აქვთ, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიახ, შეუერთდებიან, რადგან, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, თვითონ „ნაცმოძრაობა" აწარმოებს მოლაპარაკებას ამ ოპოზიციურ პარტიებთან".

„მიხეილ სააკაშვილი განიხილებოდეს პოლიტპატიმრად, მოიხსენიებოდეს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად და ამან არ უნდა გამოიწვიოს არანაირი დაპირისპირება. მიხეილ სააკაშვილის პლაკატები ასევე არის პარლამენტის წინ და, მოგეხსენებათ, რაღაც პროტესტი იყო აღნიშნულთან დაკავშირებით. ალბათ რაღაც სხვა სტრატეგიული თუ ტაქტიკური საკითხებიც იქნება", - განაცხადა ჩიტაძემ.

რისთვის იქმნება ერთობა

თამარ ჩერგოლეიშვილის განცხადებით, ოპოზიცია აპირებს ამერიკულ მხარეს წარუდგინოს საკუთარი თავი, როგორც მოქმედი ხელისუფლების ალტერნატივა, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთის გავლენის დამარცხებას სამხრეთ კავკასიაში:

„შემიძლია ვთქვა, რომ საქმის 99%-ი შეთანხმებულია. ახლა სასიცოცხლოდ სწრაფად გვჭირდება ვიზიტის მომზადება ვაშინგტონში. ძალიან სწრაფად, რომ ამ ყველაფერზე მოვაწეროთ ხელი და ჩვენი სტრატეგიით წარვდგეთ იქ, რომ ჩვენ ვართ ალტერნატივა და ჩვენ უზრუნველვყოფთ რუსეთის მარცხს სამხრეთ კავკასიაში და ამით იზეიმებს თავისუფალი სამყარო."

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე ფიქრობს, რომ გაერთიანების მიზანი ამომრჩევლის ყურადღების მიპყრობაა:

„დიდად შთამბეჭდავი პასუხი არ მაქვს. მემგონი უბრალოდ სჭირდებათ, რომ რაიმე აქტივობით ამომრჩევლის ყურადღება მიიქციონ, იციან, რომ ამომრჩეველი ყველა შემთხვევაში გაერთიანებას უჭერს მხარს, დგამენ ამ ნაბიჯს, რომ ამომრჩეველმა მათ ისევ მეტ-ნაკლებად ყური დაუგდონ, თორე პოლიტიკური აზრი ასეთი გაერთიანებისა-ჩემთვის გაუგებარია."

საყვარელიძე პოლიტიკურ აზრს ამ გაერთიანებაში ვერ ხედავს.

„მიშა სააკაშვილი იქნება თუ ბიძინა ივანიშვილი, ვნახეთ, რომ ერთმა პიროვნებამ შეძლო, ფაქტობრივად, გამარჯვება. გაერთიანება კი იყო, მაგრამ რეალური შედეგი მოჰქონდა ძლიერ პოლიტიკურ ფიგურას. ამათ კი პოლიტიკური ფიგურები თითქმის აღარ ჰყავთ და გაერთიანდებიან თუ დაიშლებიან, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს", - განაცხადა საყვარელიძემ.

ნიკა ჩიტაძე ასახელება სამ ფაქტორს, თუ რატომ და რისთვის იქმნება ეს ალიანსი.

„პირველი - საერთო საფრთხე, რომელიც „ოცნებისგან" მომდინარეობს და საგარეო ფაქტორი, რუსეთის ფედერაცია.

„მეორე - მოტივაციის გაზრდა თავიანთ მომხრეებში.

„მესამე - ერთობლივად გამოცდილების ურთიერთგაზიარებით, ვფიქრობ, უფრო ძლიერი იქნება ოპოზიციური სპექტრი", - განაცხადა ჩიტაძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×