
საქართველოსა და უკრაინის პარლამენტის თამჯდომარეები ერთმანეთს უპირისპირდებიან. ყველაფერი სოციალურ ქსელში შალვა პაპუაშვილის პოსტით დაიწყო იმის შესახებ, რომ „არც ზელენსკი და მისი მოადგილეები, არც ბრიუსელი არ იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერას, რადგან ეს არის უმადური ხალხი". ამას რუსლან სტეპანჩუკი გამოეხმაურა და დიდი გაოცება გამოხატა. ამას კვლავ საპასუხო განცხადება მოჰყვა პაპუაშვილის მხრიდან და უკრაინის პოლიტიკოსებს სიტყვა-პასუხი დაუწუნა.
თავის თავდაპირველ პოსტში შალვა პაპუაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გააკრიტიკა და უმადურობაში დასდო ბრალი.
„ის არის უმადური ადამიანი. ზელენსკი არ იჩენს მადლიერებას არც ამერიკის, არც საქართველოს მიმართ. ყველას გაგახსენებთ, ელჩი გაიწვია იმის გამო, აქედან ქართველები რატომ არ გამოუშვით ჩვენთან საომრად და დასახოცადო. ასე რომ, მადლობა თქვან, მაგრამ მაგათი მადლობა საერთო ჯამში, დიდად აღარ გვჭირდება. ჩვენ უკრაინელი ხალხისთვის ვაკეთებთ ამ ყველაფერს. ზელენსკის საბოლოო განაჩენს თავად უკრაინელი ხალხი გამოუტანს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
ამას 26 თებერვალს უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე რუსლან სტეპანჩუკი გამოეხმაურა და სოციალურ ქსელში ქართულ ენაზე დაწერა, რომ პაპუაშვილის განცხადებით გაოცებულია. მისივე თქმით, გაეროს რეზოლუციის მხარდაჭერა, არ არის ქველმოქმედება ან გმირობა, ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
- რუსლან სტეპანჩუკი: „უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს" ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები".
„გაოცებით წავიკითხე საქართველოს პარლამენტის სპიკერის, შალვა პაპუაშვილის მორიგი ბრალდება უკრაინის მხრიდან თითქოსდა „უმადურობის" შესახებ იმის გამო, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას. ამბობენ: ნათქვამი სიტყვა ხანჯალი არ არის - ქარქაშში ვეღარ ჩააგებო.
„უკრაინელები მადლიერი ერია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველას, ვინც გვეხმარება საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანის უფლებისთვის ბრძოლაში; და ჩვენ, რა თქმა უნდა, მადლიერები ვართ ქართველი ხალხის. ხალხის, რომელმაც ზუსტად იცის, რა არის ღირსება. ხალხის, რომელიც თამამად გამოდის თავისი ქალაქების მოედნებზე უკრაინის მხარდასაჭერად. ხალხის, რომელიც ქართველ მოხალისეთა ბატალიონების შემადგენლობაში მხარდამხარ იბრძვის საერთო რუსი მტრის წინააღმდეგ.
„ამ ფონზე გაეროს რეზოლუციის „მხარდაჭერა", რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეხება, ნამდვილად არ არის ქველმოქმედება ან გმირობა. ეს ელემენტარული წესიერების მინიმალური დონეა 2026 წელს.
„ამიტომ მათ, ვინც უკრაინის (რომელიც სისხლისგან იცლება სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლაში) მიმართ „უმადურობაზე" მუდმივი საყვედურებით სინამდვილეში საკუთარი ღირსების დაკარგვას ფარავს და სანაცვლოდ მდაბალ მორჩილებას ავლენს, მინდა შევახსენო დიდი ქართველი ფილოსოფოსის, მერაბ მამარდაშვილის სიტყვები: „არ არსებობს არც ადამიანის თავისუფლების ფორმულა და არც წამალი ადამიანური იდიოტიზმისგან. პოლიტიკური ეფექტურობა - არ არის მთავარი. მთავარია - თავისუფლება".
„და ბოლოს: უკრაინას არ სჭირდება დარიგებები იმ მორალისტებისგან, რომლებიც „რუსული სამყაროს" ნარატივების რეტრანსლატორებად გვევლინებიან. უკრაინას სჭირდება ნამდვილი მოკავშირეები - ისინი, ვისაც ესმის: რაშისტულ ბოროტებასთან ბრძოლაში კომპლიმენტებს კი არ ითვლიან, არამედ აფასებენ პოზიციასა და მხარდაჭერას", - განაცხადა სტეპანჩუკმა.
ამას პაპუაშვილის პასუხის პასუხი მოჰყვა:
„ძვირფასო რუსლან, მართალია, სიტყვას აწონვა და ისე თქმა უნდა.
„აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც უკრაინაში საქართველოს ელჩი ფაქტობრივად გამოაძევა, რაც დღემდე ასე რჩება. ელჩი, რომელიც ბომბების ქვეშ მყოფ კიევში ბოლომდე დარჩა მაშინაც კი, როცა ყველა სხვა ქვეყანამ საელჩო დაკეტა და კიევი მიატოვა.
„აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საქართველოში უკრაინის ელჩი გაიწვია იმ მოტივით, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა სახელმწიფო მობილიზებით უკრაინაში მოხალისეების გაშვებაზე და ომში პირდაპირ ჩაბმაზე.
„აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ განცხადებას, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას სააკაშვილის წამება და მოკვლის მცდელობა დააბრალა. ისევე როგორც აწონვა სჭირდებოდა მის მანამდელ გადაწყვეტილებას, თავისთან შეეფარებინა ქართველი დიქტატორი.
„აწონვა უნდოდა პრეზიდენტ ზელენსკის იმ გადაწყვეტილებასაც, რომლითაც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ხელისუფლების წევრები არასასურველ პირებად გამოაცხადა მაშინ, როცა სწორედ ამ ხელისუფლებამ ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი შეიფარა და მათ უსაფრთხო თავშესაფარი მისცა.
„აწონვა უნდოდა უკრაინის სხვადასხვა დელეგაციის მიერ საერთაშორისო ფორუმებზე ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუციების და გადაწყვეტილებების მხარდაჭერას. არადა სწორედ საპირისპირო ქცევა იქნებოდა ის, რასაც თქვენ წესიერებას უწოდებთ და რასაც ქართული დელეგაციები უკრაინასთან მიმართებით შეხსენების გარეშეც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ გადახედავდით გაეროს რეზოლუციაზე ვინ მიჰყვა თქვენს მიერ ნახსენებ წესიერების სტანდარტს.
- შალვა პაპუაშვილი: „უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა."
„და ბოლოს, აწონვა უნდოდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებსაც, რომლითაც საქართველოს ომში ჩართვისკენ პირდაპირ მოუწოდებდნენ.
„ამიტომ, დიახ, უკრაინის ხელისუფლებას ყოველ ჯერზე რომ აეწონა საკუთარი სიტყვები და ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, არც ჩემი შეფასება და არც თქვენი პასუხი საჭირო არ იქნებოდა.
„საქართველოს გამორჩეული სოლიდარობა აქვს უკრაინელი ხალხის მიმართ იმ ისტორიული გამოცდილების გამო, რომელიც ჩვენ თავადაც გამოვიარეთ და რომელიც ჯერ არ დასრულებულა.
„სწორედ იმიტომ, რომ ჩვენც ჯერ კიდევ ბრძოლაში ვართ, ჩვენც ყველა უცხოური ხელისუფლებისგან ველით სიტყვების ზუსტად ისევე აწონვას საქართველოსთან დაკავშირებით, როგორსაც თქვენ ელით. უკრაინის ხელისუფლება აქ გამონაკლისი ვერ იქნება.
„მეგობრობის საპასუხოდ თავდასხმა და ცილისწამება ვერც ღირსებად და ვერც მადლიერებად ვერ ჩაითვლება. მეგობრობა ორმხრივია და ამ მეგობრობაში საქართველო პირნათელია", - წერს პაპუაშვილი.
შეფასებები
ანალიტიკოსოს, არჩილ გამზარდიას შეფასებით, ხელისუფლება სახელმწიფოებრივ პოზიციას არ აფიქსირებს.
„უპირველეს ყოვლისა სამწუხარო რაც არის, ჩვენთან უმაღლესი თანამდედობის პირები ძალიან ვიწრო, ინდივიდუალური შეხედულებებით გამოდიან, ვიდრე სახელმწიფოებრივი შეგნებით. რას ნიშნავს ქვეყნის მხარდაჭერა ან პირიქით? ეს არის, როცა სახელმწიფო ხედავს, ვინ არის რაღაც პროცესში მართალი. საქართველო რისი ღირსია - ამ კითხვის ფორმულირებას თუ გავაკეთებთ, უნდა გამოვიდეთ არა თანამდებების პირების პერსონალური ურთიერთობებიდან, არამედ იქიდან გამომდინარე უნდა ვისაუბროთ, რამდენად მართალია ეს სახელმწიფო ამ ომში.
„უკრაინა მხარდაჭერის ღირსი ნებისმიერ შემთხვევაშია, რადგან ამ ომში ის მართალია და მას ებრძვის ის ძალა, რომელიც ჩვენც გვებრძოდა - ორივე ვართ რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლი. ეს არის ამოსავალი წერტილი და როცა პოლიტიკოსი ამას ვერ გრძნობს, ესე იგი მისი პოლიტიკური ინტელექტი ძალიან დაბალ დონეზეა.
„ხელისუფლების ვიწრო შეხედულებები ჩვენთან ხდება სახელმწიფოს აღქმის საფუძველი. სამწუხაროდ, ხშირად ეს აღიქმება, როგორც ქვეყნის პოზიცია. იმედია ეს ასე არ იქნება", - განაცხადა არჩილ გამზარდიამ „რეზონანსთან".
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის აზრით კი, მათ სურთ უკრაინასა და საქართველოს შორის შუღლი ჩამოაგდონ.
„მართმადიდებლობაში ერთ-ერთი დიდი ცოდვა უმადურობაა. საქართველომ უანგარო დახმარება გაუწია უკრაინას. იქ კიდევ ანტიუკრაინული ძალაა, რადგან ცდილობს ყოველ წამს ქართველებსა და უკრაინელებს შორის შუღლი ჩამოაგდოს. ამის დასტურია უკრაინის რადას თავმჯდომარის წერილი, სადაც ცდილობს ბრალო დასდოს საქართველოს.
„ჩვენ ასეთი ანდაზა გვაქვს - კაცი ცხენს ვერ მოერია და უნაგირს დაუწყო მტვრევაო. ამ ვაჟბატონებს უნდათ საქართველო უნაგირის როლში გამოიყვანონ, მაგრამ არ გაუვათ", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".