
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში წარდგენილია საქართველოს შესახებ კანონპროექტი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ანგარიშის მომზადებას ითვალისწინებს. დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არაა ცნობილი. ანალიტიკოსთან ნაწილი ფიქრობს, რომ ეს შეიძლება მიმართული იყოს საქართველოში ჩინური და რუსული პროექტების წინააღმდეგ. ნაწილი ანალიტიკსოებისა კი ამბობს, რომ ეს „მეგობარი აქტის" გაყინვის საპირწონედ გაკეთდა.
პროექტის ერთ-ერთი ინიციატორი კონგრესმენი ჯო უილსონია. აღსანიშნავია, რომ იგი ასევე ცნობილი „მეგობარი აქტის" თანაავტორია, რომლის განხილვაც ამ ეტაპზე შეჩერებულია.
როგორც ოპოზიციაში ამბობენ, ანგარიში საქართველოში რუსული სპეცსამსახურების ქსელების, მათი აქტივების და გავლენის აგენტების იდენტიფიცირებას ითვალისწინებს, ჩინეთის ნაწილში კი, საქართველოში ჩინეთის სადაზვერვო და ეკონომიკური გავლენის მექანიზმების შესწავლას და მათ შესაძლო თანამშრომლობას რუსულ ინტერესებთან. მათი შეფასებით, თუ დოკუმენტმა დღის სინათლე ნახა და ანგარიშში დადასტურდა ამერიკის საწინააღმდეგო ქმედებები, მაშინ ეს სანქციებს გამოიწვევს.
მმართველ პარტიაში კი უილსონის მომზადებულ დოკუმენტს სერიოზულად არ აღიქვამენ - ამბობენ, რომ უილსონმა „ახალი სიზმარი ნახა" და რა ბედიც „მეგობარი აქტს" ეწია, ის ელის ახალ ინიციატივასაც.
„რა ბედიც „მეგობარი აქტს" ეწია, იგივე ბედი ელოდება მორიგ ილუზორულ სიზმრებს. ჯო უილსონი გამორჩეულია კეზერაშვილის დაფინანსებით. როგორც ჩანს, მას მესიჯი მისცეს, რომ თავიანთ აგენტურას, საქართველოში მეხუთე კოლონას, აცნობოს, რომ არ ინერვიულონ და მხარში უდგანან", - განაცხადა „ოცნების" დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა.
კანონპროექტი კონგრესის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 24 თებერვალსაა გამოქვეყნებული და ამ ინფორმაციის თანახმად, დოკუმენტის მიზანია „ანგარიშის მოთხოვნა საქართველოში რუსული და ჩინური სადაზვერვო აქტივების შესახებ და ასევე სხვა მიზნებისთვის". მისი ავტორი კი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია, ისევე როგორც „მეგობარი აქტის".
რა შევა სავარაუდოდ ანგარიშში
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „რეზონანსთან" აცხადებს, რომ, შესაძლოა, ნაწილობრივ ვიფიქროთ იმაზე, რომ ეს დოკუმენტი „მეგობარი აქტის" ვერმიღების საპირწონედ გაკეთდა, მასში კი სავარაუდოდ ის ინფორმაცია შევა, რაც ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვთ რუსეთსა და ჩინეთზე.
„ვფიქრობ, ესაა ოპოზიციის სასარგებლოდ ჯო უილსონის ლობისტური საქმიანობოს ერთ-ერთი გამოვლინება. ის ოპოზოციამ თავის ლობისტად დაიქირავა და რაღაც შედეგები უნდა აჩვენოს
„შეიძლება ისეც განვიხილოთ, რომ „მეგობარი აქტი" ჩავარდა და ეს კანონპროექტი ამის საპირწონედ შემუშავდა. თუმცა, „მეგობარი აქტის" ბოლომდე ჩავარდნაზეც საუბარი ნაადრევია, მას შეიძლება დაუბრუნდნენ, თუ მომავალში პოლიტიკური ნება იქნა.
- ზაალ ანჯაფარიძე: „ეს დოკუმენტი შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორიგი მცდელობა, რომ „ქართული ოცნების" პოზიციები როგორმე დააზიანონ აშშ-ში, სადაც თითქოსდა გამოიკვეთა რაღაც პატარა სუსტი ნიშნები - გვირაბის ბოლოს სინათლესავით."
„როგორც ვხედავთ, ამერიკის ხელმძღვანელობაში ჯერჯერობით ამის („მეგობარი აქტის") პოლიტიკური ნება არაა, მაგრამ ეს დოკუმენტი, რაც ახლა ჯო უილსონმა წარადგინა, შეიძლება განვიხილოთ, როგორც მორიგი მცდელობა, რომ „ქართული ოცნების" პოზიციები როგორმე დააზიანონ აშშ-ში, სადაც თითქოსდა გამოიკვეთა რაღაც პატარა სუსტი ნიშნები - გვირაბის ბოლოს სინათლესავით.
„დარწმუნებული ვარ, ეს დოკუმენტიც აგებული იქნება აქაური ოპოზიციისა და მათთან აფილირებული არასამთავრობო ორგანიზაციების ექსპერტების ე.წ. ინფორმაციაზე. რა შეიძლება შევიდეს დოკუმენტში, მემგონი ამის დეტალურ განხილვაში შესვლა არც ღირს, იქნება ჩინურ და რუსულ საკითხებზე ტრადიციული არგუმენტების ნაკრები, რაც მათ ადრე ჰქონდათ, მაგრამ ეს ვერაფრით ვერ დაამტკიცეს. იქნება ის, რაც მათ განცხადებებსა და კვლევებშია, რომლებსაც დებენ და მერე აღმოჩნდება, რომ ეს არაა საკმარისი ფაქტოლოგიით გამყარებული. აქედან გამომდინარე, ესაა სტანდარტული ლობისტური დოკუმენტი, რომ უილსონმა აღებული ფული გამოიმუშაოს, ოპოზიციამ კი აშშ-ის კონგრესში „ქართული ოცნების" წინააღმდეგ მორიგი კამპანია გაააქტიუროს", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან" აცხადებებს, რომ აშშ-სთვის საქართველო კვლავ მნიშვნელოვანია და ეს ამ დოკუმენითაც ჩანს.
„აშშ-სთვის კავკასია და კერძოდ საქართველო მნიშვნელოვნია. ყველგან ჩინეთის მოქმედებებს აკვირდება და ის, რომ პეკინი საქათველოს მიმართ დაინტერესებულია და დღემდე ანაკლიის პორტზე კამათია, ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ახლა საკანონმდებლო დონეზე მაქსიმალურად ცდილობს ჩინეთი შეავიწროვოს და მით უმეტეს იქ, სადაც ჯერ ფეხი ღრმად არ მოუკიდებია.
„რუსეთს რაც შეეხება, ის საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ხანია მუშაობს, დარწმუნებული ვარ, აქ მისი აგენტურული ქსელი ძალიან ღრმადაა მოდებული. სადაც რუსეთი და ჩინეთო სუსტია - იქ ამერიკა ორივეს მაქსიმალურად ეწინააღმდეგება, სადაც რუსეთ-ჩინეთი ძლიერია - იქ ანგარიშის გაწევას ცდილობენ. მაგალითად, უკრაინაში ტრამპი წვალობს შეთანხმებას, მაგრამ, ამავე დროს, ვნახეთ როგორ თამამად მუშაობს კავასიაში. აშკარად ჩანს, რომ რუსეთი კავკასიას თმობს და ამას მარტო „ოცნება" ვერ ხედავს, ან ხედავს და ებღაუჭება - შეცდომა დაუშვა, როცა მთელი თავისი ფსონები რუსეთზე დადო.
- პაატა ზაქარეიშვილი: „სადაც რუსეთი და ჩინეთო სუსტია - იქ ამერიკა ორივეს მაქსიმალურად ეწინააღმდეგება, სადაც რუსეთ-ჩინეთი ძლიერია - იქ ანგარიშის გაწევას ცდილობენ... ეს პროექტი მშვენიერი მაგალითია, თუ სად არ ერიდება ამერიკა რუსეთსა და ჩინეთს".
„რუსეთი კავკასიიდან გადის და ამის ბოლო, ეს სომხეთის არჩევნებია. თუ ფაშინიანი (ხელისუფლებაში) დარჩა, ამით რუსეთი გავლენებს მაქსიმალურად კარგავს. კონგრესის ეს პროექტი მშვენიერი მაგალითია, თუ სად არ ერიდება ამერიკა რუსეთსა და ჩინეთს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.
შესაძლო შედეგები
ზაალ ანჯაფარიძე გვეუბნება, რომ დოკუმენტმა ჯერ ბევრი პროცედურა უნდა გაიაროს:
„რა შედეგები მოჰყვება, ამაზე ამ ეტაპზე რთულია საუბარი. ეს დოკუმენტი ჯერ კონგრესში უნდა დარეგისტრირდეს, შემდეგ კენჭისყრა შედგეს, გავიდეს მოსმენაზე, იქ მოსმენაზეც რა პოზიციები დაფიქსირდება, ეს ჯერჯერობით უცნობია - ბევრი პროცედურაა გასავლელი".
კითხვაზე, თუ რა სამართლებრივი შედეგები მოჰყვება დოკუმენტის საბოლოოდ მიღებას, ანჯაფარიძემ გვითხრა:
„ამაზე ამ ეტაპზე საუბარი რთულია, ჯერ კონგრესში კენჭისყრის შედეგებს უნდა დაველოდოთ. თუ ამან მსვლელობა მიიღო, მაშინ შეიძლება ვილაპარაკოთ, რომ მას შედეგები მოჰყვება. დოკუმენტი მერე სენატში უნდა წავიდეს, აქაც კენჭი უნდა უყარონ, მარტივი პროცედურა არაა, მაგრამ ის, რომ ეს დოკუმენტი კონგრესში წარადგინეს, ეს უკვე პირველი ნაბიჯია", - განაცხადა ანჯაფარიძემ.
პაატა ზაქარეიშვილი გვეუბნება, რომ ეს პროექტი არ იქნება მიმართული ხელისუფლების წინააღმდეგ სანქცების დაწესებისკენ, არამედ მაქსიმალურად ეცდება შეზღუდოს რუსული და ჩინური პროექტები საქართველოში.
„საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს და ამ ტიპის ნაბიჯებით დაინახოს, რომ ამერიკა კავკასიას არ დატოვებს. საქართველო კი კავკასიის ბრილიანტია, ცენტრალური საყრდენია დასავლური დემოკრატიისა. ამიტომ ძალიან დიდი ხანი საქართველოს ხელს არ გაუშვებენ. „ოცნება" უნდა მოხვდეს, რომ მათ აქ ანგარიშს არავინ არ უწევს.
„კონგრესის ეს გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არაა, ეს იქნება ჩინური და რუსული ეკონომიკური პროექტების წინააღდმეგ და თავისი პროექტების რეალიზაციისთვის, რათა ყველა მიხვდეს, რომ ამერიკა საქართველოს არ ტოვებს", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.