ნატალია ჯვარიძე
26.02.2026

ბრიტანეთის მიერ ქართული ტელეარხების -„იმედისა" და „პოსტვ"-ის დასანქცირება ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების ერთგვარი გააქტიურების საფუძველი გახდა. საგარეო საქმეთა სამინისტროში 26 თებერვალს ბრიტანეთის ელჩთან შეხვედრა გაიმართა. „ნციონალურ მოძრაობაში" კი აცხადებენ, რომ სანქციების აღსულების მონიტორინგს იწყებენ.

ანალიტიკოსები საქართველოსა და ბრიტანეთს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას არ გამორიცხავენ. ნაწილის აზრით, საქმე შესაძლოა საქართველოდან ბრიტანეთის ელჩის გაძევებამდე მივიდე; მეორე ნაწილის აზრით კი, ორი ტელეკომპანიის დასანქციერება შესაძლოა „პირველი მერცხალი" იყოს და თუკი „ოცნების" ხელისუფლება თავის მიდგომასა და პოლიტიკას არ შეცვლის, ბრიტანეთისგან, და ასევე ევროკავშირის წევრი სახლემწიფოებისაგან, უფრო რადიკალური ნაბიჯებია მოსალოდნელი.

ხუთშაბათს საგარეო საქმათა სამინისტროში მინისტრ მაკა ბოჭორიშვილისა და ელჩ გარეთ უორდის შეხვედრა დახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან განცხადება მხოლოდ ბოჭორიშვილმა გააკეთა.

  • მაკა ბოჭორიშვილი: „მე მოვისმინე ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რაიმენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას."

ამის პარალელურად „ნაცმოძრაობაში" აცხადებენ, რომ საჯაროდ დაასახელებენ ყველა იმ პირსა და კომპანიას, ვინც ფინანსურ ან სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს სანქცირებულ ტელევიზიებს და ამ ინფორმაციას მიაწვდიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში

საგარეო საქმმეთა სამინისტროს შენობა ბრიტანეთის ელჩმა გარეთ უორდმა კომენტარის გარეშე დატოვა. მინისტრმა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ მან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მოუსმენია ის, თუ რას დაეფუძნება ეს შეფასებები.

„მას ჩვენ ვთხოვეთ, რომ წარმოედგინა საფუძვლები, თუ რას ეფუძნებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც ლონდონში იქნა მიღებული. რა თქმა უნდა, ეს არის ბუნებრივია ინფორმაცია, რომელიც მიდის თბილისიდან, სხვაგვარად ჩვენ არ წარმოგვიდგენია, რომ ან „პოსტვ"-ს ან ტელეკომპანია „იმედს" ვინმე უყურებს ლონდონში, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას. ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას. ჩვენ ელჩს მოვთხოვეთ, თუ რას ეფუძნება ის შეფასებები, რასაც ისინი აკეთებენ ტელეკომპანია „იმედსა" და „პოსტვ"-სთან დაკავშირებით და ის გადაწყვეტილება, რომელიც მიღებული იქნა ქართულ ტელეკომპანიებთან დაკავშირებით.

„ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი, რაც გაამართლებდა ამ გადაწყვეტილებას მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი. მე მოვისმინე ის შეფასებები, რომელსაც ეფუძნება გადაწყვეტილება, თუმცა არ მომისმენია თუ რას ეფუძნება ეს შეფასებები, როდესაც ისინი მიიჩნევენ, რომ თურმე რუსეთს ვაძლიერებთ და ვასუსტებთ უკრაინას, ან რაიმენაირად ქართული საზოგადოება ხელყოფს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას.

  • დავით ზურაბიშვილი: „ამათ ძალიან ენა შეაჩვიეს - აქ დედას აგინებდნენ და იქიდან პასუხი რომ არ მოდიოდა, ეგონათ ასე გაგრძელდებოდა."

„ეს არის ის ბრალდებები, რომელსაც ჩვენ არ ვიზიარებთ. ეს არის ის შეფასებები, რომელსაც ჩვენ ვერ გავიზიარებთ. ამას სჭირდება მტკიცებულებები. იმედი გვაქვს, რომ რაღაცას მოგვცემენ, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვიფიქროთ, რომ რაიმე საფუძველი მაინც ჰქონდათ. თუმცა რომ გითხრათ, რომ ამის მოლოდინი მაქვს, მოგატყუებთ.

„კონკრეტული მაგალითები მე ელჩისგან არ მომისმენია. 40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელი გადაწყვეტილებაც მიიღო ლონდონმა",- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სანქციების მინიტორინგი

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა ტელეკომპანიები „იმედი" და „პოსტივი" დაასანქცირა. დიდი ბრიტანეთის მთავრობის ცნობით, „იმედსა" და POSTV-ის სანქციები დაუწესდათ, როგორც „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულ ორგანიზაციებს". აღნიშნულ საკითხს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ნათია თურნავა გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობით დადგენილი ნორმებისშესაბამისად.

გარდა ამისა, ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერის, ლაშა ფარულავას განცხადებით, პარტია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას გადადგომას ითხოვს.

„ნათია თურნავა 38 000 ლარის ანაზღაურებას არ იღებს სანქცირებული პირების დასაცავად. მისი მოვალეობა არის ხალხის ინტერესების დაცვა და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა. თუ იგი ვერ ან არ უპირისპირდება პოლიტიკურ ზეწოლას, მოვუწოდებთ გადადგეს.

„ადრე ხელისუფლებამ დაიცვა ოთარ ფარცხალაძე, რომელიც საერთაშორისო სანქციების ქვეშ მოექცა, ხოლო ახლა იცავს იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც, რუსული ჰიბრიდული ომის ნარატივებს ავრცელებენ", - განაცხადა ლაშა ფარულავამ.

  • რამაზ საყვარელიძე: „ეს პრაქტიკა იმას გულისხმობს, რომ თუ ანტიქართული პოლიტიკა გაგრძელდა, გამორიცხული არ არის საქართველოდან ბრიტანეთის ელჩი გაუშვან."

ამასთან, ლაშა ფარულავას განმარტებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იწყებს სანქციების აღსრულების პროცესის მონიტორინგს. მისივე თქმით, საჯაროდ დაასახელებენ ყველა იმ პირსა და კომპანიას, ვინც ფინანსურ ან სარეკლამო მხარდაჭერას გაუწევს სანქცირებულ ტელევიზიებს, და ამ ინფორმაციას მიაწვდიან როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას.

შეფასებები

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე არ გამორიცხავს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ბრიტანეთის ელჩი გარეთ უირდი საქართველოდან გაუშვას.

„მას მერე, რაც ბრიტანეთმა ქართული არხები დაასანქცირა, ბუნებრივია „ქართულმა ოცნებამ" მათთან დიალოგი მოისურვა. ეს მიღებული პრაქტიკაა, არც პირველია და სავარაუდოდ, არც უკანასკნელი. ინგლისიდან უკვე ბევრი რამე დაგროვდა, გაიხსენეთ „ბიბისის" სიუჟეტი. ამიტომ ეს პრაქტიკა იმას გულისხმობს, რომ თუ ანტიქართული პოლიტიკა გაგრძელდა, გამორიცხული არ არის საქართველოდან ბრიტანეთის ელჩი გაუშვან.

„ოპოზიციის მხრიდან განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს. დარწმუნებული ვარ ლონდონელი პოლიტიკოსები „იმედისა" და „პოსტივის" მონიტორინგში ჩართული არ არიან. დასანქცირების იდეა აქედან არის გაგზავნილი. ასე რომ, ისეთი დაბეზღება, რაც შეიძლება მომავალში გაეკეთებინათ, უკვე ქნეს", - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ „რეზონანსთან".

ანალიტიკოს დავით ზურაბიშვილის აზრით კი, ეს სანქციები რეალურად „პირველი მერცხალია" და თუ საქართველოს ხელისუფლება პოლიტიკას არ შეცვლის, „უარესი" მოხდება.

„ამ საკითხს ოპოზიციასთან არავითარი კავშირი არ აქვს. შეიძლება „ნაცმოძრაობაში" თავიანთი ამბავი აქვთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.

„რაც შეეხება ხელისუფლებას, მისი დამოკიდებულება ამ საკითხზე ყველანაირ საღ აზრს აცდენილია, ამას კიდე რბილ ფორმებში ვამბობ. ეს პოლიტიკური რეაქცია კი არა, ისტერიკაა.

„ყველაფერი დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე" და თავად ბიძინა ივანიშვილზე. თუ სიტუაციას ცოტა საღად შეაფასებს, უნდა მიხვდეს, რომ თუ დღევანდელ პოლიტიკას გააგრძელებს, აბსოლუტური კატასტროფა იქნება. თუ ამ ყველაფერს ვერ გააცნობიერებს, რა თქმა უნდა, უარესი მოხდება.

„ჩათვალეთ, რომ ტელეკომპანიების დასანქცირება პირველი მერცხალია. ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს საფრანგეთს, გერმანიას, ბრიტანეთს და სხვებს იმისათვის, რომ აქ შექმნან ძალიან სერიოზული პრობლემები. ამათ ძალიან ენა შეაჩვიეს - აქ დედას აგინებდნენ და იქიდან, რომ პასუხი არ მოდიოდა, ეგონათ ასე გაგრძელდებოდა. ჩემი აზრით, ევროპელების და ამერიკელების დამოკიდებულება აქამდე ძალიან შემწყნარებლური იყო „ოცნების" მიმართ. სრულიად წარმოუდგენელია დიპლომატიაში ისეთი ენით ლაპარაკი, როგორც ხელისუფლება საუბრობს", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა „რეზონანსთან".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×